ქალბატონი, რომლის შემოწმების გარეშეც საქართველოს საზღვარს ვერ დატოვებ, ანუ ვინ არის სინამდვილეში ელისო ცნობილი სერიალიდან
სერიალს “ჩემი ცოლის დაქალები” ამ სეზონზე ბევრი ახალი პერსონაჟი დაემატა, რომლებმაც პროექტს თავისებური ხიბლი შესძინეს. ერთ-ერთი სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი – ელისო გახლავთ, რომლის როლსაც მსახიობი გვანცა გიორგობიანი თამაშობს… ეს გულწრფელი და თავისებური პერსონაჟი მაყურებელმა უკვე შეიყვარა. ჩვენ კი ელისოს როლის შემსრულებელი მსახიობის ვინაობით დავინტერესდით.
გვანცა გიორგობიანი:
– ყველა ცნობილ ქართულ სერიალში ეპიზოდური როლი მაქვს ნათამაშები. ამ შემთხვევაში შემომთავაზეს ეს როლიც. დამირეკა მსახიობმა და კასტინგის რეჟისორმა, ეკა მჟავნაძემ და მითხრა, – “ჩემი ცოლის დაქალებს” ახალი პერსონაჟები ემატება და ერთ-ერთი ელისო იქნება, გასათხოვარი, თბილისელი ქალბატონი, რომელიც არის განათლებული, დახვეწილი, პატიოსანი, მორწმუნე და ცდილობს, ეკლესიურად იცხოვროს, შექმნას ოჯახი, ჰყავდეს შვილები. ვფიქრობ, ეს როლი შენიაო და კასტინგზე მისვლაც შემომთავაზეს. კასტინგი რომ გავიარე, მეორე დღესვე დამირეკეს და მითხრეს, – გილოცავთ, როლზე დამტკიცებული ხართო. რა თქმა უნდა, გამიხარდა, რადგან ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. თან, მივხვდი, რომ არ იყო ეპიზოდური როლი და საკუთარი შესაძლებლობები უნდა გამომევლინა. მითრხეს, – ხვალ დილას გადაღება გვაქვსო. გამიხარდა, რომ შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან თბილად დამხვდა. მათთან ურთიერთობისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვმუშაობთ და ერთად მოვდივართ. ეს კი ყველაზე სასიხარულო მომენტია. კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი პერსონაჟი მაყურებელმაც დადებითად მიიღო, ამას ხალხის რეაქციებიდან ვგრძნობ. სადაც მივდივარ, მცნობენ, ელისოთი მომმართავენ. ის კი არა, ელისოს მეძახის მთელი არეროპორტი, არადა, იქ 100-ობით ადამიანი მუშაობს. მეც ელისოს დაძახებაზე უკვე ვტრიალდები (სიცილით ამბობს).
– აეროპორტი ახსენეთ, ვიცი რომ იქ მუშაობთ. იქნებ უფრო კონკრეტულად უთხრათ მკითხველს, რას საქმიანობთ?
– ვმუშაობ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ვარ საავიაციო უშიშროების თანამშრომელი და ძალიან დაძაბული მუშაობის რეჟიმი მაქვს, საოცრად დატვირთული ვარ. მოკლედ, ურთულესი და საპასუხისმგებლო საქმეა – ყოველ მესამე დღეს, 24-საათის განმავლობაში მიწევს იქ ყოფნა.
– ასე რომ, თქვენი შემოწმების გარეშე, საქართველოს ვერავინ დატოვებს, ხომ?
– კი, ვერც ერთი მგზავრი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით მიფრინავს, ჩემს ხელში რომ არ მოხვდეს და ჩემი კონტროლი არ გაიაროს, ვერსად წავა (სიცილით ამბობს).
ძალიან ხშირად მგზავრები იქ რომ მხედავენ, ვერ მაკავშირებენ ელისოსთან, თუმცა ამბობენ, რომ ვეცნობი და ასეთი ფრაზა აღმოხდებათ ხოლმე: – ღმერთო, რატომ გვეცნობა ასე? მაგრამ ბევრი საკუთარ თავს ეუბნება, – გამორიცხულია, ეს ის არ არის… მათ ვერაფრით წარმოუდგენიათ, რომ მსახიობი – გვანცა გიორგობიანი, საავიაციო უშიშროების თანამშრომელია და პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი ჩხრეკს მათ.
