პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე ცნობილი, როგორც ნოტრ-დამი, ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად მიიჩნევა.
ტაძარი აღმართულია კუნძულ სიტეზე. ნოტრ-დამის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს, 1196 წელს კი დასრულდა.
პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველად, პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან მფრინავი საყრდენების აყვანა გათვალისწინებული არ იყო, თუმცა, მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა, თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო, საყრდენების დამატება აუცილებელი გახდა – დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში, ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს, მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დაევიწყებინათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.
იგი ხუთნავიანი კათედრალური ტაძარია; მთავარი ნავის კვადრატული უჯრედებით, მასობრივი სვეტებითა და მძიმე კედლებით ჯერ კიდევ რომანულ სტილზეა ჩაფიქრებული.
ეს დიადი ქმნილება თვალს აჯადოებს თავისი ურიცხვი ქანდაკებებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმიანი დეტალებით. ყოველივე ერთად შეერთებული კი ქმნის მშვენიერ ანსამბლს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, ყოველწლიურად, უამრავი ადამიანი სტუმრობდა, ის ტურისტებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია საფრანგეთში – თავისი ისტორიითა და სიდიადით.
სამწუხარო ფაქტი მოხდა 2019 წლის 15 აპრილს – ხანძარი გაჩნდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის სივრცეში. სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა. ალმა შთანთქა საკათედრო ტაძრის ზედა ნაწილი, მათ შორის – ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი, რომელიც ჩამოინგრა.