ქალაქ ოზურგეთში ერთი ენაკვიმატი მღვდელი ცხოვრობს – მამა ბასილი. ძალიან კარგი პიროვნება და შესანიშნავი იუმორის პატრონი. მის ხუმრობებზე ლეგენდები დადის. ჩვენ რამდენიმე ისტორიას გავიხსენებთ.
ერთხელ მამა ბასილს ახალგაზრდები მიადგნენ და უთხრეს: მამაო, გევიპარეთ ჩვენ, ძაან გვიყვარს ერთმანეთი და სანამ მშობლები მოგვაგნებენ, გეხვეწები, დაგვწერე ჯვარიო, მარა დიდი ბოდიში, მამაო, თლა მზათ არ ვართ ჯვრისწერიზა და გვაპატიეო. კი მარა, რას გულისხმობ მზადყოფნაშიო, იკითხა მამაომ. ფული არ გვაქ, მამაო და გვაპატიეო. რას ამბობ, შვილოო, როის იყო მე ფული მქონდა დაწესებული რამეზე, თუ რამე უნდა ხალხს, აგერ, ყულაბაში აგდებენ, მე არანაირი გადასახადი არ მაქ და თუ მარტო მაგია პრობლემა, დევიწყოთ ახლავე, მეიყვანეთ მეჯვარეებიო – დაუმშვიდებია მამაოს.
უი, მამაო, არც მაგენი არ გვყავს, ხომ გითხარით გამოპარულები ვართ, არიკაცმა არ იცის, აქანე რომ ვართო. კაიო მამაომ, ერთ სტიქაროსანს და ერთიც სანთლების გამყიდველ ქალს დაუძახა და დაუყენა მეჯვარედ. მიდის ჯვრისწერა და მოვიდა ბეჭდების გაცვლის დრო… უი, მამაო, არ გვაქ ბეჭდებიო, შეიცხადა ისევ სიძემ… კაი, არც მაი არაა პრობლემაო და უცბად სანთლები გადახრიხა ბეჭედივით და მისცა ორივეს, გოუკეთეთ ერთმანეთს თითებზეო და ჰოი, საოცრებავ, აღმოჩნდა, რომ ამ ბიჭს საბეჭდე თითიც მოკვეთილი ჰქონდა. ეს უკვე მეტისმეტი იყო, მამაომ წარბი აწია, თვალი ჩააყოლა სიძეს და დაეჭვებულმა უთხრა: რას გეტყვი, შვილო იცი, ქლა ჩემს იმედზე ნუ იქნები ყოლიფერშიო!
ერთხელაც მამა ბასილი საფლავზე პანაშვიდს იხდიდა. სასაფლაოზე მზე აჭერდა და ჯოჯოხეთურად ცხელოდა. ყველამ მონახა ჩრდილი და თავი შეაფარა. მარტო მამა ბასილი იდგა და იღვრებოდა ოფლად. ხალხმა ჩრდილში შეიხმო, მობრძანდით, ცოტა სული მოითქვით, ცუდად არ გახდეთო.
– არა უშავს, იმფერ სიცხეში ვარ წასასვლელი, აქანა პაწას მივეჩვიო, ჯობიაო, უპასუხა მან. მამაო ბევრს მოგზაურობს და ხალხმაც იფიქრა, რომ რომელიმე ცხელ ქვეყანას გულისხმობდა და ერთმა ჰკითხა კიდეც :
– მამაო, ვიზა აღებული გაქვთ უკვე?
– კი, კი, “პესკებზე” წასავლელი ვიზა აღებული მაქვსო.
მამა ბასილი აღსარებას იბარებდა, უცებ, რაღაცაზე გაეცინა და ჩაბჟირდა, ვერაფრით ვეღარ შეიკავა სიცილი, მიუახლოვდა ერთი ქალი და დაუწყო ჩხუბი: რა არის, მამაო, რა მაგალითს გვაძლევთ, ასე მოქცევა როგორ შეიძლებაო. მოიბოდიშა მამა ბასილმა, ერთხელ… ორჯერ… მაგრამ ამ ქალმა ისევ განაგრძო მორალის კითხვა. ბოლოს დასერიოზულდა მამაოც და გაბრაზებულმა უთხრა: ქალო, 6 აბორტი მოგიტევე და ერთი გაცინება, რით ვერ მომიტევეო.
ერთხელ მამაოს ქუჩაში ერთი ქალი შეხვდა, რომელსაც მიცვალებულის პანაშვიდისთვის საკურთხი მიუტანია და ასე უთხრა: – მამაო, ვიყაი, არ დამხთით და ქე დაგიტიეთ ყოლიფერი თქვენ სამუშაო მაგიდაზეო – საკურთხეველში შეუტანია თურმე…
ძალიან კარგი იუმორი აქვს მამა ბასილის მამასაც. როცა ბასილი მღვდელი გახდა, ნაცნობმა მამამისი მოიკითხა, როგორ ბრძანდებითო. ჩემს შვილს მამას რომ ვეძახი, ის მპასუხობს, რა იყოს შვილოო და რაფერ ვიქნები, თუ იციო!
წყარო: “ინტერმედია”