ყველაზე ემოციური ამონარიდები სპექტაკლებიდან

“მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ, ბოლოს ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს, ყველაზე მახინჯს ამოვარჩევთ და ისე გეწებება ეს ოხერი კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან, მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგწევს ამისი ძალა და რომ რატომ, რისთვის?! ადამიანს ხომ სინაზის, სიყვარულის უდიდესი მარაგი აქვს დაგუბებული მკერდში… აი სად მოვახერხეთ ამის ჩატკეპნა, რომელ სარდაფებში გამოვამწყვდიეთ, ღმერთო“… – „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“.
“შენ მიერ მოწამლული ლეკვები ერთ წელიწადში ადამიანებად ვაქციე. ყოველღამ ვახვედრებდი ტყეში, ვამეგობრებდი და ვაყვარებდი ერთმანეთს!.. ბაზიერი მართალი იყო, შავთვალა მიმინოს კლავენ, შენც დროზე უნდა მოგეკალი… ბაზიერნო!.. თქვენ, ვინც დაივიწყეთ და ფეხქვეშ გაითელეთ, ყველაზე წმინდა – სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე, თავგანწირვა, ვინც გაივერანეთ საკუთარი სულის მინდვრები, მძულხართ და მეცოდებით!.. არ გაპატიებთ საყვარელი გოგონას სულის დასახიჩრებას, არ გაპატიებთ იონას თვითმკვლელობას და არც თქვენს მოკლულ კაცობას ვაპტიებ მას, ვისაც თქვენ პატრონს უწოდებთ!.. მე თქვენთან დავრჩი, რათა შური მეძია და მე ვიძიე შური!.. შავთვალა არ თვინიერდება, ბაზიერნო!.. თუ გაიგონე, პატრონო შორი აფეთქების ხმა?!. ეს შენი იარაღის საწყობი აფეთქდა!.. სუნი თუ გცემს კვამლის?.. ეს შენი მიმინოების დარბაზი იწვის!.. ყვირილი თუ გესმის ბებერი მეწამულასი?!. ყველა მიმინოს თოკი გადაჭრილია… გესმის მათი ფრთების შხუილი?.. არ გიკვირს, რა უეცრად დაბნელდა ამ გამთენიისას?.. შენი მიმინოების ჯარმა დაფარა მზე!.. ცნობ მეწამულას ფრთების სიმღერას?!. შენი საპანაშვიდო ზარია, პატრონო!.. დღეს მე მომკლავენ, მაგრამ გლოვის ზარი შენზე რეკავს, შენზე, უდღეურო ტირანო!.. ჩემმა გამოზრდილმა ბავშვებმა გააკეთეს ეს, იმ ბავშვებმა, შენ რომ მანდე და ჩამაბრე!.. – „ათვინიერებენ მიმინოს“
“იცი, სად გიპოვეთ? გარიჟრაჟზე, თეთრი იასამნით გადაპენტილ ბაღში! ცრიდა!.. ცალი ხელი მოგლეჯილი გქონდა, ორი რაჟოკი მთლიანად დაცლილი, ბოლო ვაზნამდე! ათ ნაბიჯში ლამაზი აფხაზი ბიჭი იწვა წელში გადაცხრილული… იქით კიდევ თენგო და ორი კაზაკი… დიდ, სველ იასამნის ბუჩქზე იყავი გადაწოლილი… და ის თეთრი იასამანი შენი სისხლით იყო შავად შეღებილი!” – „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“.
“მავანი და მავანი, იტყვის არის თავანი, ჩასაბარებელია, რკინის ცივი საგანი! ჩასაბარებელია, ჩვენგან ამას ელიან, მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი?! ჩასაბარებელია, ჩვენგან ამას ელიან, მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი! გაზაფხულის ქარია, გულო დარდთან ნაფიცო! რა კარგი სიზმარია, დედა, არ გამაღვიძო! გაზაფხულის ქარია, ქვეყანას უხარია, რა კარგი სიზმარია, დედა არ გამაღვიძო! მერე რა რომ სველია, სველი იასამანი?! – „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“.

კომენტარები

სხვა სიახლეები