ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ვენსან კასელი დღეს 49 წლის გახდა. ფრანგული კინოს თვალსაჩინო ვარსკვლავი 1966 წლის 23 ნოემბერს პარიზში, ფრანგი მსახიობის ჟან–პიერ კასელის ოჯახში დაიბადა.
კასელი ძალიან მკაცრი წესების კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა. სამსახიობო კარიერა მან ნიუ-იორკში დაიწყო, შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ჟან-ლუი ბაროს თეატრში მუშაობდა, სადაც რამდენიმე სპექტაკლში ითამაშა.
მისი წარმატება, პირველ რიგში, რეჟისორის მეტიუ კასოვიცის სახელს უკავშირდება, მან ერთ-ერთმა პირველმა შეამჩნია მისი ნიჭი და ის 1995 წელს სოციალურ დრამაში „ სიძულვილი“ როლზე მოიწვია. „სიძულვილს“ მოჰყვა „დობერმანი“ და „ჟანა დ’არკი“ , სადაც მსახიობმა თავი თავისი თამაშით გამოაჩინა. სურათში “Les Rivieres Pourpres” კასელმა ითამაშა ჟან რენოსთან და თავის მამასთან ჟან–პიერ კასელთან. 2006 წელს მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმში “შაიტანი”. ამ ფილმში დასცინიან ყველაფერს საშიშს. ვენსან კასელი იტალიელ მსახიობ მონიკა ბელუჩიზე იყო დაქორწინებული, თუმცა რომანტიკული ურთიერთობის 17 და ქორწინების 14 წლის შემდეგ მათი ურთიერთობა გაყრით დასრულდა. ვენსან კასელს იტალიელ ვარსკვლავთან ორი გოგონა ჰყავს.