უცნობი ფაქტები ოსკარ უაილდის შესახებ

“მე ჩემი საუკუნის კულტურისა და ხელოვნების სიმბოლოს წარმოვადგენ”,- ამ სიტყვების ავტორი ოსკარ უაილდია.
1854 წლის 16 ოქტომბერს, დუბლინში, უიალდების ოჯახში მოევლინა ქვეყანას. მისი მშობლები ექსცენტრიულობითა და ბოჰემური ცხოვრების სიყვარულით გამოირჩეოდნენ. დედას უცნაური ხასიათი ჰქონდა: ოცნებობდა, რომ მეორე შვილი გოგონა ყოფილიყო და როცა ბიჭი _ უაილდი დაიბადა, კარგა ხანს აცმევდა გოგონას ტანსაცმელს. ასევე, ჰყავდა 2 და, რომლებიც მოგვიანებით დამწვრობისგან გარდაიცვალნენ.
უაილდი იყო ელეგანტური ,ნიჭიერებითა და ქარიზმატულობით დაჯილდოებული პიროვნება.ოქსფორდში სწავლიდან მოყოლებული, ჩაცმის განსაკუთრებული დახვეწილი სტილით , ეპატაჟურობითა და ორიგინალური იდეებით გამოირჩეოდა. იყო ხელგაშლილი, სკანდალური, თავდაჯერებული და ჰედონიზმისა და დიდებისკენ მიდრეკილი . მისი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან გამომდინარე, ზოგს წმინდანად მიაჩნდა, ზოგი – ანტიქრისტედ აღიქვამდა.
“ჩემი საზრუნავი მხოლოდ ის არის, საკუთარი პიროვნება ხელოვნების ქმნილებად ვაქციო“, – ამბობდა ხელოვნებითა და ნარცისიზმით შეპყრობილი მწერალი. თანამედროვეების მტკიცებით, ლონდონის ცნობილ ქუჩაზე, პიკადილზე შროშანით ხელში მოსეირნე გრძელთმიანი უაილდი გამვლელთა ყურადღებას იქცევდა. (ტიციან ტაბიძე გარეგნობით ამსგავსებდა თავს უაილდს და მასავით ყვავილების სიყვარული დასჩემდა – საღილეში წითელ მიხაკს იმაგრებდა), „უაილდის პროფილი… ცისფერი თვალები“.
სიმართლის მოყვარული , მეამბოხე და შაბლონების წინააღმდეგი დენდი თავისი შემოქმედებით მოურიდებლად ამხელდა ვიქტორიანული საზოგადოების ნაკლოვანებებს. მისი პიესებით ღიად აცხადებდა, რომ თანამედროვე მორალი სისულელე იყო, იდეალები – ილუზიური.
კრიტიკოსების თქმით, მან ლიტერატურის ახალ სტილს ჩაუყარა საფუძველი, დახვეწილი ტექსტით გადმოცემული ლაკონური, ცინიკური ან სატირული წერის მანერით, შექმნა ახალი მიმდინარეობა, სახელად სოციალური სატირა. “მან კომედია დაუბრუნა ინგლისურ სცენას და ლიტერატურა დაუახლოვა ადამიანებს“, -აღნიშნავდნენ ისინი.
მისი ცხოვრების წესი კი თითქოს გამოწვევა იყო ინგლისური კონსერვატორი საზოგადოებისთვის – ბოჰემური საღამოები, მეგობრობა ყველა კლასის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებთან , ეპატაჟური მანერები..ახლგაზრდა ვაჟებისა და სასმელის სიყვარული და ამასთან დაკავშირებული დამაბნეველი ფრაზები:”თუკი რამეს ვისწავლი, ისევ ჩემზე ახალგაზრდებისგან” ან “ახალგაზრდობის უკან დასაბრუნებლად, მზად ვარ აბსოლუტურად ყველაფრისათვის, გარდა ვარჯიშისა, დილით ადრე ადგომისა და პატიოსნებისა.”
თავის თავს უაილდი ზოგჯერ “მე19 საუკუნის მაწანწალა ძაღლს უწოდებდა”.
“ხელოვნება ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა“ ,- აღნიშნავდა ის და თავს ნამდვილ ხელოვანად თვლიდა, ამ სიტყვას კი ყოველთვის დიდი ასოთი წერდა.
ჩაბმული იყო ახალგაზრდულ დეკადენტურ მოძრაობაში “ ხელოვნება ხელოვნებისთვის“. ამ მოძრაობის გავლენით 1882 წელს ლექციებს კითხულობდა დასავლეთ ამერიკასა და ინგლისში ხელოვნებასა და ესთეტიზმზე. მოგვიანებით, დაწერა წიგნი მის ამერიკულ შთაბეჭდილებებზე.
untitled
ახალგაზრდობის წლებში თავდავიწყებით იყო შეყვარებული ფლორენცია მალკომბზე, რომელიც მოგვიანებით „დრაკულას” ავტორს გაჰყვა ცოლად. ოსკარს დიდხანს არ უდარდია და 3-წლიანი ეპისტოლარული სიყვარულის შემდეგ, 1884 წელს, ცოლად კონსტანს ლოიდი შეირთო, რომელთანაც 2 ბიჭი შეეძინა – სივილი და ვივიენი. პირველ პერიოდში ის სამაგალითო მამა და ქმარი იყო, მაგრამ ფუფუნების და გართობის სიყვარულმა მაინც თავისი გაიტანა და თავისუფლება ოჯახის სიყვარულზე ძვირფასი აღმოჩნდა.
“მამაკაცებს ქორწინებისკენ დაღლილობა უბიძგებს, ქალს – ცნობისმოყვარეობა, საბოლოოდ კი, ორივე იმედგაცრუებული რჩება.“
კონსტანსმა უაილდი, პირდაპირი გაგებით, სიკვდილისგან იხსნა. ოქსფორდიდან მოყოლებული, გაუკუღმართებული ცხოვრების წესისგან გამომდინარე, მწერალი სიფილისის მძაფრი ფორმით იტანჯებოდა. მისი ბიოგრაფები, ამ ფაქტზე დაყრდობით, აცხადებენ, რომ იგი მიდრეკილი იყო ჰომოსექსუალიზმისაკენ. დაავადებიდან გამომდინარე, უაილდს მკვეთრად შეეცვალა კბილების ფერი, ხასიათი, თუმცა 2-წლიანი მკურნალობის შემდეგ, რეციდივი არ ყოფილა.
32 წლის ქორწინებაში მყოფმა უაილდმა შექმნა ზღაპრები, რომელსაც თავდაპირველად მისი შვილებისთვის თხზავდა, მოთხრობები და საკულტო რომანი “დორიან გრეის პორტრეტი. უაილდი ზედმიწევნით ჰგავდა მის გმირს, დორიან გრეის. ორიგინალში ის ზუსტად ასეა დახასიათებული: ცისფერთვალება, ქერათმიანი არისტოკრატი, დახვეწილი მანერებითა და ქარიზმატული გარეგნობით. დორიან გრეის მუქთმიანი პერსონაჟი თავდაპირველს მოგვიანებით, კინემატოგრაფების სურვილით ჩაენაცვლა, რომანმა მწერლის პირად ცხოვრებაში საბედისწერო როლი შეასრულა – მისი წყალობით გაიცნო მომავალი ფავორიტი, ალფრედ დუგლასი.ახალგაზრდა პოეტს წიგნი 11-ჯერ ჰქონდა წაკითხული და ცდილობდა, შეხვედროდა იმ კაცს, რომლის ნაწარმოებმა ასე მაგიურად იმოქმედა მასზე. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 37 წლის ოსკარს თავდავიწყებით შეუყვარდა 21 წლის ალფრედ “ ბოსი“ დუგლასი და სკანდალის ახალი ტალღაც აგორდა.ისინი ერთად მოგზაურობდნენ პარიზში, ალჟირში, ფლორენციასა და ლონდონში. “ამორალური წიგნის ავტორმა”, როგორც იმდროინდელი ინგლისი უწოდებდა, თითქოს წინასწარ აღწერა მისი და დუგლასის ურთიერთობა.
რაც შეეხება მის ყველაზე სრულყოფილ და საკულტო რომანს, ის დაიწერა სამ კვირაში, ეკრანიზებულია 25-ჯერ და თარგმნილია თითქმის ყველა ენაზე. 1891 წელს ის ავტორმა მეორედ შეასწორა და ცალკე წიგნად გამოიცა თავად ავტორის მიერ. როგორც ამბობენ,წამყვანი ფიგურა – სერ ჰენრი ოსკარის რეალური სახეა.
მედიცინაში არსებობს დაავადება „დორიან გრეის სინდრომი“ — ფიზიკური დაბერების შიში. ოსკარ უაილდმა მედიცინას ახალი „იდეა“ მოაწოდა – ახალგაზრდობის შენარჩუნება, რომელიც თანამედროვე მედიცინამ პლასტიკური ქირურგიის წყალობით გახადა შესაძლებელი.
87877887
ალფრედ ბოსისი მამამ შვილის გზას აცდენა ოსკარს დააბრალა და პირადი შეურაცხყოფა მიაყენა. ოსკარმა ეს ვერ აიტანა და საქმე სასამართლომდე მივიდა, სადაც ამ საიდუმლოს ყველა დაფარული დეტალი გამოაშკარავდა. “მე სიყვარულს ვამჯობინებ გატაცებას ეს უფრო ამაღლებული გრძნობაა“, – განაცხადა სასამართლოზე უაილდმა. თუმცა სოდომური ცოდვის ბრალდებით, რომელიც მანამდე არაერთხელ შეუმჩნევიათ, 2-წლიანი ციხე მიუსაჯეს და ოქროს ბიჭუნას ბობოქარი ცხოვრებაც დასრულდა. ამბობენ, რომ ალფრედის მამამ ეს ოსკარის მამაზე შურისძიებით გააკეთა, უაილდი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა , ალფრედისთვისაც ეს მოვლენა მთელი ცხოვრება დიდ დაბრკოლებად იქცა და მიუხედავად მისი პოეტური შემოქმედებისა, მაინც უაილდის ფავორიტის სახელით შევიდა ისტორიაში.

9999
კადრი ფილმიდან “უაილდი” (1997)ოსკარი სტივენ ფრაი , ბოსი_ ჯად ლოუ .
1894 წელს ლორდ ალფრედ ბოსი დუგლასმა ფრანგულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა „სალომეა“, რომელიც უაილდმა ციხეში დაწერა (მწერალი თავისუფლად ფლობდა იტალიურს, ფრანგულს, ძველ ბერძნულსა და ინგლისურ ენებს).პიესა, მისი ბიბლიური სიუჟეტის გამო, კარგა ხანს აკრძალული იყო, არავინ თანხმდებოდა მის დადგმას. ალფრედის დაჟინებული ცდის შემდეგ, 1896 წელს, როგორც იქნა, ნავსი გატყდა და მისი პრემიერა პარიზის „კომედი დე ფრანსეზში „შედგა. როგორც ამბობენ, ლეგენდარული სარა ბერნარი მაშინ ერთადერთი მსახიობი იყო, რომელიც სალომეას როლზე დათანხმდა.საზოგადოება ნელ-ნელა “ურიგდებოდა” დატუსაღებულ უაილდს.

“სალომეა“ სხვა ხელოვანების შთაგონების წყარო გახდა. პიესის მიხედვით დაიდგა სპექტაკლები, ოპერები, ბალეტები. მასზე რიჰარდ შტრაუსმა იმავე სახელწოდების ოპერა შექმნა. ამან თანამედროვე მუსიკალურ სამყაროზე მოახდინა გავლენა: ”The Smashing Pumpkins”- მა შეთხზა სიმღერა_ “Stand Inside Your Love” და U2’s “Mysterious Ways” and “Salome”. ასევე, გადაიღეს ფილმი, რომელშიც მეფე ჰეროდეს როლს ალ პაჩინო ასრულებს.
