ქართულ კინოარსენალში ბევრი კარგი ფილმია, რომელებსაც მაყურებელი ვერ ივიწყებს და ხშირად ისეც ხდება, რომ ფილმიდან მთავარ ფრაზებს ყოველდღიურ მეტყველებაშიც იყენებს. განსაკუთრებით უყვართ კომედიური ჟანრის ფილმები, სადაც სხარტ და ენეკვიმატ გამოთქმებში კარგად ჩანს ქართული ხასიათი.
მოკლედ, კარგი ფილმი ბევრია და მათი შერჩევაც ცოტა გაჭირდა, თუმცა რამდენიმე მაინც გამოვარჩიე.
ფეოლა
“დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას”, “გოლი მინდა, ხედელიძე, ორი გოლი” – ეს ის ცნობილი ფრაზებია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც უთქვამს, უფრო სწორად, გაუმეორებია მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმიდან “ფეოლა”, რომლის დამდგმელი რეჟისორი ბაადურ წულაძეა, სცენარის ავტორი – რეზო გაბრიაძე. მთავარ როლს იპოლიტე ხვიჩია ასრულებს. გადაღებულია 1970 წელს.
ქვევრი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 1970 წელს ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. რეჟისორი – ირაკლი კვირიკაძეა, სცენარის ავტორი – რევაზ გაბრიაძე, მთავარ როლებში: ბუხუტი ზაქარიაძე, ვახტანგ სულაქველიძე.
შერეკილები
ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ფილმია, გადაღებულია 1973 წელს. რეჟისორი – ელდარ შენგელაია. ფილმი სავსეა იუმორითა და სახალისო სცენებით, რომლის ფრაზებიც მაყურებელმა ასევე მალე აიტაცა. ფილმის სცენარი რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის.
“აბა, ახლა გააღე პირი და თქვი, ააა?”, “ხომ გითხარი, გაფრინდებიანო?”, “შე გალსტუკიანო პეპელა”, “თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც გამიყოლეთ”, “სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი”, “გევიდა გაღმა. სად გაღმა?
მარილზე. რა მარილზე? მოკვდა, მოკვდა”, “არა, ის შავი კაცი ვინღა იყო?”
ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი
“ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი” – ქართული მხატვრული ფილმი (რეჟისორი ელდარ შენგელაია) კინოეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა. გადაღებულია რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს, მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული, მოთხრობას არა თუ ვინმე კითხულობს, მისი ყველა ეგზემპლარი უკვალოდ ქრება. იმ დაწესებულებაში ყველა თავის საქმით არის გართული, – დირექტორი გადარბენაზეა – თათბირიდან ბანკეტზე, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერვას, ზოგი საუზმეს ამზადებს, ვიღაც შვებულებაშია თუ მივლინებაში, ლიტმუშაკები ჭადრაკს თამაშობენ, ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერს კითხულობს, მღებავია, რომელსაც ხელიდან აცლიან ხელნაწერის ფურცლებს… “რად უნდა ეს ორი სათაური”, “გავდივარ და უწყისები გზაში დამაწიეთ”, “ყუფარაძემ დარეკა”, “გაიტანეთ ეს სურათი, გა-ი-ტა-ნეთ”, “ბოდიში, ეს ბზარი იყო?” “არაფრის არ მეშინია, არაფრის, მე ტანკისტი ვიყავი, ომამდე”, “დეფიციტში გარღვევა გვაქვს”, “დაანებე ჩემს ცოლს თავი”, “სიგარეტი არ გაქვენ?”, “ა, კიდო შემაქნა”, “გივი ჩვენ ვართ გივი”, “შაბიამნის ახალი პარტია მოიტანეს, არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთ” და ა.შ.
“მიმინო”
ის 1977 წელს გია დანელიას “მოსფილმში” გადაღებული მხატვრული ფილმია. მთავარ როლებში: ვახტანგ კიკაბიძე და ფრუნზიკ მკრტჩიანი არიან. საბჭოთა პერიოდის ამ კომედიამ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1977 წელს ოქროს პრემია მიიღო. მას დღემდე მაღალი რეიტინგი აქვს ინტერნეტის კინობაზარზე.
ვალიკო (“მიმინო”) მიზანდარი ვერტმფრენის პილოტია. მუშაობს ქართულ ავიახაზებზე. ერთხელაც გადაწყვეტს, დიდ ავიაციაში გადავიდეს. ამ მიზნით მოსკოვში მიემგზავრება, სადაც სასტუმროს ნომერში, რუბენ ხაჩიკიანს (სომხეთიდან) ხვდება. ორივე ერთად არაერთ გაუგებარ სიტუაციაში ხვდება. რუბიკა ვალიკოს ციხეში ჩასმისგან იხსნის… ვალიკო საბოლოოდ მაინც მოხვდება დიდ ავიაციაში, თუმცა ვალიკოს ნოსტალგია სამშობლოში დააბრუნებს. ამ ფილმიდანაც მაყურებელს ბევრი სხარტი ფრაზა ახსოვს:
“ვ ეტოი გოსტინიცე ია დირექტორ”, “სნაჩალა პოდუმაი, პატომ გოვორი”, “ტაკიე პილოტი კაკ ვი, ნა ულიცე ნე ვალიაიუტსიაო, გაიგე?”, “ბალიკ ჯან, ია ტებე ადინ უმნი ვეშ სკაჟუ, ნო ტოლკო ტი ნე ობეჟაიშსა”, “ვოტ მუსორნი იაშეკ, ა ტამ ჟენშინა კურილა”…
“სიყვარული ყველას უნდა”
რეჟისორ გიორგი შენგელაიას მუსიკალური კომედია 1980 წელს არის გადაღებული. სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა სამუშაოდ კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჩადის. ის მძღოლს, ბურნუთას შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია, რადგან სოფელში ყველა შეყვარებულია: კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა. ფილმის სცენარის ავტორი ლეილა ბეროშვილია.
კახელების ენაკვიმატობა ყველას მოეხსენება და ეს ფილმიც ვერ გაექცა ამას, რითაც ხალხის საჯარო სიყვარული დაიმსახურა. ახლა კი ფრაზები, რომლებიც ადამიანებს ფილმიდან უყვართ: “ქეთოი წმინდა კერაი გაუმარჯოი”, “რა შაუბრალებელ იყავ, ბიჭო”, “აქ ვერ დაგნებდები, ხირხალ”, “ცეცხლი ჭამა თქენმა პირმა”, “კაცი ნაწუწნ კანფეტს დაამსგავსე”, “უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი”, “რომელ უჭირავ ტრუპკაი? მაიხედე აქეთა, 3-20-ია?” “როგორც ჩემი შვილი იტანჯება, მეც ისე უნდა დავიტანჯო… გამიშვიით!” “ტაში პარიიი”…
არაჩვეულებრივი გამოფენა
გადაღებულია 1968 წელს, რეჟისორი – ელდერ შენგელაია. სცენარი რევაზ გაბრიაძეს ეკუთვნის.
