ფრანგი საქმრო, სახელად დაგობერ რენუფი, მას შემდეგ მოექცა ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც საკუთარი საქორწილო კოსტიუმი სარეკლამო სივრცედ აქცია და საკუთარი ქორწილის სრული დაფინანსება შეძლო. Geeks Around Globe-ის მონაცემებით, ცერემონია საფრანგეთში, ქალაქ ლილში, გაიმართა — იქ რენუფმა თავისი სმოკინგი ტექნოლოგიური კომპანიების ლოგოებით დაფარულ „მოსიარულე ბილბორდად“ გადააქცია.
როგორც წყარო წერს, იდეა თავდაპირველად ივლისში, ხუმრობით დაებადა, თუმცა მალევე ვირუსულ მარკეტინგულ ნაბიჯად აქცია: რენუფმა 25-ზე მეტი ახალი ტექნოლოგიური კომპანია მოიზიდა, რომლებმაც სმოკინგზე საკუთარი ლოგოების განთავსება დააფინანსეს, შედეგად კი ქორწილის ყველა ხარჯი დაფარეს. ამ პროცესმა დამოუკიდებელი ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებისა და მეწარმეების განსაკუთრებული ინტერესიც გამოიწვია და ღონისძიება ერთგვარ საერთო დღესასწაულად იქცა.
NDTV-ის ინფორმაციით, სმოკინგზე განთავსებული იყო იმ კომპანიების ლოგოები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის, პროგრამული მომსახურებისა და სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტების მიმართულებით მუშაობენ. თითოეულმა კომპანიამ საკუთარი ლოგოს განთავსებისთვის კონკრეტული თანხა გადაიხადა. თავად რენუფმა განმარტა, რომ მიზნად ჰქონდა ქორწილი დასამახსოვრებელი გაეხადა და ამავდროულად ახალი ტექნოლოგიური ეკოსისტემის მხარდაჭერაც გამოეხატა.
მისმა იდეამ პირადი დღესასწაულისა და სამეწარმეო იდეის წარმატებული შერწყმის გამო ინტერნეტში ფართო მოწონება დაიმსახურა.