1897 წელს უაილდი ციხიდან გამოდის. საზოგადოებისგან გარიყული, მორალურად განადგურებული პარიზში მიემგზავრება და დედის ბაბუის წიგნის პერსონაჟის სახელით – სებასტიან მალმოტით იწყებს ცხოვრებას.მისი ოჯახი ლონდონიდან შორს გადავიდა, ცოლის გადაწყვეტილებით, ბავშვებმა სახელები შეიცვალეს და მამა აღარ უნახავთ. მიუხედავად კონსტანსასა და მარკიზის ოჯახის წინააღმდეგობისა, ალფრედმა მაინც ინახულა უაილდი და ფულადი დახმარებაც გაუწია. მთელი პატიმრობის მანძილზე მწერალი სასიყვარულო ბარათებს უგზავნიდა “ბოსის”, თუმცა საპასუხოდ ერთიც არ მიუღია.”ფსკერიდან”- ციხეში შესრულებული ესსეა, რომელიც მთლიანად მას მიუძღვნა.
მწერლის 2 საფლავი არსებობდა ერთი- სადაც 9 წლის განმავლობაში სებასტიან მალმოტის სახელით განისვენებდა და მეორე ,საბოლოოდ, საკუთარი სახელითა და გვარით. ამჟამად ის პარიზის პრესტიჟულ სასაფლაოზე – ლა შაზიზე განისვენებს , მის საფლავს ზღაპრული ფენიქსის ქანდაკება ამშვენებს, რომელიც შუშითაა დაფარული, თაყვანისმცემლების ბაგეების შეხებით რომ არ დაზიანდეს.
და ბოლოს, ოსკარ უაილდის რამდენიმე გამონათქვამი:
“ყველაფერი პოპულარული არასწორია”.
“არასდროს ენდოთ ქალს, რომელიც თავის ნამდვილ ასაკს გაგიმჟღავნებთ.”
“მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი, მე ვარ.”
“ხელოვნება ცხოვრების სუროგატია, ამიტომაც ხელოვნება უყვართ მათ, ვისაც ცხოვრება არ შეუძლია.”
“მე შემიძლია, გავუძლო აბსოლუტურად ყველაფერს, გარდა ცდუნებისა”.
“მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბლით, ნაცნობებს- კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს- მათი ინტელექტით. (“დორიან გრეის პორტრეტი”).
“ცხოვრება ყველაზე იშვიათი რამაა დედამიწაზე. ხალხის უმეტესობა უბრალოდ არსებობს”
“საოცრად ერთგული ადამიანი ვარ, სასიყვარულო ურთიერთობებს თუ არ ჩავთვლით”.
“.მოდური ისაა, რასაც თავად ატარებს კაცი,სხვები რასაც იცვამენ, ის კი არაა მოდური.”
“ცხოვრებამ ის მასწავლა, რომ ადამიანმა, რომელსაც ერთხელ უკვე დასდეს უსინდისო საქციელში ბრალი, შეიძლება კიდევ ერთხელ ჩაიდინოს მსგავსი რამ და ასეთებს უნდა ვერიდო.”
“ცინიკოსი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ არაფრის ღირებულება არ ესმის. სენტიმენტალისტი კი არის ის, რომელიც ყველაფერში სულელურ ღირებულებებს დაეძებს და ვერაფრის საბაზრო ფასი ვერ გაუგია”(“იდეალური ქმარი”).
“ქალსა და კაცს შორის მეგობრობა შეუძლებელია. ვნება , ტრფობა , მტრობა – მაგრამ არა მეგობრობა”.(“ლედი უინდერმარის მარაო”).
“მეოცნებესავით იყურები. არ უნდა იოცნებო, მხოლოდ ავადმყოფები ოცნებობენ”.(“სალომეა”)
“არასოდეს არ დაუჯერო არანაირ რჩევას, არც ამას”.

წყარო: angel.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები