ქუთაისელმა ახალგაზრდებმა დიაბეტიანებისთვის უნიკალური პროდუქტი შექმნეს

ქუთაისელი ახალგაზრდები, ნიკოლოზ წერეთლის სკოლის მოსწავლე მარიამ ერაძე და მისი მეწყვილე გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთი უნიკალური პროექტის ავტორები გახდნენ – მათ დიაბეტით დაავადებულთათვის სრულიად ინოვაციური და ჯანსაღი პროდუქტი შექმნეს, რძისა და პურის სახით. მას პროექტის ავტორები “ცოცხალ საკვებს” უწოდებენ. პროექტით ახალგაზრდა მკვლევარები სულ მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. მოსწავლეები პროექტ „ცოცხალ საკვებზე“ რამდენიმე თვე მუშაობდნენ და ხანგრძლივი დაკვირვების, ლაბორატორიული ცდებისა და ანალიზის შემდეგ ინოვაციური პროექტი შესთავაზეს საზოგადოებას. საბოლოოდ, ახალგაზრდა მეცნიერებმა შექმნეს საკვები პროდუქტი სოიოს რძის, სოიოს გამონაწნეხის, მისი სხვა პროდუქტების და პურის სახით. ​დიეტური პროდუქტების შესაქმნელად, საქართველოს მდიდარი ბიორესურსებიდან მარიამმა და გიორგიმ მხოლოდ ქართული კულტურები შეარჩიეს: დაბალგლიკემიური სოიო, ამარანტი, ოსპი და ტოპინამბური.
ამარანტი უნიკალურ ნივთიერებას ანტიოქსიდანტ – სკვალენს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე. ​ სწორედ ამ განსაკუთრებული ნედლეულის გამოყენებით დაიწყეს ახალგაზრდებმა ხანგრძლივი კვლევები, რომ საბოლოო ჯამში, სრულიად ახალი პროდუქტი მიეღოთ. პროექტზე მუშაობისას და მარცვლეულის გაღვივებისასაც მხოლოდ ქართული მინერალური წყალი იქნება შერჩეული. ნიშანდობლივია ისიც, რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებულ პურში გლიკემიური ინდექსი 28 ერთეულს შეადგენს, მაშინ, როდესაც დიაბეტით დაავადებულთათვის მისაღებია 40-ზე დაბალი მაჩვენებელი. საქართველოს ბაზარზე კი ისეთ პურ-პროდუქტები იწარმოება, რომლის მაჩვენებელიც აღემატება ახალ მაჩვენებელს. ​
მუშაობის შედეგად, პროექტის ავტორებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით, ქართული კულტურებისა და ნედლეულის გამოყენებით, სრულიად ახალი, ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ე.წ. „ცოცხალი საკვები“ მიიღეს. ამ აღმოჩენისა და კვლევების შედეგად, ახალგაზრდებმა პროექტი რამდენიმე კონკურსზეც წარადგინეს. გასულ წელს, ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე, მათ ოქროს მედალი მოიპოვეს, ხოლო ლეონარდო დავინჩის ოლიმპიადაზე ახალგაზრდა მეცნიერები ასევე საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ და სულ მალე ისინი ინტექსის ოლიმპიადაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

წყარო:http://fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები