ღვაწლმოსილი ქორეოგრაფი, ლალი პაპიჯანოვი 80 წლისაა

ქალბატონი ლალი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ემსახურება ხელოვნებას, გახლდათ ანსამბლ „ციცინათელას“ მოცეკვავე, ცეკვავდა დუეტში „ქართულს“, „აჭარულს“ ქალაქის კოლორიტებთან – გელა კაპანაძესთან და გივი ციმაკურიძესთან ერთად; ასრულებდა ქალის სოლო პარტიას ფარიკაობაში; მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა გოგონათა ანსამბლს „მერცხალი“.
ქალბატონ ლალის ცხოვრებაში უამრავი ღონისძიებებით, წარმატებებით, მოგზაურობებით და თავგადასავლებით იყო დატვირთული.
ცეკვა ქართულის საუკეთესოდ შესრულებისათვის მიღებული აქვს პირველი და მეორე ადგილები, ოქროს მედალი, სიგელები. სხვადასხვა დროს გახლდათ იმდროინდელი კულტურის სახლის საბავშვო სექტორის გამგე და სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით სასახლეში ფუნქციონირებდა მომღერალთა გუნდი (ხელმძღვანელი მანანა სულაბერიძე).
ჩატარებული აქვს რამდენიმე საავტორო და ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი (პედაგოგები, ექიმები, მაღაროელები და ხელოვნების მუშაკები) მიძღვნილი ღონისძიებები.
ქალბატონი ლალი დღეს ჩვეული პასუხისმგებლობით განაგრძობს მუშაობას და მისივე ნამოწაფარ როინ ასანიძესთან ერთად ხელმძღვანელობს ანსამბლს „ციცინათელა“-ს , რომელმაც მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ღირსეულად შექმნა ქართული ცეკვის კულტურული ცხოვრების მატიანე.

ლალი პაპიჯანოვი : 
60 წელია ვემსახურები  „ქართულ ცეკვას“ 
რა საქმესაც აირჩევს ადამიანი იმ საქმის ერთგული უნდა იყოს. 
 

პირველი ცეკვა …
გუშინდელი დღესავით მახსოვს პირველად რომ ვიცეკვე, მე-9 კლასში ვიყავი. საჩხერეში ვსწავლობდი მე 2 საშუალო სკოლაში.
მსოფლიო ფესტივალი ტარდებოდა თბილისში. თბილისიდან ჩამოსულმა ქორეოგრაფებმა  სკოლებიდან აარჩიეს ბავშვები, რომელთა შორის მოვხვდი მეც.
აკაკი ურუშაძე იყო ჩვენი გუნდის ხელმძღვანელი.
როცა პროფესიას ირჩევ, თუ მოგწონს ეს პროფესია და რეალიზებას ახდენ საკუთარი თავისას, მერე თავისთვად ხდება ცხოვრების წესი და მთლიანად შენს პროფესიას უნდა მოარგო შენი ცხოვრება.

ცეკვა ქართული…
ჩემთვის ყოველთვის გამორჩეულად საყვარელი იყო ცეკვა „ქართული“ , როდესაც დავამთავრებდი ცეკვას, ტაშის ხმა გამომაფხიზლებდა ხოლმე, იმდენად ვიყავი ჩართული ცეკვაში. აჭარულში, მთიულურში, ფარიკაობაში სოლო მქონდა ყოველთვის, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან შესრულების სტილით, მანერით, სხვანაირი ღია ემოციაა საჭირო.
როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი…
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ანსამბლს ხელმძღვანელობ.
როცა შენი ანსამბლი მიგყავს სადმე და სხვამ უნდა ნახოს შენი ნამუშევარი, მითუმეტეს საზღვარგარეთ შენ უნდა აჩვენო ქვეყნის სახე და ტრადიციები,
წესრიგი სილამაზე და პროფესიონალიზმი უნდა აჩვენოს ანსამბლმა.
ანსამბლში ბავშვების შერჩევა ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს.
პირველ კურსზე რომ შემოდიან ბავშვები, შეიძლება ისეთი კურიოზები მოხდეს, რომ  გგონია ეს ბავშვი ვერაფერს ვერ ისწავლის და ამავე დროს შეიძლება ამ ბავშვმა ყველას აჯობოს. ამიტომ მე წინასწარ არ გამომაქვს დასკვნები.

რას ურჩევდით ახალგაზრდა თაობას…
ვურჩევდი ყველა ხელმძღვანელს, რომ პირველ რიგში არ დაკარგონ ძველი ტრადიციები.
ქორეოგრაფიის განვითარებასთან ერთად აუცილებელია ასევე ძირეულის ცონდა ძალიან კარგად, სხვაგვარად ვერც განავითარებ მას.
„შენ ხარ ვენახი“ რომ არის საგალობელი, შეაქვთ რაიმე შესწორება? „ჩაკრულოში“ შეიტანეს რამე შესწორება? მაგრამ გაფრინდა კოსმოსში. სწორედ ამას ვურჩევ მომავალ თაობას, რომ შეინარჩუნონ ტრადიციები.
წარმატების საიდუმლო…
ჩემი საიდუმლო რა არის იცით? ბავშვებთან ვარ ისეთი როგორიც იყო ჩემი კოწო მასწავლებელი, ყველა ბავშვს ვინც ჩემთან მოდის ვექცევი ისე როგორც საკუთარ მეგობარს, ბავშვი რომ მოვა გაკვეთილზე, უნდა იცოდეს რომ ის რაღაცა ახალს აუცილებლად ისწავლის. პირველ რიგში ბავშვი უნდა დააინტერესეო და შეასწავლო და შეაყვარო ცეკვა. თუ არ შეუყვარდა, ის არ ისწავლის ცეკვას და ამიტომ ვაყვარებთ მას ვაინტერესებთ, და ვუნაწილებთ ცოდნას როგორც საიდუმლოს.
ძალიან მიხარია ხოლმე, როცა ძველი მოსწავლეები მირეკავენ და მეუბნებიან რომ მე მათ ცხოვრება გავულამაზე, რომ მე მათ სიარული ვასწავლე. ეს ძალიან გულისამაჩუყებელი და საამაყოა ამავე დროს.
ყველას ვუსურვებ რომ თავისი არჩეული საქმეს მიჰყვეს ბოლომდე.
მე 60 წელია ვემსახურები  „ქართულ ცეკვას“
რა საქმესაც აირჩევს ადამიანი იმ საქმის ერთგული უნდა იყოს.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები