ამერიკაში ქართველ ემიგრანტს, რომელსაც კორონავირუსის ნიშნები ჰქონდა და მანქანაში “ცხოვრობდა”, სომეხი მეგობარი უვლიდა – ემოციური ისტორია

ამერიკაში მყოფ ქართველს, რომელსაც კორონავირუსის ნიშნები აღმოაჩნდა, სომეხი, ახლადგაცნობილი მამაკაცი კვირების განმავლობაში ეხმარებოდა. მასთან მედიკამენტები და საკვები მიჰქონდა. ქართველი მამაკაცი აღნიშნულ ისტორიაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“ეს უნდა მოგიყვეთ. მოკლედ, ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ გავიცანი ჩიკაგოში. ვოვა ჰქვია, ერევნიდანაა, სომეხია ეროვნებით. მოკლედ, ტელეფონზე გვქონდა ხოლმე კავშირი, ეს ამბები რომ დაიწყო. ჩემი თვითიზოლაცია და კარანტინიც მანქანაში მიმდინარეობს და ჩავრჩი სახლიდან 2000კმ მოშორებით. თვითონ ვოვა ჰიუსტონში ცხოვრობს.  ბევრი რომ არ გავაგრძელო, სადღაც ორი კვირის უკან მაღალი სიცხეები და ხველება დამეწყო, ასე, მოულოდნელად. ვოვამ დამირეკა მოსაკითხად და რომ გაიგო, სიცხეები მაქვს, თავი გაიგიჟა, კორონა არ იყოს, ჩემთან მოდიო სახლში, ოთახს მოვაწყობო საკარანტინოდ. მეც გავიგიჟე თავი, ცოცხალი თავით არ მოვალ, ამხელა ოჯახი გყავს-მეთქი. მოკლედ, ვიჩხუბეთ და ტელეფონი გამითიშა. 15-20 წუთში მირეკავს  ჩემს ბიჭს ველაპარაკეო და თუ კორონა ჭირს, ცოდოა, მანქანაში მარტო გაუჭირდება ბრძოლაო. ხოდა, ჩვენს სახლთან მანქანების პარკინგია და აქ მაინც მოდიო, ჩემგან 300 მილშია ეგ ადგილი. ხოდა, არ მოგეკარებით, ისე ვივლით – ხან საჭმელი ხან წამლებიო რიგრიგობით მოგიტანთო. ისევ უარი ვუთხარი ცოტახანში მირეკავს ისევ და მაჩვენებს, სასტუმრო ავიღე, სადაც კარანტინის თემებია და, გინდა თუ არა, უნდა ჩამოხვიდე, მარტო ცოდვა ხარო. მოკლედ, ბევრი ჩხუბის მერე ჩამოვედი ახლოს არ ვიკარებ, 7-8 მეტრის დაცილებით ვლაპარაკობთ და წარმოიდგინეთ, დღე არ გავა, ყოველდღე საკვები, წამლები, ვიტამინები ანუ ყოველ მოსვლაზე 6-7 ცელოფნის პარკი მოაქვს დატვირთული, კართან დამიდებს და მერე მირეკავს, გააღე, აიღეო. ცალკე მისი მეუღლე, ცალკე მისი ბიჭი ერთი წამით არ მტოვებენ უყურადღებოდ. არადა, შემთხვევით გავიცანით. ერთხელ ნანახი მყავდა გასულ დეკემბერს. თან ძალიან მრცხვენია და თან ძალიან მესიამოვნა ეს ყველაფერი. აი, ამ ოქრო ადამიანსა და მის ოჯახს სახალხოდ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო”, – წერს ქართველი ემიგრანტი. 

კომენტარები

სხვა სიახლეები