ინგლისის საგრაფო საფოლკში არქეოლოგებმა ძველი რომაული ხანის იდუმალ სამარხს მიაგნეს. იქ დაკრძალული ადამიანების უმრავლესობას, რატომღაც თავები სხეულისგან განცალკევებული ჰქონდათ.
უძველეს სამარხს შემთხვევით, სახლის მშენებლობის დროს მიაგნეს. მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ ქალაქი გრეიტ-უელნეტემი რომაული საცხოვრისის ადგილზეა აშენებული, რომელიც ჯერ კიდევ I საუკუნეში დაარსდა.
52 გარდაცვლილიდან, რომლებიც დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნით თარიღდება, „ნორმალურად“ დაკრძალული მხოლოდ 17-ია. დანარჩენების თავის ქალები კი აკურატულად არის მოთავსებული სხეულის გვერდით ან ფეხებს შორის, ხოლო ზოგიერთები საერთოდაც დანარჩენი ჩონჩხისგან მოშორებითაა დამარხული.
ლოგიკური იქნებოდა იმის დაშვება, რომ ეს ჩონჩხები მაგალითად დასჯილ დამნაშავეებს ან ბრძოლაში მოკლულ მტრებს ეკუთვნით, მაგრამ დაკრძალულებს შორის არიან ქალებიც და სხვადასხვა ასაკის ბავშვები. ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან.
საერთოდ, ძველი რომაელები თავიანთ მიცვალებულებს, დაახლოებით, ისევე კრძალავენ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ. მიცვალებულს სადღესასწაულო ტანსაცმელს აცმევდნენ, ფრთხილად აწვენდნენ ზურგზე და მარხავდნენ, ხშირად რაიმე სიმბოლურ ან მნიშვნელოვან ნივთებთან ერთად.
არქეოლოგი ენდრიუ პიჩი, რომელიც სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ძველ რომაულ სამარხში შეიძლება აღმოვაჩინოთ რამდენიმე „არასწორი“ საფლავი, რომელიც ზოგად ტრადიციული წესისგან განსხვავდება. მაგრამ ასეთი საფლავები მაინც გამონაკლისს წარმოადგენს, ხოლო საფოლკში ასეთი საფლავები უმრავლესობას წარმოადგენს.
„საფლავები, სადაც ასეთი „არასწორი“ წყობაა, ძალიან იშვიათად გვხვდება – მთელს ინგლისში ასეთი მხოლოდ 3-4 არსებობს. აქ კი ასეთი საფლავი ძალიან ბევრია. ჩანს, რომ ადგილობრივებისთვის ეს ჩვეული პრაქტიკა იყო“.
საფოლკში და ახლომდებარე საგრაფოებში უამრავი ძველი რომაული სამარხია, თუმცა უთავო ჩონჩხები იქ არასოდეს უპოვიათ. ჯერჯერობით არქეოლოგები აღმოჩენის ზუსტ მიზეზს ვერ ადგენენ. ჩონჩხების ანალიზმა აჩვენა, რომ თავები უკვე სიკვდილის შემდეგ მოკვეთეს. ისინი ფრთხილად განაცალკევეს წინა ყბის მხრიდან.
ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ადგილობრივები ეთაყვანებოდნენ ერთ რომაულ კულტს, რომლის მიხედვითაც, თავი სულის ნაწილად მიიჩნეოდა და შესაძლოა, თავის მოკვეთა სწორედ ადგილობრივი რელიგიური რიტუალის ნაწილი იყო. ახლა მეცნიერები დეტალურად იკვლევენ ძვლებს, რათა დაადასტურონ ან უკუაგდონ ესა თუ ის ვერსია.
ამ დროისთვის კი ნათელია, რომ დაკრძალულთა უმრავლესობა შუახნის ან უფრო ასაკოვნები არიან, თუმცა მათ შორის არის ერთი ძალიან პატარა ბავშვი და კიდევ 9-10 წლის ორი მოზარდი. მეცნიერებმა ისიც კი დაადგინეს, რომ ისინი სიცოცხლის დროს სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო კბილების ცუდი მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ნოყიერად იკვებებოდნენ, მათ შორის არ ამბობდნენ უარს ტკბილეულზეც.
Prev Post
სხვა სიახლეები