– ელისოს რომ დავუბრუნდეთ, – მოგწონს ეს პერსონაჟი?
– ეს არის პერსონაჟი, რომლის მსგავსი ირგვლივ ბევრია. ვგულისხმობ გაუთხოვარ გოგოს. რა თქმა უნდა, მტკივნეულია ბევრისთვის იმიტომ, რომ ყველა ქალს უნდა შექმნას ოჯახი და გახდეს დედა. ეს ასევე ჩემი ოცნებაც არის. ასე რომ, მე და ელისოს ბევრი საერთო რამ გვაქვს. მთლად ყველაფერი საერთო გვაქვს-მეთქი, – ასეც არ არის, მაგრამ ბევრი. მიხარია, რომ მასში ზოგიერთმა საკუთარი თავი დაინახა.
– ისე წარიმართა ბოლო სერიები, რომ ამ პერსონაჟის გარშემო ვითარდება ამბები: ელისო სიყვარულში გააწბილეს. თანაუგრძნობ?
– ძალიან თანავუგრძნობ, რადგან მეც ქალი ვარ და ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს, როცა ასე გაგაწბილებენ. არადა, რამხელა იმედი და სურვილი ჰქონდა, რომ მისი სიყვარული ჰეფი ენდით დამთავრებულიყო. მაგრამ პერსონაჟს, რომელიც მოსწონს, აღმოჩნდა, რომ სულ სხვა ქალი უყვარს და მასზე ოცნებობს. ელისოს კი ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. ხომ ვამბობ, ალბათ ბევრ ქალბატონს ასეთი იმედგაცრუება ჰქონია და მართლაც მტკივნეული მომენტია.
– კი, როდესაც სერია დასრულდა, “ფეისბუქზე” გოგონები წერდნენ, რომ ყოველი ჩვენგანი ალბათ ერთხელ მაინც ყოფილა ელისოო… მოკლედ, ამ პერსონაჟის ტკივილი ყველამ გულთან მიიტანა.
– მიხარია, რომ მაყურებელი გულგრილი არ დარჩა იმით, რომ ელისოს გული დასწყვიტეს და ატკინეს. შეეცოდათ, რადგან თვალცრემლიანი ნახეს. ასეთი ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ის მაყურებელმა მიიღო და გულშემატკივრობენ…
ისიც მიხარია, რომ სერიალში ეს ადამიანი უფრო და უფრო დატვირთეს და ქალბატონმა ქეთი დევდარიანმა მას თავისი ისტორიაც შეუქმნა. ქეთის მადლიერი ვარ.
– გვანცა, ვიცი, რომ რამდენიმე თეატრში მუშაობდით, მაგრამ თეატრიდან წამოხვედით…
– ჩემს პროფესიაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ 5 წლის წინ თეატრიდან წამოვედი და სამსახური აეროპორტში დავიწყე, თუმცა ვიყავი – “თავისუფალ თეატრში”, “თეატრალურ სარდაფში” რუსთაველზე და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში…
როგორც მსახიობი, გაჩერებული არ ვყოფილვარ, – ბოლო დროს შემოთავაზება მქონდა გიორგი ფარაჯანოვისგან (დიდი ფარაჯანოვის დისშვილი). ავტობიოგრაფიული მხატვრული ფილმი გადაიღო, სადაც ბევრი ქართველი ვარსკვლავი თამაშობს, ერთ-ერთი როლი მეც ვითამაშე. ეს ნამუშევარი სხვადასხვა ფესტივალზე პრიზებით დაჯილდოვდა, წარმატებული აღმოჩნდა. თავად გიორგი ფარაჯანოვმა აიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა და იმ ქართველ ვარსკვლავებთან, ვინც ამ ფილმში მონაწილეობენ. ერთ-ერთ მთავარ როლს ზურა ყიფშიძე ასრულებს…
ბოლოს მადლობა მინდა გადავუხადო მაყურებელს, რომელსაც ჩემი ნამუშევარი სადაც არ უნდა იყოს, მოსწონს.
http://www.ambebi.ge
ლალი ფაცია