ქეთათო: როდესაც ოკუპაციას, აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებლად არ უნდა მოგვევლინო

“როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებლად არ უნდა მოგვევლინო”, – ამის შესახებ ქეთათო პოპიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენების გამო აკრიტიკებს.
“ირაკლის მუსიკა თავისი მასშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებით მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლიტ, თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარმიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების. როდესაც ქვეყანაში ვითარება იძაბება და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სადაც პოლიტ. რყევების ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია, ყველას უნდება ის, ყველაზე მართალი სიტყვა, რომელსაც ასეთივე უკომპრომისო ცხოვრების წესით გაჯერებული მელოდია და ძლიერი მეტაფორა უმაგრებს ზურგს. უნდათ, საკუთარ ახლომხედველურ მიზნებს მოახმარონ, ფონს გავიდნენ, კაი ტიპებად იგრძნონ თავი. ამის იმდენი მაგალითის მომსწრე ვარ, რომ სათვალავიც ამერია – სხვადასხვა მარგინალი პარტიის წინასაარჩევნო მარათონების ბიძგისმიმცემ მუხტად გამოუყენებიათ, თქვენ წარმოიდგინეთ და ნაცისტური წარმონაქმნის ჰიმნიც ყოფილა თურმე, ყოფილი პრეზიდენტების დაბრუნების ერთადერთი იმედიც ,, მძინარე მზეთუნახავისთვისთვის” ძილის დამფრთხობიც და რომელიღაც ჩინოვნიკისთვის თვალის ასახვევადაც გაჟღერებულა.
ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს და გვინდა, რომ ცოტათი მაინც უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ; ვიცოდეთ, რომ კონსტიტუცია არის უზენაესი, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული განურჩევლად სქესისა, კულტურული კუთვნილებისა და აღმსარებლობისა და, რა თქმა უნდა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა. გვინდა, რომ ყველანი დაცულად ვგრძნობდეთ თავს. ამაზე ხომ ვთანხმდებით?!
როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებლად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა უნდა, თუ გინდა, შენი გულანთებულობის ვინმეს სჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო”, – წერს ქეთათო.

კომენტარები

სხვა სიახლეები