მოქანდაკე აგული ერისთავი მასწავლებლის ნაჩუქარი მარმარილოს ქვისგან არაჩვეულებრივი მონუმენტის შექმნაზე ოცნებობს, მაგრამ აგული მხოლოდ მიცვალებულთა ბიუსტების ავტორად ჩამოყალიბდა, რადგან დიდი ოჯახის პატრონია, რომელიც უნდა არჩინოს. ფილმის ფინალში სევდანარევი იუმორით აღიარებს, რომ ნიჭი ტყუილუბრალოდ გაფლანგა, საოცნებო მარმარილოს ქვა კი მოწაფეს გადაულოცა… ფილმის სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძეა და ცხადია, მისი ჩვეული იუმორი აქაც თავს იჩენს: “მაგისთანა წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანი”, “ცხვირი ჰგავს, გავს, ე.ი. გავს”, “5 კილო, შავი-შავი”, “მე და მამა ვმუშაობთ”, “გველი გამიზრდია უბეში, გველი”, “ვალოდია ვარ ჯინჭრაძე, არ გახსოვს? მარცხნივ ვიჯექი რადიატორთან”, ბატონი ბონა: ,,მე რომ მოვკვდები, ჩემი შვილები შიბლეტებს გამხდიან, გაყიდიან და ვოლგას იყიდიან”, პიპინია ერისთავი: ,,და დაააა… ვოლგა, ვოლგა, მატ რადნაია”…
იმერული ესკიზები
რეჟისორ ნანა მჭედლიძის კომედიური ფილმი 1979 წელს არის გადაღებული. სცენარიც მასვე ეკუთვნის და მთავარ როლშიც თავად არის. ფილმი მეორე მსოფლიო ომამდე და შემდგომი პერიოდის იმერული სოფლის ყოფას ასახავს. ნოველებისა და მინიატურებისგან შედგება, რომელსაც მთავარი გმირი აერთიანებს. მან შრომაში განვლო წუთისოფელი, შვილები და შვილიშვილები დაზარდა, მშობლიური კერა შეინარჩუნა…
იმერული კვიმატი ფრაზები ფილმიდან: “დეპეშა, რავა მომიტანეს?”, “მიცვალებული ადგა”, “ჩემი კანტორის ხალხი მოდის და კაი რამე დოუკარით”, “80 კაპიკი და კიდო მანაააათი. დიდუ, რამდენია?!”, “- აბა, ბავშვებო, რა სარგებლობა მოაქვს მამალს? – ჩინჩლავს! – გაეთრიე გარეთ!” “უჯიკე, ბიჭო, შენ მაგას! – ვაი, შენს პატრონს, შენ თვითონ საჯიკებელი ხარ”, “ბებია, ბებია, ოლია მათხოვარი მევიდაა”, “მატარებელი კარგად რომ გაჩერდება, მერე ჩამოდი”…
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ
1965 წელს ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვითაა გადაღებული. რეჟისორი მიხეილ ჭიაურელია, სცენარი ნოდარ წულეისკირსა და მიხეილ ჭიაურელს ეკუთვნის. ხელოსან ბიჭს, გოგიას ბაზარში სოფლიდან ჩამოსული გოგონა შეუყვარდება. გულის ნადებს გაუმხელს და დანიშნავს. სოფელში მაყრიონით ჩასულ გოგიას ტასია აღარ დახვდება, თავადის ქალის ბრძანებით, გოგო შინამოსამსახურედ ბატონის სახლში წაუყვანიათ. ხანშისესულ, უქნარა ბატონს ტასია მოეწონება და მის ცოლად შერთვას გადაწყვეტს, მაგრამ გოგიას მეგობრები ბატონს პატარძალს წაართმევენ და წყვილი ჯვარს დაიწერს.
მხიარული რომანი
1972 წელს გადაიღეს, რეჟისორი ლევან ხოტივარია. ინკასატორ იპოლიტეს ქალიშვილი სტუდენტ დათოს შეუყვარდება. იპოლიტეს ყველგან თავდამსხმელები ელანდება. ერთი გაუგებრობის გამო ყველა ყაჩაღი ჰგონია. დათო და ეკა ოჯახის დაუკითხავად დაქორწინდებიან. დათოს სიძედ ხილვა იპოლიტეს წყობიდან გამოიყვანს, მაგრამ მერე ყველაფერი გაირკვევა და ბედნიერი წყვილი საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრება.
ფრაზები “მხიარული რომანიდან”: “ტყვიას ტყვიაში აჯენს”, “გულდათუთქული მამა იპოლიტე”, “ნებით მიყვები, შვილო? კი, მამა, ვაიმე, რა დროს მოვესწარ”, “აკოცა, აკოცა, აკოცა? – კინაღამ აკოცა”, “პატივცემულო დავით, მოხიბლული ვარ თქვენი მომკალით”… “სად დავდო? დამადევი თავზე”, “მე თქვენ გამღერებთ ნოტებზე, თუ ვარ იპოლიტე”…