ქართველი ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი დილიდან აქტიურად განიხილავს უცნაურ ზარს, რომელიც მათ ტელეფონის ნომერზე დაფიქსირდა.
ზარი განხორციელდა შემდეგი ნომრებიდან: +675 7089 4040; +675 7089 4035; +675 7089 4025. საქართველოს მოქალაქეებს ამ ნომრებიდან ზარი მობილურ ტელეფონზე ბოლო ორი დღეა შესდით. როგორც ირკვევა, აღნიშნული კოდი და ნომერი პაპუა ახალ გვინეაშია რეგისტრირებული, კერძოდ, ქალაქ გოროკაში.
“კვირა დილას, რომ პაპუა ახალი გვინეადან დაგირეკავენ, რა უნდა იფიქრო?”; “რაღაც მაიმუნობაა, გუშინ საღამოს ჩემთანაც შემოვიდა მაგ ნომრიდან ზარი”; “დღეს მეც მომიკითხეს, დილიდან შეტევაზე არიან როგორც ჩანს” – წერენ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები.
აღსანიშნავია, რომ ამ ნომრებიდან უცხოეთის მოქალაქეებსაც ურეკავენ, რადგან მსგავსი პოსტები და ტელეფონის “სქრინები” ფეისბუქზე ძალიან ხშირია. ზარებს ძირითადად აზიის და აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ, თუმცა როგორც ჩანს ამჯერად საქართველოც გახდა სატელეფონო თაღლითობის სამიზნე.
Google-ში აღნიშნული ნომრის მითითებისას პირველივე ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ტელეფონის ნომრიდან სავარაუდოდ თაღლითური სქემით ხორციელდება ზარი.
“მათთვის ვინც არ იცის, როგორ მუშაობს მსგავსი თაღლითური სქემები, გეტყვით რომ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატელეფონო ოპერატორი იყენებს უფასო ხაზს, რომელიც თანხას აჭრის ზარის ადრესატს. თუ ნომერზე უკან გადარეკავთ, საკმაო თანხას ჩამოგაჭრიან ანგარიშიდან და მის გასაჩივრებას ვერ შეძლებთ” – ვკითხულობთ reddit.com-ზე.
კიდევ ერთ ინფორმაციაში საიტიდან shouldianswer.net წერია, რომ ზარის განმახორციელებელი ამით, შესაძლოა იღებდეს წვდომას თქვენი ტელეფონის ანგარიშზე და თანხა ჩამოგაჭრან აღნიშნული ზარისთვის.
შესაბამისად, თუ მსგავსი ნომრებიდან თქვენს მობილურზე ზარი დაფიქსირდა, არც უპასუხოთ და არც გადარეკოთ.
წყარო: ambebi.ge
ნომერზე