ქრისტინე იმედაძე ქართველი მილიონერის ვაჟს გაუმიჯნურდა – რა პირობა გატეხა თოშა ქებურიამ

ქართველი მილიონერისა და ქველმოქმედის ბუბა ქებურიას ვაჟი, თორნიკე, ანუ თოშა, დიდი ხანია, ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოექცა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თოშა სიმპათიური ბიჭია, უამრავი საინტერესო გატაცება აქვს, პირველ რიგში კი მანქანებისა და მოტოციკლების სიყვარული და ამ ყველაფერთან ერთად, ოჯახის ფინანსური სიძლიერიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ მიიჩნევა.

ძალიან უყვარს რისკი და სიამოვნებს, ამიტომაც გადაწყვიტა, თავის დროზე მამისთვის მიცემული პირობა გაეტეხა და მოტოციკლზე დამჯდარიყო, შემდეგ კი შეჯიბრებებში მონაწილეობა და საქართველოს ჩემპიონობა დაესახა მიზნად. როგორც ერთ-ერთი პრესტიჟული სამანქანო ბრენდის, ქართულ ”ფეისბუქ” გვერდთან ინტერვიუში ამბობს, ”ბავშვობაში სპორტზე დავდიოდი, მაგრამ უმატორო სპორტზე, ანუ ცურავსა და რაგბიზე. ცურვაზე 7-8 წლიდან, რაგბიზე კი 14-15 წლიდან.

მამაჩემი, ასე ვთქვათ, არასპორტული კაცია, ბიზნესში ჩართული. მისთვის სპორტი რისკია, რისკი კი – ცუდია. ჩემთვის კი რისკი სიამოვნებაა. ბავშვობიდან გარიგება მქონდა, ყველაფერი გექნება, ოღონდ მოტოზე არ გნახოთო. ეს სიტყვა გავტეხე. აი, როგორც ხედავთ, აქ ვარ”.

თოშა დასთან, დიზაინერ ლიკა, ანუ რია ქებურიასთან ერთად, 20 წლის ასაკში საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, თუმცა შემდეგ თბილისში დაბრუნდა. როგორც თავად ამბობს, ბაიკერი არ იყო, მაგრამ ამ სფეროში ჩართული ადამიანების გაცნობის შემდეგ, ძალიან დაინტერესდა და ბაიკერი გახდა. დღეს ყოველდღე არა, მაგრამ ყოველ მეორე დღეს ბაიკზე ზის. ”სტრესია, უკან რომ მოგყვებიან, რომ დაგდევენ, მაგრამ ფინიშზე პირველობა სასიამოვნოა, მაგარი ხარ და პირველი ხარ. მე საქართველოს ჩემპიონობისთვის ვიბრძვი”, – ამბობდა თოშა 2014 წლის სექტემბერში მოტომრბოლელთა შეჯიბრების წინ.

Rating

სანამ მოტორბოლა გაიტაცებდა, თოშა ქართული საზოგადოებისთვის იმით გახდა ცნობილი, რომ მსოფლიო მედიაც კი გააოცა. ორიოდ წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც 460 000 ევროდ ღირებული ”ლამბორგინი” ხან ამსტერდამშია ველოსიპედის სავალ ნაწილზე არასწორად მიპარკინგებული, ხან კი პარიზში, ეიფელის კოშკთან. როგორც კი გავრცელდა ხმა, რომ ძვირად ღირებული და ”პარკირებაში დაოსტატებული” მანქანის მფლობელი ქართველი იყო, ”კვირის პალიტრა” თოშას დაუკავშირდა.

ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამჟამად თბილისში იმყოფებოდა და შესაძლოა, მისი მანქანით სხვა დადიოდა, თუმცა არასწორ პარკირებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა. ჟურნალისტის კითხვაზე, მოსდის თუ არა სოლიდური ჯარიმები ასეთი დარღვევებისთვის, თორნიკემ უპასუხა: ”დარღვევის ჯარიმა თბილისში მომდის, რამდენიმე ხანი უნდა მოსვლას. ჯარიმა რამდენი მოდის არ ვიცი და არც მაინტერესებს”.

ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სამ ქვეყანაში, საფრანგეთში, რუსეთსა და საქართველოში პრესტიჟული სასტუმროები და რესტორნები აქვს. ოფიციალური მილიონერი გახლავთ, თუმცა დიდ თანხებს ხარჯავს ქველმოქმედებისთვის. მისი მონაწილეობით ქართველებისთვის პარიზში წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია აშენდა. საზოგადოებისთვის უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილი თორნიკესა და დიზაინერ ლიკა ქებურიას გარდა, ბიზნესმენს მესამე შვილიც ჰყავს, გიორგი, რომლის შესახებ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია არსებობს.

რიას შესახებ ”რეიტინგს” ადრეც დაუწერია. ის უკრაინასა და რუსეთში საკმაოდ ცნობილი დიზაინერია. რიას განსაკუთრებულ სტილს ხშირად უსვამენ ხაზს. ლიკამ, ანუ რიამ, ”რუსული სილუეტის” კონკურსში გაიმარჯვა, გამოდიოდა ქართულ კონკურს ”ბი ნექსთზეც”, კოლექციებს თბილისის მოდის კვირეულზეც აჩვენებს. პირველი კოლექცია კი კიევში მოდის კვირეულზე წარადგინა. ლიკა საფრანგეთში ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე წლის წინ თბილისში თავის სიყვარულს შეხვდა, მსახიობ ჯაბა კილაძეს. მათი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა, მოგვიანებით ლიკამ ინტერვიუში აღიარა, რომ მისი რომანის შესახებ ოჯახმა ქართული პრესიდან შეიტყო, თავად კარგად არ იყო გარკვეული გრძნობებში და საფრანგეთში დაბრუნება ამჯობინა, თანაც, ოჯახს ჯაბა სასიძოდ არ მოეწონა.

როგორც ჩანს, ოჯახი შვილების პირად ცხოვრებას უყურადღებოდ არ ტოვებს. ამბობენ, რომ თორნიკე ქებურიას არცთუ მწირი გამოცდილება აქვს სასიყვარულო ფრონტზე. ბოლო დრომდე აკავშირებდა ურთიერთობა ერთ-ერთი ”მის საქართველოს” დასთან, რომლის ვინაობასაც, რასაკვირველია, შეგნებულად არ დავასახელებთ, თუმცა ოჯახს სარძლო არ მოსწონდა და როგორც ჩანს, თოშამაც ისურვა ამ ურთიერთობის დასრულება. სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში გამოჩნდა ახალი ინტერესის ობიექტი, მომღერალი ქრისტინე იმედაძე.

ქრისტინე წლების წინ დაოჯახდა ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიაზე. წყვილს ერთი შვილი, გოგონა, ტაისია შეეძინა, თუმცა მალევე დაშორდნენ ერთმანეთს. განშორების მიზეზებზე საუბარს მომღერალი მუდამ ერიდება და არც პირადულზე საუბარი უყვარს. მხოლოდ ერთხელ ”პროფილში” ისაუბრა ბავშვობის დროინდელ სიყვარულზე, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, მისი შეყვარებული გარდაიცვალა. მეუღლის შესახებ კი ყოველთვის მწირად ან სულაც არ ლაპარაკობს. ტაისიას მარტო ზრდის და მასთან ერთად ხშირად ჩნდება თავშეყრის ადგილებზე.

ქრისტინე ამ ბოლო დროს საგრძნობლად გალამაზდა და შესანიშნავ ფორმაშია, რაშიც მუდმივი ვარჯიშიც ეხმარება. მცირე ხნის წინ მეგობართან, ცნობილ სტილისტ მიშა გასიტაშვილთან ერთად საფრანგეთში იმოგზაურა, კერძოდ, პარიზში, დაბადების დღე კი მონტე-კარლოში აღნიშნა. გავრცელდა ხმა, რომ ეს მოგზაურობა მას დაბადების დღის საჩუქრად ახალმა მიჯნურმა, თოშა ქებურიამ მოუწყო. ის ფოტოებზე არ ჩანს და არც გამოჩნდებოდა, მაგრამ ჭორების მიხედვით, მათი რომანი სულ ახალი დაწყებულია და რაც მთავარია, ქრისტინე ძალიან მოსწონს სასიძოს ოჯახს. ასე რომ, შესაძლებელია, სულ მალე მომღერალმა სასურველი სასიძოდან რამდენიმე წლით მასზე უფროსი თოშა ქებურია სასურველ მეუღლედ გადააქციოს.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები