ქართველმა ჟურნალისტმა საკეისრო კვეთისას შვილის დაბადების კადრები თავად გადაიღო (ფოტო)

ჟურნალისტმა მერი ბლიაძემ საკეისრო კვეთის დროს თავისი ქალიშვილის სიცოცხლის პირველი წუთები საკუთარი ხელით გადაიღო.  იგი აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს ავრცელებს:

“არ მინდა, ბანალური ვიყო, მაგრამ ისე ვარ აფორიაქებული, არც ორიგინალურობა გამომივა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეს ნაკლებად მადარდებს. უფალმა მესამედ მომცა შანსი განმეცადა ის ბედნიერება, რასაც შვილის დაბადებით განიცდის დედა. ვფიქრობ, დედობა ქალისთვის ყველაზე დიდი ღირსება, საამაყო სტატუსი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა…

შეიძლება ითქვას, შვილებთან ერთად გავიზარდე. უფროსი შვილი 18 წლის ასაკში გავაჩინე, მეორე – 21 წლისამ. ახლა უკვე 30–ს გადაბიჯებული ვარ. სამწუხაროდ, სამივე შვილი საკეისრო კვეთით გავაჩინე. გიორგის და ლიზის დაბადების შემდეგ ბევრს ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, მეც მქონოდა ბედნიერება საკუთარი თვალით დამენახა ჩემი შვილების პირველი შეხვედრა სამყაროსთან, პირველი ამოსუნთქვა, გამეგო მათი პირველი ტირილი. ის კი არა, ნარკოზიდან გამოსულმა, გაბრუებულმა ძლივს გავიაზრე, რომ დედა გავხდი. საბედნიეროდ, მესამე შვილზე ეს დანაკლისი შევივსე. თითქოს პირველად გავხდიდედა. ჩემი შვილის დაბადება საკუთარი თვალით ვნახე და საკუთარი ხელით გადავიღე. განსაკუთრებით ველოდებოდი ამ მომენტს, ამიტომ მინდოდა, მთელი ეს ბედნიერი წუთები ჩემი ხელით გადამეღო. მე ეს შევძელი, თუმცა კიდევ არ მჯერა. გული ყელში მებჯინებოდა, ტელეფონი კინაღამ ხელიდან გამივარდა, როცა პატარას ხმა გავიგონე, ჩემს წინ ჩამოფარებული ფარდიდან თავი ამოყო და თავისი დიდრონი თვალები შემომაფეთა”,- აღნიშნავს ჟურნალისტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები