,,ფული ხელის ჭუჭყია”, ,,სიყვარული ტკივილის გარეშე არ არსებობს” და სხვა სტერეოტიპები, რომლებიც წარმატებაში ხელს გვიშლის

ჩვენი შესაძლებლობები განუსაზღვრელია. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვსურს, ოღონდ ამისთვის უნდა ვიმოქმედოთ. მოქმედებაში კი ერთადერთი რამ, რაც ხელს გვიშლის – შიშია – უარყოფითი გამოცდილების მიღების შედეგად შეძენილი გრძნობა, რომელიც მენტალურ ციხეში, წარმოსახვითი ხელბორკილებით დაბმულს გვამყოფებს და არ გვაძლევს საშუალებას რამე გავაკეთოთ ისეთი ცხოვრების შექმნისთვის, როგორიც გვსურს.

შიში ყოველთვის ტრავმაა და თითქოს საკუთარი ტრავმები არ გვეყოფოდა, სხვების მიღებული ტრავმები დოგმებად ვაქციეთ და ამ ,,სიბრძნის“ გათვალისწინებით ვცხოვრობთ. ეს ფრაზები ყველა ჩვენგანს უთქვამს ცხოვრებაში ერთხელ კი არა ალბათ ბევრჯერ, ყოველ შემთხვევაში მოუსმენია მაინც. ისინი მხოლოდ შეზღუდვებს გვიწესებენ და მათ კარგი არაფერი მოაქვთ.

  1. ,,ფრთხილად უნდა იყო“

ვინც არ რისკავს, შამპანურს არ სვამს. რაც უფრო დიდ საფრთხეებთან მოგვიწევს თვალის გასწორება, მით უფრო საინტერესო ცხოვრება და მდიდარი გამოცდილება გვექნება. განა ამისთვის არ ვართ აქ? ფრთხილად შეგიძლია ლოგინში იწვე, სახლში, მწვერვალებს ვერ დაიპყრობ და ცხოვრებას ვერ ნახავ. ფრთხილად უნდა იყო კი არა, გაბედე!

  1. ,,ჯერ კარგად უნდა აწონ-დაწონო“

,,თითქოს გულმა მიგრძნო“, ,,გულმა რეჩხი მიყო“… ,,გული“ ანუ იგივე შინაგანი ხმა, ინტუიცია ყოველთვის გაცილებით უფრო ადრე ხვდება და გაცილებით უკეთეს გადაწყვეტილებას იღებს, ვიდრე თქვენი ლოგიკა. აი, დაახლოებით ისე ჰოლივუდურ ფილმებში რომ იყო ადრე, განაღმვისას წითელი მავთული უნდა გადაეჭრა თუ მწვანე სულ რომ იტანჯებოდა პერსონაჟი, ერთი რომ ახსოვდა და ბოლო მომენტში მაინც მეორეს რომ გადაჭრიდა ფიქრის გარეშე, ინტუიციით… ჩვენც ხშირად დაგვმართნია ასე. თუკი გრძნობთ რომ სწორი ხართ, რა საჭიროა ბევრი ფიქრი? ის ხშირად დამაბრკოლებლად იქცევა ხოლმე, რადგან არგუმენტირებულად მსჯელობისას ნებისმიერ არგუმენტს კონტრ-არგუმენტი აქვს და გადაწყვეტილებას ვერასოდეს მიიღებთ.

  1. ,,სიყვარული ტკივილის გარეშე არ არსებობს“

თუ გტკენთ, ეს სიყვარულია? ნეტავ რამდენი ადამიანი ცხოვრობს უსიყვარულო ურთიერთობაში, რადგან დარწმუნებულია, რომ უნდა ტკიოდეს. რატომ ვაჯერებთ ამას საკუთარ თავს?

  1. ,,ფული ბინძურია”

მაშინ მე გამომიგზავნეთ! ))) სიმდიდრე ცუდი არ არის, ფულის შოვნაში არაფერია ცუდი, მისი შოვნის და გამოყენების ხერხები შეიძლება იყოს ცუდი. უცებ შეიძლება გენიალური წიგნი დაწერო, ან რამე გენიალური გამოგონება შექმნა, რომელიც კაცობრიობას ცხოვრებას გაუადვილებს და ფული იშოვო, მერე ეს ფული შეიძლება ძალიან ბევრ კეთილ საქმეზე დახარჯო. მეტი სიმარტივისთვის, მშიერის დაპურება რომ შეგიძლია ეს ბოროტებაა? სიბინძურეა?

  1. ,,ბევრი ბაყაყის კოცნა მოგიწევს, სანამ პრინცს შეხვდები”

აუცილებელია? ამქვეყნად ბევრი წყვილი არსებობს სკოლის მერხიდან ცხოვრების ბოლომდე რომ ერთად არიან.

  1.  ,,სიბერე საშინელებაა”

მაშინ რატომ ვუსურვებთ ხანგრძლივ ცხოვრებას ადამიანს? მოვკვდეთ ყველანი 30 წლის ასაკში.

  1. ,,სილამაზე ქრება”

სილამაზე არ ქრება, თვალებიდან მთელი ცხოვრება ანათებს ხოლმე.

  1. ,,ჭკუა ასაკთან ერთად მოდის”

ხანდახან ასაკი მარტო მოდის

  1. ,,ცხოვრება სასტიკია”

ცხოვრება ისეთია, როგორიც შენ ხარ

  1. ,,დიპლომი აუცილებელია”

სტივ ჯობსმა, მარკ ცუკერბერგმა, ბილ გეითსმა ამის გარეშეც მოახერხეს ,,თავის გატანა“. წარმატება სწავლას ახლავს თან და არა დიპლომს. თქვენ შეიძლება კარგი განათლება მოგცეს, მაგრამ მიიღეთ თუ არა, ეს კიდევ საკითხავია.

  1. ,,ცხოვრება ხანმოკლეა”

მე მარადიულობის თეორია უფრო მომწონს.

  1. ,,ღვთის გეშინოდეს”

კი, მაგრამ კეთილიაო, მოწყალეო, ყველაფერს მოგიტევებსო… უბრალოდ რომ გიყვარდეს, არა?

  1. ,,ფული დაზოგე”

რისთვის? სამარეში მიგაქვთ?  ფული კომფორტია, თქვენი შრომის საფასური, რომლითაც უნდა დაისვენოთ და თუ ეს ასე არ ხდება, ესე იგი ტყუილად გიშრომიათ.

  1. ,,სიკვდილი საშიშია”

ეს უბრალოდ იმ ოთახიდან გასვლაა, რომელსაც შეჩვეული ხართ. ჩვენ არ ვიცით რა ხდება ამ ოთახის გარეთ, შეგვიძლია მხოლოდ თეორიები გვქონდეს და რატომ ვირჩევთ მაინცდამაინც ყველაზე საშინელს? მოგვწონს შეშინებული ყოფნა? ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევს გასვლა, რომ უფრო მეტი ვნახოთ. დედამიწა თითქოს დედაა, რომლის მუცელში სამუდამოდ ვერ იჯდები. ოდესმე ჭიპლარი უნდა გაწყდეს და შენ ახალი სამყარო იხილო, რომ დაიბადო! განა ეს გენიალური არ არის?

წყარო:http://dare.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები