გასულ კვირას, უცნაური ფაქტი დაფიქსირდა ფინეთის ქალაქ ეურაში — თუ ისურვებდით იმის გაგებას, საით, რა მიმართულებით მიდიხართ, ამისათვის საკმარისი იყო ცაში აგეხედათ. ზამთრის უკიდურესად დაბალი ტემპერატურის გამო, ქუჩების განათება ჰაერში არსებულ ყინულის კრისტალებში აირეკლა, რის შედეგადაც წარმოიქმნა ატმოსფერული ფენომენი, რომელიც „სინათლის სვეტების“ სახელითაა ცნობილი,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებივი მაუწყებელი, ScienceAlert-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავის მხრივ, სინათლის სვეტები, იშვიათ შემთხვევას არ წარმოადგენს, ისინი ხშირად ჩნდებიან და წარმოქმნიან სინათლის ულამაზეს კოშკებს. თუმცა, 12 იანვარს, საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა ფოტოგრაფი მია ჰეიკილა, რომელსაც საშუალება ჰქონდა ატმოსფერული ფენომენი სრულყოფილად ეხილა თავისი სახლიდან. „ზემოთ ახედვისას, შევნიშნე, რომ ცაში არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის რუკა იყო გამოსახული“, – უთხრა მიამ SpaceWeather-ს. „ცაში ეურას ერთ-ერთი დასახლების ზუსტი, ოღონდ შებრუნებული, სინათლისგან დახატული რუკა იყო გამოსახული“, – ამბობს ფოტოგრაფი. რამდენად შესაძლებელია ეს ყოველივე? – როდესაც ტემპერატურა ყინვის ზღვარზეა, მიწის ზედაპირიდან არც თუ ისე მოშორებით, ჰაერში შესაძლოა წარმოიქმნას ყინულის ბრტყელი, ექვსკუთხა კრისტალები. როდესაც ეს ხდება, ასეთი კრისტალები ერთობლივად წარმოქმნიან უზარმაზარ სარკეს, რომელსაც შეუძლია აირეკლოს სინათლის წყარო, მაგალითად, მიწის ზედაპირზე არსებული ქუჩის განათება. არეკლილი სინათლე უკან, დედამიწაზე იმის გამო დაბრუნდა, რომ ის ცაში არსებულ ყინულის ბრტყელ კრისტალთა ძირს ეცემოდა. სინათლის სვეტები ოპტიკური ფენომენია, რომელიც ჰალოს ოჯახს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოწვეულია სინათლის ურთიერთქმედებით ყინულის კრისტალებთან. თუმცა, სხვა ჰალოებისაგან განსხვავებით, არეკლილი შუქი უკან, დაბლა ბრუნდება და არა გვერდების მიმართულებით. როდესაც ასეთი სინათლის სვეტების საკმარისი რაოდენობა პატარა ტერიტორიაზე წარმოიქმნება, როგორც ეს ეურაში მოხდა, არეკლილმა შუქმა ცაში შესაძლოა წარმოქმნას დაბლა არსებული ქუჩის განათების შებრუნებული სურათი, რა დროსაც მიწაზე მდგომი ადამიანები პირდაპირ ცაში ხედავენ ქუჩების პროექციას. ეურას შემთხვევაში, სინათლემ ცაში წარმოქმნა დაბლა მდებარე ქუჩების ზუსტი, მომაჯადოებელი რუკა. „ფაქტია, რომ ცაში გამოსახული რუკა ბევრად სჯობდა დაბეჭდილს, რადგან ის ასახავდა იმ უკანასკნელ ცვლილებებს, რომლებიც ჯერ ნაბეჭდ რუკაზე არ იყო ასახული“, – წერს SpaceWeather-ი. გალერეაში შეგიძლიათ იხილოთ ცაში გამოსახული და ნამდვილი რუკების შედარება.
წყარო: ScienceAlert