ამბავი, რომელსაც ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს, ერთი შეხედვით არაფრით არის გამორჩეული — ასეთი რთული პერიოდები ცხოვრებაში ბევრს გვქონია და გადაგვიტანია. თუმცა მთავარი აქ ის განსაკუთრებული მიდგომაა, რომელმაც ხათუნა მუზაშვილი წარმატებამდე მიიყვანა. ისტორია კი ასე იწყება:
„მინდა გავიხსენო ერთი ამბავი, რომელიც წარმატების მომტან ტრადიციად ვაქციე და ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამ მარტივი „რიტუალით“. მოკლედ, ჩამოჯექით…
წლების წინ მახსოვს, ქუჩაში აღმოვჩნდით მე, ჩემი მეუღლე და ბავშვი. ვიქირავეთ ბინა, თუმცა ისიც კი არ ვიცოდით, შევძლებდით თუ არა ქირის გადახდას. ახალი წელი ახლოვდებოდა.
ჩვენი ნაქირავები სახლი იმდენად ძველი და ჭუჭყიანი იყო, მახსოვს, როგორ გავიხსენე პარკეტის ხეხვა-გათეთრებისა და მასტიკით იატაკის მოპრიალების ტრადიცია… ხელის თითების ბალიშებიც კი მტკიოდა დიდი ხნის დაულაგებელი სახლის ხეხვისგან.
დავასრულე დალაგება, ჩამოვჯექი მასტიკის სუნით გაჟღენთილ უცხო სახლში და მწარედ ავტირდი… ისე, როგორც ბავშვობაში — საკუთარი ცრემლების გემო ყელში რომ გადაგდის და გეშინია, უსამართლობისგან არ დაიხრჩო.
ვტიროდი ყველა ხელიდან გაშვებულ შანსს,
ვერ გამოყენებულ შესაძლებლობებს,
ბედიღბალს, რომელიც მძიმე ჯვარივით მერგო და რომლის მოხსნა და სადმე მიყუდებაც არ შემეძლო…
მერე სიმშვიდე და სიჩუმე მოვიდა, შემდეგ კი — ძლიერი სიმყარე.
— მე მომავალ წელს ამ დროს აუცილებლად მექნება ჩემი სახლი! — ხმამაღლა გამოვუცხადე სამყაროს, სასწრაფოდ ჩავიცვი და გარეთ გავედი.
საახალწლო აქსესუარების მაღაზიაში შევედი… ვეძებდი ნივთს, რომელიც ჩემი “იმ” ახალი სახლის პირველი ნივთი იქნებოდა — იმ სახლის, რომელიც მომავალ წელს უნდა მქონოდა.
შევარჩიე კიდეც.
სახლში სათუთად მოვიტანე და ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე, ნაქირავები სახლის გაყვითლებულ კედელზე ჭიკარტით დავკიდე.
ზუსტად ორი წლის შემდეგ ეს ნივთი ჩემი ახალი სახლის მთავარი საახალწლო აქსესუარი გახდა და დღემდე ასეა — მუდამ ვკიდებ მას გამოსაჩენ ადგილზე იმის ნიშნად, რომ ყველაფერი გამოვა!
ანუ არ არსებობს რაიმე, რაც შეიძლება არ გამოვიდეს!
პ.ს.
-
შენი საოცნებო ცხოვრება დეტალებში წარმოიდგინე;
-
იმ წარმოდგენილი დეტალებიდან აარჩიე ერთი ნივთი და შეიძინე ახლავე — როგორც შენი მიზნის რეალიზების სიმბოლო;
-
განათავსე გამოსაჩენ ადგილზე და ყოველი დანახვისას მტკიცებით ფორმაში გაიმეორე, რომ ეს შენი მიზანი კონკრეტული თარიღისთვის რეალიზდება.
წარმატებები…“ — გვიყვება ხათუნა მუზაშვილი.