შავი დროშა და მკაცრი მზერა – ქალი 9 აპრილის ფოტოდან, რომელიც ისტორიის ნაწილად იქცა. ნანა მახარაძე ახლა ემიგრაციაშია და მეტრონომთანტრაგიკული დღის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 9 აპრილი არის დღე, საიდანაც საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა. “დღე სავსე ტრაგიზმით და უდიდესი სიამაყის გრძნობით”, – ასეთია ნანა მახარაძისთვის ქვეყნის ისტორიაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი დღე.
9 აპრილის სიმბოლოს თქმით, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს მიაჩნდა, რომ მათი თაობა შეძლებდა, ღირსეულად ეცხოვრა დამოუკიდებელ ქვეყანაში.
“9 აპრილი არის დღე, საიდანაც საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა. დღე სავსე ტრაგიზმითა და უდიდესი სიამაყის გრძნობით. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ იწყებოდა მოვლენები. აფხაზეთი იყო და დარჩება საქართველოს განუყოფელ ნაწილად. ამ ლოზუნგიდან მივედით საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეამდე. იოლი არ არის, ებრძოლო უდიდეს იმპერიას და ყველაზე საშინელ მონსტრს. ჩვენი იარაღი სიმართლე და ერთ მუშტად შეკრული მამაცი ქართველი ერი იყო. მეც, როგორც რიგითი ქართველი და უნივერსიტეტელი, აბსოლუტურად ვიზიარებდი დამოუკიდებლობის იდეას, . გაერთიანებული ქართველი ხალხი კი თავის სათქმელს მუდამ იტყვის.
მე და ჩემი მეგობრები ძალიან ახალგაზრდები ვიყავით მაშინ. წინ მთელი ცხოვრება გვქონდა და არ გვეშინოდა. ვფიქრობდით, რომ ჩვენი თაობა შეძლებდა უკეთ და ღირსეულად ცხოვრებას დამოუკიდებელ ქვეყანაში, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. გვჯეროდა, რომ ქართველები ერთმანეთის სიყვარულისა და ქვეყნის ერთგულების ხარჯზე დემოკრატიულ და ეროვნულ სახელმწიფოს შექმნას შევძლებდით“, – აღნიშნავს ემიგრაციაში მყოფი ტრაგიკული დღისა და ამავდროულად ქვეყნის თავისუფლების ერთერთი სიმბოლო.
მიუხედავად 32 წლის გასვლისა, ნანა მახარაძეს დღემდე სწამს, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანა იქნება. თავისუფლების დღის სიმბოლოს თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული ფერადი თაობის იმედი აქვს.
“მე 2011 წლიდან ემიგრანტი ვარ. ემიგრანტები თავისებურ ,ელჩებად, ვარ გაბნეულები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენი წილ ქვეყანასა და პასუხისმგებლობას მუდამ თან ვატარებთ. ყველაზე ამაყი ვარ, როდესაც ვამბობ, რომ ქართველი ვარ… დამერწმუნეთ, მოვა დრო და საქართველო იქნება ერთერთი წამყვანი ქვეყანა რეგიონში. ჩემი ახალგაზრდა თაობის უდიდესი იმედი მაქვს, ისინი ხომ თავისუფალ ქვეყანაში დაბადებულები ფერადი თაობაა…”, – აცხადებს მახარაძე.
მახარაძე ფოტოს ისტორიასაც იხსენებს და ამბობს, რომ ცნობილი შავ-თეთრი კადრი მისთვის ისეთივე სიმბოლურია, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის.
“რაც შეეხება ცნობილ შავ-თეთრ ფოტოს, საშინელი დარბევის მეორე დღეს არის გადაღებული და ის ჩემთვის ისეთივე სიმბოლურია, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის. ბევრჯერ აღვნიშნე და ისევ გავიმეორებ, ფოტოზე იმ დროს შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ახალგაზრდა, ვისაც ქართულად უძგერდა გული“, – აცხადებს ემიგრაციაში მყოფი ქალი 9 აპრილის ფოტოდან.
1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია რუსმა ჯარისკაცებმა ქიმიური საშუალებებით, ჯავშანტექნიკითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაშალეს. შედეგად, დაიღუპა 21 დემონსტრანტი, მათ შორის ქალები და სკოლის მოსწავლეები. ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი, იყვნენ დაჭრილებიც.
ტრაგიკული დღიდან ზუსტად ორ წელში 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
წყარო: metronome.ge