ფიქრები ერთ საღამოზე…

– როგორია მოგონება სხვაზე? – სიმწვანეს მუცელში მზე რომ ათოვს, ისეთი…

ყოველი წამი სავსეა წარსულით და ყოველი ასეთი წამი მოქნეული ფუნჯია, თეთრი ნაჭრის ნაგლეჯები კი შენი თვალებია, გაშტერებული. მის ხელშია შენი ყურის ნიჟარაც, სანოტო ხაზებს რომ აბამს და გასმენინებს საკუთარ კომპოზიც(იებს).

ელიტა – საზოგადოების, ან მისი ნაწილის საუკეთესო წარმომადგენლები. გსურს, იყო შენც ამ ელიტის წევრი, იყო გამორჩეული?!! მაშ ასე, აუცილებელი მოთხოვნები: გემოვნება უმაღლეს დონეზე ჩაცმასა და დახურვაში, კიდევ კარგი, კორსეტი მაინცდამაინც აუცილებელი ატრიბუტი აღარაა. ვარცხნილობა აუცილებლად უნდა დაგიჯდეს ოთხჯერ ძვირი, ვიდრე “ამაზონიდან” გამოწერილი შენი სახლის საპონი ღირს.

ხო და, კიდევ მუსიკა. რა თქმა უნდა, კლასიკა ან ჯაზი. მერე რა, რომ ელინგტონზე ან მილერზე არასდროს გსმენია, სამაგიეროდ, ბათუმის ჯაზფესტივალზე “სნუპის” მოვუსმენთ. ეს და კიდევ მცირე ნიუნსები და კი, ბატონო, მე ამაყად გიწოდებ ჩვენი საამაყო ელიტის წევრს. არასდროს მომნატრებია საკუთარი თავი დღემდე. სიცივეა ირგვლივ. დახვეწილი მანერების უკან დაუოკებელი მანკიერება იმალება, ერთი თვალის მოკვრაც კი გაგაშიშვლებს. შინაგანი ხმის ტალღები ზღვის ნაპირზე შეთითხნილ ხატებს ებრძვის, მათ შექმნას უზარმაზარი, დაბრმავებული დრო და ენერგია რომ შეალიე. პატარა პრინცი გაგირბის, სალაპარაკო თემა ამოგწურვიათ. საზოგადოებას ინდივიდები ქმნიან, თუმცა ერთად ყოფნისას მსგავს ნიღბებს მოვერცხლილი სკამის დაკარგვის შიშით ამოეფარებიან. ბეთჰოვენი ჟღერს, შეგიძლია ყურები არ დაძაბო, რადგან იცი, არც სხვას აინტერესებს. ოღონდ თუ ერთი მორცხვი ბიჭი გკითხავს, რას უკრავს ის ქალბატონი ასეთი გრძნობითო, მიუგე: ” რა თქმა უნდა, მთვარის სონატას”, – და ჩაიცინე ცინიკურად. ისიამოვნე სხვისი დახრილი და გაწითლებული სახით. პატარა პრინცს კარგა ხანია დაუტოვებიხარ, როგორც ერთი პატივმოყვარე მეფე, როგორც ერთი ლოთი, როგორც ერთი, საქმოსანი მიატოვა ერთ დროს. ის კვლავ თავის ტრაბახა უსუსურ ყვავილს უსმენს!

ნინა  გალდავა 

კომენტარები

სხვა სიახლეები