რა შეუქმნეს ქართველებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მეოცე საუკუნეში?
1955 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი (1921-1939) და მეორე ტალღის (1945-1950) ქართველ ემიგრანტთა რიცხვი 300 ადამიანს არ აღემატებოდა, თუმცა, ამ უმცირესმა დიასპორამაც კი დიდი გავლენა იქონია მთელი ამერიკის სამხედრო თუ სამოქალაქო ცხოვრებაზე. პირველ ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ის ქართველები, რომლებმაც ამერიკას 5 დარგი შეუქმნეს:
1) გიორგი ბალანჩივაძე, იგივე ჯორჯ ბალანჩინი (1904-1983 წწ.) – ის იყო ამერიკელი-ქართველი ბალეტმაისტერი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი. ის მთელს მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად.
2) ალექსანდრე ქართველიშვილი, იგივე ალექსანდრე ქართველი (1896-1974 წწ.) – ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის ფუძემდებელი. პარიზის ავიაციის საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლისას, მისმა შექმნილმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა (Bernar-Februa V-2) სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მის სახელს უკავშირდება ასევე ლითონის პირველი თვითმფრინავისა (P-35) და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეორე მსოფლიო ომში შტატებისთვის გამარჯვების მომტანი ბომბდამშენის შექმნა (Republic P-47 Thunderbolt), რომელიც დღემდე მიიჩნევა მსოფლიო სამხედრო ავიაციაში სამაგალითო ნიმუშად. ალექსანდრე ქართველს ავიაციის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი გადასცეს.
3) პრინცი გიორგი მაჩაბელი (1885-1935 წწ.) – ამერიკის შეერთებულ შტატებში პარფიუმერიის წარმოების ფუძემდებელი. მან დიდი პარფიუმერული საზოგადოება დააარსა ამერიკაში 1920-იან წლებში. პროფესიით იყო ქიმიკოსი, ასევე, ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას. ის ამერიკაში ცნობილი გახდა, როგორც ,,პარფიუმერიის პრინცი”, ამიტომ, “პრინც გიორგი მაჩაბელად” იწოდებოდა.
4) გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი (1883-1967 წწ.) – მან შეერთებულ შტატებს შეუქმნა სამედიცინო მინის მრეწველობა, ნაძვის ხის მინის სანთლები და ნაძვის ხის სათმაშოების წარმოება. მან 1919 წელს საკუთარი ქარხანა გახსნა მასაჩუსეტსში. 1922 წელს ფეხზე დააყენა თავისი საწარმო, რომელიც მას შემდეგ დღემდე ფუნქციონირებს – Coby Grass Products Company. კომპანიის პრესტიჟსა და სახელს მატებდა წონას მისი დამაარსებლის – გიორგი კობახიძის მიერ დანერგილი 70-მდე გამოგონება და უნიკალური პატენტი. მაგალითად, მან გამოიგონა წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი. ის პირველი ქართველი მულტიმილიონერი იყო ამერიკაში. მან ასევე შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები. მათ შეცვალეს ხანძარსაშიში ნამდვილი სანთლები, რომლებსაც მანამდე ამერიკელები ნაძვის ხეებზე ანთებდნენ. “კობი – ეს შობაა” – ეწერა ნაძვის ხის სათამაშოებზე.
5) კონსტანტინე (კონი) სიდამონ ერისთავი (1930-2012 წწ.) – ნიუ იორკის ქართველი ვიცემერი. “ნიუ იორკ თაიმსში” ვკითხულობთ: “ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელიც ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც – ღირსეული ადამიანი უმწიკვლო რეპუტაციით, უნაკლო ლოგიკით და საოცრად მომხიბლავი.” ბატონ რაილის თქმით, სწორედ “კონი ერისთავის დამსახურებაა, რომ დღეს ნიუ იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არა მარტო წყლები, არამედ მიწა, ნიადაგი და მთელი გარემო დაცულია”. მისი პატრონაჟით დამტკიცებული პროექტები ქალაქში ჯერ კიდევ მუშაობს. კონსტანტინე ერისთავმა 1994 წელს დააარსა ცნობილი ორგანიზაცია – “საქართელოს ამერიკელი მეგობრები”, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ჩვენს ერს საგანმანათლებლო, სამედიცინო და ჰუმანიტარული კუთხით და ეს დახმარება დღემდე გრძელდება.
წყარო: for.ge