ფრანგი ჟიზელ პელიკო, რომელიც დღეს ბევრისთვის გამბედაობისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა, ავტობიოგრაფიულ წიგნს აქვეყნებს, სადაც 30 წლის განმავლობაში მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ჰყვება.
წიგნის სათაურია — „ჰიმნი სიცოცხლეს: სირცხვილმა მხარე უნდა შეიცვალოს“. ავტორი ამით ხაზს უსვამს, რომ სირცხვილის ტვირთი მსხვერპლზე არ უნდა გადავიდეს.
ჟიზელ პელიკო იხსენებს 50-წლიან ქორწინებას დომინიკ პელიკოსთან. Mirror-ის მასალაში აღნიშნულია, რომ დომინიკ პელიკოს 2024 წლის დეკემბერში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმის მასალების მიხედვით, ის მეუღლეს მედიკამენტებით უგონო მდგომარეობაში აგდებდა და მათ ოჯახურ საძინებელში 50-ზე მეტ კაცს იწვევდა, რომლებიც მის უგონო მდგომარეობას სექსუალური ძალადობის ჩასადენად იყენებდნენ.
წიგნში ჟიზელი ასევე აღწერს, როგორ აისახა ეს ყველაფერი მის ჯანმრთელობაზე. მისი თქმით, ქორწინების ბოლო წლებში დაეწყო მეხსიერების დარღვევის ეპიზოდები, საგრძნობლად დაიკლო წონაში და შეექმნა გინეკოლოგიური პრობლემები. ერთ დილას ქმარს დაურეკა და უთხრა, რომ გრძნობდა, თითქოს „წყლები დაეღვარა“. ქმარმა ეს სიმპტომი ირონიით მიიღო და ხუმრობით უპასუხა: „დღის განმავლობაში რას აკეთებდი?“
მისი მონათხრობით, ათი წლის განმავლობაში არაერთი სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა — სისხლის ანალიზები, სხვადასხვა კვლევა, მკურნალობის კურსები და ნევროლოგიური ტესტებიც. ამ პერიოდში დომინიკი თითქოს მის გვერდით იდგა. „მან ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ იცოდა და დუმდა,“ — წერს ჟიზელი.
ამ პერიოდში, როგორც ის იხსენებს, ქმრის შესაძლო მონაწილეობა საერთოდ არ გაუვლია აზრად. ერთხელ, რთხელ, ხუმრობით უთქვამს კიდეც: ხომ არ მაბრუებ წამლებითო. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ერთ დილით ქალმა ვერ გაიხსენა იმ დღეს როცა ვერ იხსენებდა,სახლიდან იყო გასულიყო თუ – არა. დომინიკ პელიკო ატირდა, რის შემდეგაც ჟიზელს დანაშაულის გრძნობა დაეუფლა — ეგონა, რომ ქმარი უსაფუძვლოდ დაადანაშაულა.
სინამდვილეში კი, Mirror-ის აღწერით, ძალადობა ამის შემდეგ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდა.
შემდგომში ჟიზელ პელიკოს დაუდგინდა პაპილომავირუსი (HPV) — ვირუსთა ჯგუფი, რომელიც შესაძლოა ონკოლოგიურ რისკებთან იყოს დაკავშირებული. საშვილოსნოს ყელზე პათოლოგიური უჯრედების აღმოჩენის შემდეგ ბიოფსია ჩაუტარდა და საჭირო გახდა ორგანოს ნაწილის ქირურგიული ჩარევით მოცილებაც. ქალი კიდევ ერთ ეპიზოდს იხსენებს — როცა კბილის გვირგვინი მოსძვრა და მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ძალადობის დროს მიღებულ დაზიანებას უკავშირდებოდა.
ჟიზელ პელიკო ხაზს უსვამს, რომ წიგნის მიზანი მხოლოდ პირადი ისტორიის მოყოლა არ არის — მას სურს, დისკუსიის ცენტრში მსხვერპლი კი არ დარჩეს, არამედ დამნაშავე და ის სისტემაც, რომელიც ხშირად სიჩუმეს ამჯობინებს.