“ქალმა, 6 წელი გათხოვილი ვარ, მაგრამ ქმართან სექსისას სიამოვნება არ მიმიღიაო” – ქართული სექსოლოგია
ზოგჯერ ოჯახი ინგრევა, მაგრამ ამის ნამდვილ მიზეზს არ ახმაურებენ და სხვა ყოფით მიზეზებს ასახელებენ. ხშირად არც ინგრევა, მაგრამ აღმოჩნდება, რომ შეუღლებიდან 5, 7, 11 წლის შემდეგ ქალი ისევ ქალიშვილია. ამას სექსოლოგიაში ვირგოგამიას უწოდებენ და ამ ამბავს წყვილი მალავს.
რატომ მალავენ, ასეთ შემთხვევაში შეუძლია თუ არა სექსოლოგს დახმარება, საერთოდ, თუ იციან ადამიანებმა, სექსუალური პრობლემისას ვის მიმართონ, როდესაც საქართველოში დაახლოებით 20 ლიცენზირებული სექსოლოგია და მათი მიგნებაც კი ჭირს; ძირითადად, რა პრობლემით და ჩივილით მიდიან პაციენტები და კიდევ ბევრ საჭირბოროტი საკითხზე სასაუბროდ ფსიქოთერაპევტი პაატა სოფრომაძე მოვიწვიეთ:
– ზოგიერთი მამაკაცი საკუთარ თავსაც არ უტყდება, პრობლემა რომ აქვს, რადგან მისთვის ეს ძალიან პრესტიჟული ფუნქციაა. თუ გინდა კაცს, მით უფრო – ახალგაზრდას შეურაცხყოფა მიაყენო, შე იმპოტენტოო, უნდა უთხრა. ამიტომ საკუთარი უუნარობა თუ პასიურობა პარტნიორთან მისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია. უმეტესწილად, მამაკაცს აქვს ხოლმე პრობლემა – თუ მას აქტის ჩასატარებელი აუცილებელი პირობა – ერექცია, რაც ქალს არ გააჩნია, არ აქვს, უკვე დარღვევაა. თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც, ქალების ანატომიურ აგებულებაშიც არის ხოლმე ისეთი თავისებურება, რაც აქტის ჩატარებას ხელს უშლის. შეიძლება ქალს აქტის ჩატარების შიშიც ჰქონდეს, რაც ძლიერ სპაზმს იწვევს და მამაკაცმა ვერაფერი მოახერხოს.
შემთხვევები გვაქვს, მამაკაციც და ქალიც ჯანმრთელები არიან, მაგრამ ურთიერთობას ვერ ახერხებენ, ვერ ეწყობიან. ამიტომ, როდესაც ვირგოგამიაზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის მამაკაცის ბრალი არ არის – ქალს, როდესაც ის ფიზიოლოგიურადაც და ფსიქოლოგიურადაც ჯანმრთელია, შეიძლება კონკრეტული მამაკაცისადმი მიუღებლობა – ავერსი ჰქონდეს. თუ სექსოპათოლოგი ჩაეძიება, წესით, მიზეზსაც იპოვის, მაგრამ ამის აღმოფხვრას რთული და საფუძვლიანი მუშაობა სჭირდება. … მაგალითად, დღეს ერთმა ქალბატონმა დამირეკა, ექვსი წელიწადია, გათხოვილი ვარ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ქმართან სექსუალური ურთიერთობისას სიამოვნება არ მიმიღიაო.