ავსტრალიელმა ფოტოგრაფმა, ტონია ილმანმა იპოვა ბოთლი წერილით, რომელიც 1886 წლით არის დათარიღებული. ნაპოვნი ნივთი, რომელიც 130 წელზე მეტს ითვლის, ქალბატონმა კუნძულ კლინის სანაპიროზე იპოვა.
სანაპიროზე ოჯახთან ერთად სეირნობისას, ქალმა ბოთლი დაინახა, რომელიც წიგნების თაროს აქსესუარად გამოსადეგი ეჩვენა. ბოთლის დათვალიერების შემდეგ, მან წერილიც შენიშნა. ჭურჭლის დიდხნიანი შესწავლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაზე ძველი ნაპოვნი ბოთლია მსოფლიოში.
“ის ისე საუცხოოდ გამოიყურებოდა, როგორც არაჩვეულებრივი ძველი ბოთლი, ამიტომაც ავიღე, ვიფიქრე, რომ ის ჩემი წიგნების თაროს მოუხდებოდა”,- იხსენებს ქალბატონი.
ბოთლში, რომელიც სასმელი “ჯინისთვის” იყო განკუთვნილი, გერმანულ ენაზე დაწერილი წერილი იდო. ქაღალდი დათარიღებული იყო 1886 წლის 12 ივნისით. მეზღვაურები, რომლებმაც წერილი შეადგინეს, გზავნილში ითხოვდნენ, რომ ბოთლი დაებრუნებინათ გერმანიის საზღვაო-საომარ ობსერვატორიაში, რომელიც ჰამბურგში მდებარეობს ან ახლომდებარე გერმანულ საკონსულოში და შეეტყობინებინათ, ზუსტად როდის იყო ნაპოვნი ნივთი.
დასავლეთ ავსტრიის მუზეუმის წარმომადგენლებმა ნაპოვნი ნივთის ნამდვილობა დაადასტურეს. სპეციალისტების თქმით, ბოთლი გერმანული ნავიდან – “პაულადან” გადმოაგდეს, ექსპერიმენტის ჩატარების დროს, ეფექტური სავაჭრო გზების პოვნის მიზნით. როგორც აღმოჩნდა, მეზღვაურებმა, 1864 წლიდან 1933 წლის ჩათვლით, ზღვაში ათასი ბოთლი ჩაყარეს, რათა დინება გამოეკვლიათ.
“დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ გერმანიაში “პაულას” საბორტო ჟურნალი იპოვეს, სადაც წერია, რომ 12 ივნისს, 1886 წელს, გემის კაპიტანმა ზღვაში ბოთლი გადააგდო შეტყობინებთ. თარიღი, კოორდინატები, ხელწერაც კი – ყველაფერი დაემთხვა”,- გაიხსენა როს ანდერსონმა, დასავლეთ ავსტრიის მუზეუმის თანამშრომელმა.
ბოთლი, წერილთან ერთად, მუზეუმში განათავსეს.
“ბოთლში მოთავსებული ყველაზე ძველი შეტყობინების ” წინა რეკორდი 2015 წელს იყო დამყარებული, როდესაც გერმანიის კუნძულ ამრუტის სანაპიროზე 1906 წლის ბოთლი იპოვეს.