რა კავშირი არსებობს ფუტურიზმსა და ფაშიზმს შორის

როდესაც თანამედროვე ადამიანი ეცნობა ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს და მათ ღირსეულ წარმომადგენელთა ნამუშევრებს, მის წინაშე მთელი სიცხადით იშლება განსხვავებული მსოფლმხედველობრივი ეპოქები. თუნდაც დადაისტების ან ფუტურისტების გაცნობა , ვფიქრობ, ისტორიის იმ ეპიზოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც დატვირთულია მძაფრი ემოციებით, რეაქციებით და იმ მამოძრავებელი მუხტით, რაც დიდებულ ელფერს ძენს მაშინდელ დროებას და ღრმა კვალს ტოვებს ხელოვნებისა და პოლიტიკის ისტორიაში. ცხადია, ხელოვნება ამგვარი რეაქციებითა და თავისი ეპოქალური გამოძახილებით გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკის მიმდინარეობასა და განვითარებაზე.
საკმაოდ ძლიერი ჯაჭვი აკავშირებს ერთმანეთს იტალიურ ფაშიზმსა და ფუტურიზმს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათი კავშირი არა მარტო მოქმედებაში გამოიხატება, არამედ იმ სულისკვეთებასა და ემოციურ ბმაშია, რაც მუსოლინის იდეოლოგიასა და ფუტურიზმის მიმდინარეობას გააჩნდა.

მაგალითად, ჯაკომო ბალას „ქუჩის ნათება“ მომავლისკენ ხედვას და მის ნათელ სურათს გვპირდება;

ჯინო სევერინის „მოგონებები მოგზაურობაზე“( „Memories of a Trip“), რომელიც ახალი ერის დასაწყისს, ინდუსტრიალიზაციის პროცესს შთაგვაგონებს;

ასევე, ჯინოსივე “ზარბაზნები მოძრაობაში,“ რომელიც პირდაპირ მებრძოლ სულისკვეთებასა და ომის გარდაუვლობაზე გვეასუბრება.
მე-20 საუკუნის დასაწყისში მხატვრებმა სულ უფრო თამამი ექპერიმენტების განხორციელება დაიწყეს, რასაც მათი თანამედროვე ცხოვრება და ხელოვნებასთან დაკავშირებული ახალი თეორიებიც უწყობდა ხელს. ამ მოვლენას „ავანგარდის“ აღზევებასაც უწოდებენ. თვითონ „ავანგარდის“, როგორც ტერმინის განმარტება უკვე გვთავაზობს იმ შესავალს, რომელიც გარკვეულ პირველ ემოციურ დამოკიდებულებას აჩენს მკითხველში. („ავანგარდი“- ფრანგულად ჯარის მოწინავე ნაწილი) პირველი აღფრთოვანება, რაც ჩემში გამოიწვია ფილიპო მარინეტის „ფუტურიზმის მანიფესტმა“ ის იყო, რომ ავტორი, როგორც ფუტურიზმის მესაჭე და ბელადი, ყველგან იყენებს სიტყვა „ჩვენ“,არადა მხოლოდ თვითონ არის ავტორი იმ ტექსტისა, რომელიც ნამდვილ ლიტერატურულ ღირსშესანიშნაობად უნდა ჩაითვალოს. ეს ჟესტი დიდ გავლენას ახდენს ფუტურიზმის მიმდინარეობაზე და იქმნება უზარმაზარი ჯგუფი ფუტურისტებისა მთელი ევროპის მასშტაბით. მარინეტის იდეები აიტაცეს საკმაოდ შორს იტალიის საზღვრებიდან და მისი მიმდევრები გამოჩნდნენ ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, რუსეთში, აშშ-ში, იაპონიასა და მრავალ სხვა ქვეყანაში.მარინეტის გარშემო იკრიბებიან მწერლები,პოეტები,მხატვრები-ხელოვანი ადამიანები. მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე იტალიურ კულტურაში ხელოვნება სწორედ უკავშირდება ფილიპოს სახელს. კითხულობ მანიფესტს და გრძნობ იმ განუმეორებელ ენერგიას, რაც შემდეგ ზუსტი შემოქმედებითი სიცხადით ისახება ფუტურისტების ნამუშევრებში.მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტი შეუსაბამოა დღევანდელი განვითარებული სამყაროსთვის, ვფიქრობ, შთამბეჭდავია თავისი ენერგიული მუხტითა და გადმოცემის ოსტატობით.


საპირისპირო დამოკიდებულება წარსულისადმი და სიახლეებთან მჭიდრო ურთიერთობა, ძალადობის სიყვარული, ომი-გამწმენდი ძალა, ტექნოლოგია და პროგრესი, სამშობლოს კულტი, სიჩქარისა და დინამიურობის მანიაკალური სიყვარული, დაპირისპირება გაბატონებულ აზრზე ანუ წყვეტა რეალობასა და წარსულს შორის, მომავლისაკენ ცქერა- ესაა სწორედ ფუტურიზმის არსი. ისინი უარს ამბობენ წარსულზე, მუზეუმებს კი „სასაფლაოებს“ უწოდებენ, რამდენიმე მათგანმა პარიზის ლუვრის მუზეუმის დაწვაც კი სცადა. ისინი აწმყოთი სიამოვნების მიღებას ქადაგებენ, განსაკუთრებით იმ ძალითა და სიჩქარით, რაც ახალმა მანქანებმა მოიტანეს.მათ ქალის სხეულზე უფრო ლამაზი ეჩვენებათ მანქანის ძრავა, ვინაიდან უპირისპირდებიან გაბატონებულ აზრს ქალის სხეულის სილამაზეზე.ფუტურისტები საკუთარ თავს „ანტიკულტურული, ანტიესთეტიკური და ანტიფილისოფიური“ მოძრაობის წარმომადგენლებად ასახელებდნენ.
„ჩვენი პოზიციის მთავარი ელემეტებია: გაბედულება, სიმამაცე და ბუნტარობა. არ არსებობს სილამაზე ბრძოლის გარეშე, არ არის შედევრი აგრესიულობის გარეშე, ბოლო დრომდე ლიტერატურა უმღეროდა ჩაფიქრებას, უმოძრაობას, ექსტაზსა და ძილს, ჩვენ კი გვინდა ვუმღეროთ შემტევ მოძრაობას, ციებიანის უძილობას, სავარჯიშო ნაბიჯებს, საშიშ ნახტომს და მუშტის დარტყმას“- ნათქვამია მე-2 ფუტურისტულ მანიფესტში.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ფუტურისტებისთვის იდეალია პირველი, ადამიანი -რობოტი, მასებისთვის შექმნილი, ხოლო მეორე , ფუტურისტების მიერ შექმნილი ეტალონი – განსაკუთრებული პიროვნება, რომელიც ემორჩილება ძლიერების კულტს. („რწმენა, მორჩილება, ბრძოლა“)
მთელი ეს გამოხატულება მანიფესტის, ნგრევისა და განადგურების სურვილი, ახალი ეპოქის ადამიანის დაბადება, დინამიურობაში წარმოდგენილი მონასმები პირდაპირ მიგვანიშნებს დიდი რევოლუციური ენერგიის ნაკადსა და აგრესიაში გამოხატულ საბრძოლო სულისკვეთებაზე, რომელიც კარგად შეგვიძლია დავუკავშიროთ მუსოლინის ფაშისტურ იტალიას და იდეოლოგიას.ეს ასპექტები გარკვეულწილად ახლოს იყო ახალგაზრდობის ფაშისტურ კულტთან.


ისტორიულად, უნდა გამოვყოთ ორი ძირითადი მომენტი ფუტურიზმთან. პირველი, 1915-18 წლები, ფუტურიზმი, როგორც ოპოზიციური, საწინააღდმეგო იდეოლოგია, ხოლო მეორე, როცა ინსტიტუციონალიზდება და მისი მთავარი წარმომადგენლები უკავშირდებიან ფაშიზმს.(პროპაგანდისტული ხელოვნება)
მაგალითად, 1924 წელს მარინეტი წერს წიგნს, სტატიების კრებული, „ფაშიზმი და ფუტურიზმი,“რომელც ერთგვარი შეთავაზებაა დუჩესთან თანამშრომლობის. მარინეტი ცდილობდა, რომ ფუტურიზმი გამხდარიყო ოფიციალური ხელოვნება, თუმცა დუჩეს მხოლოდ ერთზე კონცენტრაციის მოხდენა არ მიაჩნდა სწორად. გარდა ფუტურიზმისა, ფაშისტურ იტალიაში ხელოვნების სხვა მიმდინარეობებიც არსებობდა, მაგალითად, „ნოვე ჩენტო,“ რომლის სლოგანიცაა წესრიგის დაბრუნება იტალიაში.
საინტერესო მსჯელობის საგანია იმ პარალელების პოვნა, რომლებიც ფუტურიზმსა და ფაშიზმის აქვს.ჩვენთვის უცნობი არაა, რომ ფილიპო დიდი სიმპათიებით იყო განწყობილი ფაშისტებისადმი, რომელთა იდეოლოგიურ ხედვასა და განვითარებაზე ზეგავლენა მოახდინა ფუტურისტთა მსოფლმხედველობრივმა აღქმამ. ფუტურიზმში პოლიტიკურად კომბინირებულია ანარქისტული რიტორიკა დაკავშირებული უკიდურეს ნაციონალიზმთან, რაც საბოლოოდ ერწყმის ფაშიზმს.
მარინეტის ფუტურიზმა წინასწარ გამოხატა იტალიური ფაშიზმის მისწრაფებანი, რისი ქადაგებაც შემდეგ მუსოლინის ნაცისტურმა პარტიამ იკისრა. ფაშისტური მოძრაობის იდეოლოგია არის ბუნდოვანად სოციალისტური იდეების და რომის იმპერიის სიდიადის კულტით ნაკვები ნაციონალისტური გზნების ნარევი. აქ კარგად ჩანს სამშობლოს კულტი და პიროვნების სრული დამორჩილება სახელმწიფოსადმი. აღსანიშნავია ფაშისტური დოქტრინა- “ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, არაფერი სახელმწიფოს გარეთ.”ფაშისტების თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო სახელმწიფოსთვის და არ უნდა ყოფილიყო არავითარი პროტესტი. მექანიზირებული ადამიანის ერა, რომელიც დაცლილია ყოველგვარი ადამიანური სიამოვნებისგან და ამოძრავებს მხოლოდ ამბოხება და დიადი სულისკვეთება სამშობლოს დასაცავად. მუსოლინიმ შექმნა პიროვნების კულტი იმისთვის, რომ იტალიელებს თაყვანი ეცათ დიქტატორისთვის. ფაშისტი- ესაა მორჩილი, სამშობლოსა და მმართველის ერთგული ადამიანი, რომელიც თავს წირავს ამ ორი იდეალისთვის. სახელმწიფოს ინტერესები ადამიანის უფლებებზე მაღლა დგას.


ფაშიზმის და ფუტურიზმიც ადიდებდა ომს და ძალადობას -„ომი, როგორც ერთადერთი ჰიგიენა სამყაროსი. მილიტარიზმი, პატრიოტიზმი, ანარქისტთა დამანგრეველი ჟესტი, თავგანწირვის ღირსი მშვენიერი იდეები და ქალის მიმართ ზიზღი.“ ფუტურისტები პირველ მსოფლიო ომშიც იღებდნენ მონაწილეობას, მათი ასეთი შეხედულებები პრაქტიკულ ასახვას ჰპოვებდა ფაშისტებთანაც. ისინი იყენებდნენ ბრძოლის რევოლუციურ ტაქტიკას მემარცხენე ბანაკის წინააღმდეგ. მექანიზირებული ადამიანის ერა, რომელიც სამშობლოს გულისთვის წირავს საკუთარ სიცოცხლეს. ალბათ, ქალის სხეულის მიმართ გამოხატული ზიზღიც სწორედ ასეთი ადამიანის ჩამოყალიბებისთვის იყო ნაკარნახები. ადამიანი უნდა დაიცალოს ყოველგვარი გრძნობისგან, გარდა სამშობლოს სიყვარულისა. ასევე, ანტიფემინისტური მიდგომით უპირისპირდებიან გაბატონებულ აზრს ქალის სხეულის სილამაზეზე.


ფაშიზმი იყურებოდა მომავლისკენ და ადგა ინდუსტრიალიზაციის გზას, თუმცა წარსულთან კავშირს არ კარგავდა, ვინაიდან დუჩეს მისწრაფება რომის, როგორც დიდებული იმპერიის გაცოცხლება იყო. მოდერნიზაცია, ინდუსტიალიზაცია იტალიაში სწორედ ფაშიტების შემოტანილი და დამკვიდრებულია. რაც შეეხება პარალელს, რაც მომავლისადმი ყურებას უკავშირდება, უნდა აღვნიშნოთ მანიფესტში წარმოდგენილი ისეთი სიტყვებით, როგორიცაა:“ ჩვენ საუკუნეთა უკიდურეს მწვერვალზე ვდგავართ!.. რატომ უნდა მოვიხედოთ უკან, თუ შეუძლებელის იდუმალი კარების გარღვევა გვსურს? დრო და სივრცე გუშინ გარდაიცვალა.“
1924 წლის შემდეგ ფუტურისტები მჭიდრო ურთერთობაში არიან ფაშისტებთან და მარინეტის „Le Bon-ით“ შთაგონებულნი იყენებენ ყველა საშულებას: კინოს, მანიფესტებს, გაზეთებს, რეკლამებს და შემდეგ უკვე რადიოს პროპაგანდისტული იდეების გასავრცობად. ყველაზე ხილულ ფორმებად ფაშისტური შეხედულებები გამოხატეს ფერწერაში, ქანდაკებაში,ლიტერატურა, პოეზიასა და მუსიკაში და სხვა. განსაკუთრებით საინტერესოა „აეროპიტურის,“ როგორც ფუტურისტთა ახალი ექსპრესიონისტული სკოლის არსებობა 1930-იანი წლებიდან.ისინი იღებდნენ გრანტებსა და ჰქონდათ ხელსაყრელი პირობები, რომ გამოეყენებინათ მათი საყვარელი პერიოდი პროპაგანდისტული იდეების გამოსახატავად. აეროპიტურა შთაგონებული იყო დუჩეს სიყვარულით ყველა მფრინავი მოწყობილობებისადმი. ხატავდნენ საბრძოლო ლანდშაფტებს, აეროდინამიკულ პანორამას, რომელიც ზემოდან, ციდან ეშვება მიწისკენ.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფუტურიზმი  მე-20 საუკუნის კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და არაერთგვაროვანი მხატვრული მოვლენაა. ლიტერატურასა და ხელოვნებაში ძველი ტრადიციებისა და ფორმების რღვევისაკენ მისწრაფება და ახლის შექმნა გამიზნული იყო არა მხოლოდ ესთეტიკის გარდასაქმნელად, არამედ, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა ახალი სამყაროს და ახალი ტიპის ადამიანის შექმნას- სამანქანო ცივილიზაცია და ძლიერი პიროვნება, დაკავშირებული ფაშიზმთან, ტოტალიტარულ რეჟიმთან.
როგორც ვხვდებით, მარინეტმა და მუსოლინმა კარგად შეისწავლეს ბრბოს ფსიქოლოგია და შეძლეს ადამიანთა მანიპულირება მათი მსოფლმხედველობრივი იდეალებით. ორივე იზიარებდა იმ აზრს, რომ მხოლოდ ერთ ქარიზმატული ლიდერს შეეძლო ყველაზე უკეთ გამოეხატა და ემართა ნება-სურვილები და მისწრაფებები. ორივეს აერთიანებდა ინტერვენციონიზმი- ომი, როგორც კატალიზატორი პიროვნების ჩამოყალიბებისა და ეროვნული აღორძინებისთვის. მათი მილიტარიზმი არა მარტო კულტია ძალადობის, არამედ თაყვანისცემა სამხედრო არტეფაქტების, ჭავლების, ტანკების და ყველანაირი ადამიანის ხელით შექმნილი გამანადგურებელი მოწყობილობის, ასევე, განდიდება სამხედრო ძლიერების, საბრძოლო კოსტუმების, პარადების და ზოგადად, ოფიციალური, ორგანიზებული, რეპრესიული და ფიზიკური ძალადობის.

სალომე ეპიტაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები