ქართველმა ცოლმა ქმარს ოჯახის დანგრევის შესახებ “ფეისბუქის” საშუალებით აცნობა

ფაქტია, რომ 21-ე საუკუნე თანამედროვეობის ბუმია და სოციალური ქსელების აქტივობა თითქმის ყველა ოჯახში პიკს აღწევს. “ფეისბუქის” გამო არაერთი ოჯახი დაბგრეულა, ახლა კიდევ ერთ ამბავს შეიტყობთ.
დიდი ხანი არაა, რაც ნანა ლაშას გაჰყვა ცოლად. ქმარზე რამდენიმე წლით უფროსია და გულახდილად ამბობს რომ ოჯახის შექმნის ინიციატივაც თავად გამოიჩინა, იმის შიშით რომ უკვე დაოჯახება უგვიანდებოდა.

– მე და ლაშას მანამდე რამდენიმეწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა. მოხდა ისე, რომ ერთმანეთთან კავშირი გავწყვიტეთ. სხვადასხვა ქალაქებში აღმოვჩნდით. მე ვმუშაობდი. პატარა აღარ ვიყავი, 34 წლის გახლდით, როცა ლაშაზე ფიქრი ამეკვიატა. ტელეფონი შევამოწმე, ნომერი ისევ მქონდა და დარეკვა ვცადე. ჩემდა გასაკვირად ზარი გავიდა და მალე მამაკაცის ხმა გავიგე. ლაშა იყო, თავი რომ შევახსენე, მალევე გამიხსენა. შევატყვე გულგრილად არ მესაუბრებოდა. მერე კიდევ რამდენჯერმე დავურეკე.

ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ძველი ურთიერთობა აღდგა. დაოჯახების სურვილზე არც ლაშა აღმოჩნდა უარყოფითად განწობილი და მალე ჯვარიც დავიწერეთ.

ლაშა მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. იმ დროს სამსახური არ ჰქონდა, მე ვმუშაობდი. ბავშვის გაჩენამდე დიდად არ ვწუხდებოდი მისი უმუშევრობით, მაგრამ მერე ძალიან მაღიზიანებდა. კი, სამსახურში როცა ვიყავი ბავშვზე თვითონ ზრუნავდა და ძალიან მეხმარებოდა, მაგრამ კაპიკის შემომტანი არ იყო ოჯახში. ამას რომ ვეუბნებოდი გიჟს ემსაგვსებოდა, საშინელ შეურაცხყოფას მაყენებდა, მეც ჭკუიდან გადავდიოდი და მის საქციელებზე ყველას ვუყვებოდი.

– ქმართან სხვანაირი მიდგომა არ გიცდია?

– როგორ უნდა მიუდგე ასეთ კაცს, როცა უბრალოდ სამსახურის მოძებნას თხოვ და მისი სახლში ყურება გეზიზრება, თვითონ კი ამის მიხვედრა არ აქვს. შემდეგ უკვირდა, მოფერების დროს უარს რომ ვეუბნებოდი და აღარ ვიკარებდი. ისევ შეურაცხყოფაზე გადადიოდა.

– როგორც ვიცი სამი პატარა ბიჭი გყავთ, თუ ასეთი დაძაბული ურთიერთობა გქონდათ თავიდანვე, აქამდე როგორ გაძელით?
– კი, სამი შვილი გვყავს და რომ არა ბავშვები მის ოინებს ამდენხანს ვერ ავიტანდი. მართალია, მოგვიანებით მუშაობა დაიწყო, მაგრამ თავიდან გაჩენილი ბზარი თანდათან იზრდებოდა. მისი შემხედვარე დედამთილის და მამამთილის ატანაც აღარ მქონდა. მეხმარებოდნენ ყველანაირად, თუმცა სჯობდა შვილი აღეზარდათ წესიერად.
– ლაშას მშობლებთანაც გქონდა კონფლიქტი?
– თავიდან არანაირი პრეტენზია არ მქონდა. მით უმეტეს დედამთილდან. შეგნებული და საკმაოდ განათლებული ქალია, თუმცა როგორც ჩანს შვილის აღზრდაში შეეშალა. სჯობდა ქალთან მოქცევის ტაქტი ესწავლებინა.

– ოჯახის დანგრევამდე მაინც როგორ მიხვედით?
– ორ შვილთან ერთად დედაჩემთან ვიყავი წასული, პატარა ლაშამ დაიტოვა. ვთხოვე მალე გამომიგზავნე მეთქი. ცოტახანში გავიგე , რომ მის გამოშვებას არ აპირებდა. გადავირიე. “ფეისბუქზე” დავპოსტე – როდემდე უნდა ითამაშოთ ჩემი ნერვებით. ამას აღარ შეგარჩენთ მეთქი და ლაშა უწმაწური სიტყვებით მოვიხსენიე.

– სოციალურ ქსელში ამის დაწერა რატომ გადაწყვიტე, იქნებ სხვანაირად აგეხსნა?
– არა, მინდოდა გამემწარებინა, ისე როგორც თვითონ მამწარებდა. მხოლოდ ბავშვები მაკავებდნენ ამდენხანს, თორემ როგორც კი შევატყვე რომ პატივს არ მცემდა, ოჯახს მაშინვე დავანგრევდი. ჩემთვის ეს სულაც არ წარმოადგენდა პრობლემას. ალბათ უკვე მიზეზსაც ვეძებდი და არც სოციალურ ქსელში მოვერიდე ამის გამოქვეყნებას. რომ გაიგო გაგიჟებული იყო. მირეკავდნენ, მწერდნენ. მთელი ქალაქი და სანათესაო ამაზე საუბრობდა თუმცა არ ვნანობ. დაე, ყველამ იცოდეს როგორი არაკაციცაა. მასთან დაბრუნებას აღარ ვაპირებ, ჩემი საზრუნავი ახლა მხოლოდ ჩემი პატარა ბიჭებია.

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები