უძილობა ანუ ინსომნია ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.
ხშირად მას მხოლოდ ნევროზულ ფონს უკავშირებენ, თუმცა რეალურად გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია – მსუბუქი ნერვიულობით დაწყებული, ქრონიკული დაავადებებით დამთავრებული.
ინსომნიის გამომწვევ მიზეზებზე, მისი მკურნალობისა და პრევენციის გზებზე „რუბრიკას“ სამედიცინო ცენტრ „მედიმედის“ ექიმი-ნევროლოგი თამთა ირემაძე ესაუბრება:
ძილი და მისი ფაზები
ძილი ადამიანის თავის ტვინის აქტივობის ბუნებრივი ციკლის ნაწილია და შედგება რამდენიმე ფაზისგან. ამ შემთხვევაში მის ორ ძირითად მდგომარეობას შევეხებით, ესენია: თვალის სწრაფი მოძრაობის ანუ სწრაფი ძილის (REM) და თვალის ნელი მოძრაობის – ნელი ძილის (NREM) ფაზები.
ნელი ძილის (NREM) ფაზაში ხდება სხეულის აღდგენა, ძვლისა და კუნთოვანი ქსოვილების რეგენერაცია, იმუნური სისტემის გაძლიერება. სწრაფი ძილის (REM) ფაზის დროს კი ადამიანის ძილი შედარებით ზერელეა და სიზმრებსაც, ძირითადად, ამ ფაზაში ვხედავთ. ეს ფაზა მნიშვნელოვანია ტვინის განვითარებისთვის, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის.
ადამიანის ასაკი და ძილის ხანგრძლივობა
ძილის ხანგრძლივობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა: ჩვილებს დღეში 16-18 საათი უნდა ეძინოთ, უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს – 10 საათი, მოზრდილებს – 7-8 საათი. თუმცა, ბიოლოგიური ციკლი შეიძლება, ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური იყოს. მთავარია, როგორი ფუნქციონირების უნარი ექმება ადამიანს მეორე დილით.
50 წლის შემდეგ ძილის ხანგრძლივობა მცირდება და საშუალოდ 5,5- 6 საათს შეადგენს. ხანდაზმულმა ადამიანმა, თუ საღამოს ადრიანად დაიძინებს, შეიძლება გათენებამდე შეასრულოს თავისი ასაკის შესაბამისი ძილის ციკლი და ეს ინსომნიაში არ უნდა აერიოს.
რა არის ინსომნია?
ინსომნია ძილის მოშლაა და ფართოდაა გავრცელებული მოსახლეობაში.
ინსომნია შეიძლება იყოს: ეპიზოდური, ხანმოკლე და ქრონიკული;
ეპიზოდურია ინსომნია, როდესაც ძილის დარღვევა გრძელდება ერთი ან ორი ღამის განმავლობაში; ხანმოკლე ინსომნიის დროს, უძილობა შეიძლება ერთი კვირიდან 3-4 კვირამდე გაგრძელდეს; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძილის დაღვევა ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება – ქრონიკულ ინსომნიასთან გვაქვს საქმე.
გამომწვევი მიზეზები
ეპიზოდური და ხანმოკლე ინსომნია შეიძლება გამოიწვიოს: მსუბუქმა ნერვიულობამ, უჰაერობამ, მოუხერხებელმა საწოლმა, ძილის წინ კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღებამ, ცხოვრების ჩვეული წესის, ძილის წინ სიგარეტის მოწევამ, სიმთვრალემ და ა.შ.
ქრონიკული ინსომნია კი უკვე დაავადებად მიიჩნევა და მისი გამომწვევი მიზეზებიც უფრო მძიმეა: ნევროზი, ფსიქოზი, დეპრესია, სომატური ან ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, ტვინის ორგანული დაავადებები, მწვავე და ქრონიკული დაავადებები და ა.შ.
რა სიმპტომებით ვლინდება ინსომნია?
ინსომნიის სიმპტომებია:
სირთულე ჩაძინებისას;
ზედაპირული ძილი – როცა ადამიანი იძინებს, მაგრამ ხშირად ეღვიძება;
ადრე გაღვიძება;
ძილის შეგრძნების არ ქონა – ადამიანი ფიქრობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში არ ეძინა, მაშინ როცა სინამდვილეში მას გარკვეული პერიოდი ეძინა.
კოშმარული სიზმრები.
ინსომნიის შედეგები:
მუდმივად დაღლილობის შეგრძნება, შენელებული რეაქცია, ინტელექტუალური შესაძლებლობების და მახსოვრობის დაქვეითება, მაღალი წნევა, იმუნიტეტის შესუსტება, გულ–სისხლძარღვთა სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების რისკი…
დიაგნოსტიკა
უძილობის დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება ანამნეზის საფუძველზე.
თუმცა არსებობს ძილის ფაზების, ცალკეული სტადიებისა და დარღვევების კვლევის მეცნიერული მეთოდი, რომელსაც სომნოგრაფია წოდება.
სომნოგრაფიაში მოიაზრება:
ელექტროენცეფალოგრამა – თავის ტვინის ელექტრული აქტივობის რეგისტრაცია; ელექტროოკულოგრამა – თვალების მოძრაობის ფიქსაცია სწრაფი ძილის დროს;
ელექტრომიოგრამა – ნიკაპისა და ფეხის კუნთების ტონუსის განსაზღვრა სწრაფი ძილის დროს;
ელექტროკარდიოგრამა – გულისცემის გრაფიკული გამოსახულება;
სუნთქვისა და სუნთქვითი მოძრაობების შესწავლა;
ოქსიჰემოგლობინით ნაჯერობის დონე – სპეციალური მოწყობილობით სისხლის ჟანგბადით ნაჯერობის შემოწმება.
მკურნალობა
ინსომნიის მკურნალობა დამოკიდებულია მის ფორმებზე.
ხანმოკლე და ქრონიკული ინსომნიის შემთხვევაში, ავადმყოფმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
ინსომნიის საკურნალოდ გამოიყენება:
H1 ჰოსტამინური რეცეპტორების ლოკატორები, როგორებიცაა: დიმედროლი, ტავეგილი, სუპრასტინი და ა.შ.;
ბენზოდიაზეპინები, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია მოსახლეობაში: ფენაზეპამი, დიაზეპამი, ლორაზეპამი და ა.შ.;
თანამედროვე საძილე საშუალება დონორმილი (დოქსილამინი);
ასევე თანამედროვე Z ჰიპნოტიკები: ზოლპიდემი(ივადალი) და ზოპიკლონი (სომნოლი, იმოვანი).
საძილე პრეპარატების თვითნებურად ან მეგობრების რჩევით მიღება არ შეიძლება, რადგან ზოგიერთი მათგანი იწვევს მიჩვევას და საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
ეპიზოდური ინსომნიის დროს კი, რეკომენდებულია ძილის ჰიგიენის მოწესრიგება და მხოლოდ მცენარეული საძილე საშუალებები: სომნარიცი ფორტე, ტრიოსონი, შაკუნი და ა.შ.
რას ითვალისწინებს ძილის ჰიგიენა?
უარი თქვით კოფეინის შემცველ სასმელებზე – ყავა, მაგარი ჩაი, კოკა-კოლა და ა.შ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში;
ადექით ყოველთვის ერთსა და იმავე დროს.
ივახშმეთ დაძინებამდე მინიმუმ სამი საათით ადრე, ხოლო თუ შიმშილმა მაინც შეგაწუხათ – მიირთვით მხოლოდ ხილი ან რძის მსუბუქი პროდუქტები;
ძილის წინ ფეხით გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
ძილის წინ მიიღეთ დამამშვიდებელი მცენარეული ექსტრაქტის თბილი აბაზანა.