ყველაზე პოპულარული “მკვლელი წამლების” სია

ყველა ოჯახში არსებობს ე.წ. “ოჯახის აფთიაქი”, რომელშიც უამრავი წამალი ინახება. მათ რიცხვში აუცილებლად შედის სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, სურდოს სამკურნალო წამლები და რამდენიმე სახის ანტიბიოტიკი. სამწუხაროდ, ავად ყოფნის დროს, იმის ნაცვლად, რომ ექიმთან მივიდეს, ადამიანების უმეტესობა თვითმკურნალობას მიმართავს. სწორედ, ასეთ დროს, ერთი შეხედვით, ნაცნობმა და მრავალგზის ნაცადმა წამლებმა, შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას.

თვითმკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი – ტკივილგამაყუჩებელი წამლების მიღებაა. თავის ტკივილის დროს, ადამიანები ხშირად სვამენ ანალგინს, ციტრამონს ან რაიმე კომბინირებულ საშუალებას. ამასთან, ერთი აბის მიღებისთანავე, თუ ტკივილი არ გაქრა, ადამიანების უმეტესობა კიდევ ერთ აბს სვამს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავის ტკივილი ყველაზე განსხვავებული მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორისაა: შაკიკი, ჰიპერტონია ან სულაც სამწვერა ნერვის ანთება. ზემოთ ჩამოთვლილი, ყველა მიზეზი განსაკუთრებულ მკურნალობას საჭიროებს, მაგრამ ადამიანების უმეტესობას “ურჩევია”, უბრალოდ, დაივიწყოს ტკივილი. ექიმების მტკიცებით, არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი წამლების მიღება მუცლის ტკივილის დროს, რადგან იგი შეიძლება, აპენდიციტის მომასწავებელ ერთგვარ სიგნალს წარმოადგენდეს.

ყველაზე პოპულარული მკვლელები

წამალი ხშამისგან მხოლოდ დოზირებით განსხვავდება – ამ ოქროს წესს, სამწუხაროდ ძალიან ცოტა ადამიანი თუ ითვალისწინებს. ავიღოთ მაგალითისთვის ასპირინი. მას ხშირად, ტკივილგამაყუჩებელ ან სიცხის დამწევ საშუალებად იყენებენ. ხშირად, საშუალო ასაკის ადამიანები მას სისხლის გამათხელებელ საშუალებათაც იყენებენ, თრომბოზის თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ასპირინი კუჭისთვის ძალიან საზიანოა. მისმა დიდი დოზით და ხანგრძლივმა მოხმარებამ შესაძლოა, გასტრიტი ან კუჭის წყლული გამოიწვიოს, ასევე შინაგანი სისხლდენის მიზეზად იქცეს. აღსანიშნავია, რომ თრომბოზის პროფილაქტიკის დროს, ექიმები პაციენტებს სპეციალურ ასპირინს უნიშნავენ, რომელიც კუჭს დაზიანებისგან იცავს.

პარაცეტამოლი, რომელსაც ყველა ოჯახში სიცხის დამწევ საშუალებად იყენებენ უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე. დასავლეთში, პარაცეტამოლს მხოლოდ 14 წლამდე ბავშვებს უნიშნავენ, რადგან რეკომენდირებულ დოზებში იგი ბავშვებისთვის არაა საზიანო. აღსანიშნავია, რომ პარაცეტამოლს

თითქმის, ყველა სურდოს საწინააღმდეგო წამალი შეიცავს, ამიტომ მათი მიღებისას საკმაო სიფრთხილე გვმართებს. ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დიდი დოზებით მიღებული ნებისმიერი წამალი საშიშია. მაგალითად, ორი-სამი დღის განმავლობაში, ერთი შეხედვით, უსაფრთხო ვალერიანის მიღებამ შესაძლოა, გულის მუშაობის პრობლემები გამოიწვიოს, განსაკუთრებით, თუ ადამიანი დაბალი წნევის მატარებელია. ჩვეულებრივი სურდოს სამკურნალო პრეპარატების, მაგალითად, ნაფტიზინის მოხმარებამ, შეიძლება ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება გამოიწვიოს, რასაც ქრონიკულ სურდომდე ან ყნოსვის დაკარგვამდე მივყავართ. უსიამოვნოდ შეიძლება დასრულდეს თვალის წვეთების ბოროტად გამოყენებაც. სწორედ ამიტომ, ინსტრუქციაში ყოველთვის მითითებულია, რომ მათი გამოყენება შეიძლება არაუმეტეს ხუთი დღისა.

ზიანის მომტანია ასევე, პოპულარული წამალი ლევომიციტინი, რომლის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი სახსრების და ძვლების დაავადებებია. კიდევ ერთი, სახიფათო პრეპარატია კორვალოლი, რომლის შემცველობაში არსებული ფენობარბიტალი მიჩვევას იწვევს. “შხამად” შესაძლოა იქცეს ჩვეულებრივი ვიტამინებიც კი. თუკი მათ ძალიან ხშირად ან არასწორად მივიღებთ. მაგალითად, D ვიტამინის ბოროტად გამოყენებამ, შეიძლება ორგანიზმში კენჭების წარმოქმნის პროვოცირება მოახდინოს. რა თქმა უდა, არ არსებობს იმის 100%-იანი ალბათობა, რომ ზემოთ ჩამოთვლილმა წამლებმა მაინცდამაინც თქვენზე მოახინოს ნეგატიური გავლენა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობაზე ძვირი, მხოლოდ მისი მკურნალობაა.

წყარო: ამბები.ჯი 

კომენტარები

სხვა სიახლეები