ქალები, რომლებიც ყოფილი ქმრის გამწარებას შვილებით ცდილობენ – თბილისური ისტორია

გაზეთი „კვირის პალიტრა“ თბილისური განქორწინების ისტორიაზე წერს, სადაც დედა მამის გამწარებას შვილების წართმევით ცდილობს.
„რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ნაცნობის განქორწინების ამბავი გავიგე. როგორც ის ჰყვებოდა, ყველაფერში დამნაშავე ქმარი იყო, ის იყო ცუდი მამა, საშინელი ქმარი და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ საერთო სანაცნობო წრეში მათი ხშირი ჩხუბების ამბავი ვიცოდით, ბავშვებთან მამის დამოკიდებულებას არაერთხელ შევსწრებივართ და აღვფრთოვანებულვართ კიდეც… გვინახავს, როგორ უცვლიდა შვილს პამპერსს, როგორ აჭმევდა, აძინებდა, ასეირნებდა… მოკლედ, ყველაფერ იმას აკეთებდა, რასაც ქართველი მამების დიდი ნაწილი არ ან ვერ აკეთებს.
თავიდან ჩავთვალეთ, რომ ნინას ლაპარაკი სტრესით და გაღიზიანებით იყო გამოწვეული და დროთა განმავლობაში დამშვიდდებოდა და ბოლოს და ბოლოს თუ ოფიციალურ განქორწინებამდე მივიდოდა საქმე, ეს ყველაფერი მშვიდად მოხდებოდა, ანუ ერთმანეთს დამატებით პრობლემებს არ შეუქმნიდნენ, მითუმეტს, რომ მათ შორის 3 შვილი იდგა.
თუმცა, გარშემომყოფების მოლოდინი არ გამართლდა, ნინა ადგა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ბავშვებზე სრულ მეურვეობას, მამისთვის კი კვირაში ერთხელ ნახვის უფლების მიცემას ითხოვდა.
და რისთვის გადაწყვიტა ყოფილი ქმრის ასე დასჯა? ამგვარი მოთხოვნისთვის მას რეალურად არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ უკვე ყოფილი ქმრის გამწარება შვილებით გადაწყვიტა, რაც ნამდვილად არ შეეფერება ადეკვატური ადამიანის ქცევას.
კაცები შეიძლება ბევრ რამეში გავამტყუნოთ, ისინი ხშირად თავადაც ხვდებიან საკუთარ შეცდომებს, მაგრამ ქალი, დედა, რომელიც ბავშვებით მანიპულირებას ცდილობს და შვილების მამის წინააღმდეგ აბსურდულ ბრალდებებს აყენებს, საშინლად იქცევა!
საოცარი კი ის იყო, რომ ბოლოს ჩვენგან – მათი საერთო მეგობრებისგან ითხოვდა “გვერდში დადგომას”, თქვენ წარმოგიდგენიათ, დაუდგე ადამიანს გვერდში, რომელიც სრულიად უმიზეზოდ ცდილობს მამას შვილები წაართვას?
რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით, გაბრაზდა და ყველასთან გაწყვიტა კონტაქტი.
ვინ ვის არ დაშორებია და ვის არ “გაუყვია” ბავშვების ნახვის განრიგი. ნუთუ, შეიძლება ამდენწლიანი ურთიერთობა ერთ წამში დაივიწო,
გაწირო შვილები უმამო ცხოვრებისთვის და კაცს, რომელიც ერთ დროს გიყვარდა, ცხოვრება ასე დაუნგრიო?
რაც შეეხება ბავშვებს, ისინი სტრესში ისედაც არიან, რადგან მშობლები შორდებიან ერთმანეთს, რასაც ძალიან განიცდიან, ამას კი ემატება ის, რომ ორმა ზრდასრულმა ადამიანმა ვერ შეძლო წივილ-კივილის გარეშე განქორწინება…
რა შუაში არიან ბავშვები? რატომ უნდა დაენგრეთ მათ ფსიქიკა არაადეკვატური დედის გამო, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს მათ მდგომარეობაზე?
შვილებისთვის იმის თქმა, რომ მამა ცუდი კაცია და ისინი არ უყვარს, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული.
როდესაც ადამიანი ასე იქცევა, ვერც კი ვხვდები რეალურად, რა შეიძლება ვუსურვო, რადგან, ვფიქრობ, ვერასოდეს ისწავლის და ვერ მიხვდება რა არის ცუდი და კარგი მისი შვილებისთვის და არა მხოლოდ… მაგრამ მაინც, თუ ის ან რომელიმე სხვა ყოფილი ცოლი, რომელიც ასე იქცევა, ამ ბლოგს წაიკითხავს, იქნებ მიხვდეს, რომ შვილების დაცვა მისი უპირველესი ვალდებულებაა და როგორი ცუდიც არ უნდა იყოს მისი ყოფილი ქმარი, როგორც მეუღლე, ეს არ ნიშნავს, რომ მამაც ასეთია. იცოდეთ, ბავშვების მასთან დაშორება, უბრალოდ, დანაშაულია. მოდით, ვეცადოთ შევინარჩუნოთ ადამიანობა და მხოლოდ ჩვენი სურვილების დაკმაყოფილებაზე არ ვიფიქროთ“,-წერს გამოცემა.
წყარო: „კვირის პალიტრა“

კომენტარები

სხვა სიახლეები