ფიქრები ყველაფერზე და არაფერზე

მე და პეტრე დილაობით ძველი სახლის დარაბებს ვაღებთ:

– დილა მშვიდობისა ქუჩავ, დილა მშვიდობისა მზევ! – რა ბანალურია უკვე ჩვევაში გადასული ეს რიტუალი, მაგრამ დღის ასე დაწყება მაიმედებს, რომ რამდენიმე საათი მაინც არ დამავიწყდება მთავარი – არ დავკარგო თავი სისულელეებში, დავტკბე ურთიერთობით და მეყოს სითამამე არ ვიყო ამპარტავანი.

წამი წამობით იზომება, დრო განუზომლად. ცხოვრებას ცხოვრება ჰკლავს, ჩვენ – ყოველდღიურობა. რას შევადაროთ ეს დღე? – როდესაც უკვე გვავიწყდება. გვავიწყდება მთვარი: დღე, ცხოვრება და ამ ყველაფერში დაკარგული ფუფუნება. გვავიწყდება ადამინები, ვინც გვიყვარს ან ნაკლებად შეეხნენ ჩვენს გრძნობებს, ვინც ჩვენნაირად ფიქრობენ, ან რამეში არ გვეთანხმებიან. არ ვუფრთხილდებით მათაც, ვისთვისაც რაღაცას წარმოვადგენთ.

როდესაც დილაობით ადგომა მიჭირს თავს ახალი დღის პერსპექტვით ვინუგეშებ, როდესაც რამეზე გული მწყდება მომავალზე ფიქრით და ამ ფიქრს, როგორც ყოველთვის არაფრამდე და ყველაფრამდე ერთად მივყავარ.

და მაინც რას შევადარო განვლილი დღე?

მაშინ, როცა არაფერზე მეფიქრება ვიწყებ ფიქრს მოგზაურობაზე. ყოველი ფიქრი კი ,,საკუთარ თავთან მოგზაურობას ემსგავსება’’ და მისი დასრულების შემდეგ ისევ ის, უნუგეშო სევდა მაწვება.

მიჭირს წასვლა და მიჭირს დაბრუნება. მიჭირს გააზრება, რომ ამ ისედაც მძიმე სამყაროს ჩვენი სიტყვები უფრო ამძიმებს. ამძიმებს ნათქვამი, დაწერილი, მოწოლილი. ამძიმებს ბრძოლა პირველობისთვის, ამბიციისთვის, ყოველდღიურობისთვის.

მინდა და ვიქნები ბანალური. ხვალ ისევ გამოვაღებ ძველ დარაბებს და ისევ ვეტყვი პატარა ბიჭს, რომ ცხოვრება მშვენიერია და ერთადერთი რისი გაცემაც და მიღება შეგვიძლია უბრალო, ადამიანური სიყვარული და პატივისცემაა. ესეც ჩემი ფიქრები არაფერზე … გილოცავთ, ხვალ ახალი დღე იწყება და ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია’’.

ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები