უცნობი დეტალები ფილმიდან „ბედის ირონია, ანუ გაამოთ აბანო!

საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საახალწლო ფილმი — ბედის ირონია, ანუ გაამოთ აბანო! — მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი სიუჟეტის მიღმა, დღემდე ინახავს არაერთ გაუხმაურებელ, საინტერესო ფაქტსა და კურიოზს.

სცენარის მიღმა დარჩენილი ფრაზები

ფრაზები — „რა საზიზღრობაა ეს თქვენი ჟელესებური თევზი“ და „ოჰ, უკვე თბილი მოდის“ — სცენარში თავიდანვე არ ყოფილა. ეს რეპლიკები მსახიობ იური იაკოვლევის იმპროვიზაციის შედეგად გაჩნდა და საბოლოოდ ფილმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფრაზებად იქცა.

რეჟისორი ეკრანზე

ელდარ რიაზანოვმა ფილმში ეპიზოდური როლი შეასრულა — ავიამგზავრის, რომელსაც მძინარე ჟენია ლუკაშინი მთელი ფრენის განმავლობაში მხარზე ეყრდნობა.

თავად რეჟისორის თქმით, ის უკმაყოფილო დარჩა გადაღებული კადრებით, რადგან ეკრანზე აშკარად ჩანდა მისი გამელოტებული თმა…

სად მიმდინარეობდა გადაღებები

ფილმის გადაღებები მოსკოვში, ვერნადსკის გამზირზე მდებარე სახლში (№125) მიმდინარეობდა. შენობა ექსპერიმენტული პროექტით იყო აგებული და ამ ტიპის მხოლოდ სამი სახლი არსებობდა ამავე გამზირზე.

ლენინგრადის ბინის“ ინტერიერის სცენები მეზობელ, №113 ნომერში მდებარე სახლში გადაიღეს.

2003 წელს, №125 სახლზე დამონტაჟდა მემორიალური დაფა ბარბარა ბრილსკასა და ანდრეი მიაგკოვის გამოსახულებით, თუმცა დაფა არაერთხელ მოიპარეს და მისი აღდგენა რამდენჯერმე გახდა საჭირო.

მთავარი როლის შემსრულებლის ძიება

ჟენია ლუკაშინის როლის შესრულება ანდრეი მირონოვს სურდა, თუმცა ელდარ რიაზანოვი მას მხოლოდ იპოლიტის როლისთვის განიხილავდა.

ლუკაშინის როლზე ასევე განიხილებოდნენ პიოტრ ველიამინოვი და სტანისლავ ლიუბშინი.

კინო და სატელევიზიო ვერსიები

ფილმის ტელე პრემიერა 1976 წლის 1 იანვარს შედგა, თუმცა მოგვიანებით, 16 აგვისტოს, ის კინოთეატრებშიც გამოვიდა.

კინოვერსია სატელევიზიო ვერსიაზე თითქმის ნახევარი საათით მოკლეა და მისი ხანგრძლივობა 155 წუთს შეადგენს.

ნადია შეველევა — რთული არჩევანი

თავდაპირველად ნადია შეველევას როლის სინჯებზე მიწვეულები იყვნენ: ლიუდმილა გურჩენკო, სვეტლანა ნემოლიაევა, ანტონინა შურანოვა, კიროვის დრამატული თეატრის მსახიობი მერიმსონი და სხვა მსახიობები.

კომპოზიტორი მიქაელ ტარივერდიევი დაჟინებით სთხოვდა რეჟისორს, როლზე ალისა ფრეინდლიხი მიეწვია.სწორედ ამ დროს რიაზანოვს გაახსენდა პოლონური მელოდრამა – „სიყვარულის ანატომია“, სადაც ქალის მთავარი როლი ბარბარა ბრილსკამ შეასრულა. რეჟისორმა მოიძია მისი ტელეფონის ნომერი, ვარშავაში დაურეკა და სცენარი გაუგზავნა. ტექსტის წაკითხვის შემდეგ ბრილსკა მოსკოვში სინჯებში მონაწილეობის მისაღებად გაფრინდა. საბოლოოდ, მისი შესრულება ფილმს ყველაზე მეტად მოუხდა.

აბანოს სცენა 

მეგობრების შეკრების ამსახველი ცნობილი აბანოს სცენა, რომელიც სიუჟეტში ახალ წლამდე ვითარდება, რეალურად პირველი მაისის დღესასწაულების შემდეგ გადაიღეს – „მოსფილმის“ ერთ-ერთ დერეფანში, კიბის ქვეშ, სპეციალურად დაამონტაჟეს აბანოს სკამები და სასწორები.

კატანიანის“ გვარის ეპიზოდი

ფილმის დასაწყისში ჟენია და გალია საუბარში რამდენჯერმე ახსენებენ ადამიანს გვარად – კატანიანი, რომელიც მათ ახალ წელს თავისთან ეპატიჟებოდა. იგივე გვარი ჩნდება რიაზანოვის სხვა ფილმშიც — „დავიწყებული მელოდია ფლეიტისთვის“. ვარაუდობენ, რომ ამ გზით რეჟისორმა თავისი სტუდენტობის მეგობარი, რეჟისორი ვასილი კატანიანი უკვდავყო, რომელთანაც 1950-იან წლებში დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობდა.

რომელი წელი დგება ფილმში

იპოლიტის წასვლის შემდეგ, ტელევიზორში ჩანს, რომ ეკრანზე  გადის ფილმი – „ჩალის ქუდი“, რომლის პირველი ჩვენება 1974 წლის 31 დეკემბერს გაიმართა. ეს დეტალი მიუთითებს, რომ ფილმის გმირები 1975 წელს ხვდებიან.

გადაღების ვადები

ფილმის გადაღებები 1975 წლის 22 იანვრიდან ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

შეცდომები ფილმში

  • საწყის ტიტრებში სიტყვაში – „განსაკუთრებით“ ერთი ასო გამოტოვებულია.
  • ჟენია ლუკაშინი ლენინგრადში დომოდედოვოს აეროპორტიდან მიფრინავს, მაშინ, როცა იმ პერიოდში ჩრდილოეთისა და დასავლეთის რეისები შერემეტიევო-1-დან სრულდებოდა.
  • მოსკოვში 1958 წლიდან არსებობდა მშენებლების მესამე ქუჩა, თუმცა 1963 წელს მას სახელი გადაერქვა და დღეს იგი მარია ულიანოვას ქუჩის სახელით არის ცნობილი. ამ ქუჩაზე მდებარე №25 სახლი ტიპური ხუთსართულიანი „ხრუშჩოვკაა“. ლენინგრადში კი მშენებლების მესამე ქუჩა არასოდეს არსებობდა. სამაგიეროდ, 1955–1962 წლებში ქალაქში ერთდროულად ორი მშენებლების ქუჩა იყო: ერთი — კრასნოგვარდეისკის რაიონის სამრეწველო ზონაში, რომელსაც დღეს ბოქსიტოგორსკაიას ქუჩა ეწოდება, ხოლო მეორე — კიროვის რაიონში, რომელიც ამჟამად მარინესკოს ქუჩის სახელით არის ცნობილი.
  • ფანჯრიდან იპოლიტის ფოტოს გადაგდების შემდეგ ნადია თოვლიდან უკვე სხვა მსახიობის — ოლეგ ბასილაშვილის ფოტოს იღებს. თავდაპირველად იპოლიტის როლი მას უნდა შეესრულებინა, თუმცა მამის გარდაცვალების გამო გადაღებებში მონაწილეობა ვეღარ შეძლო, ხოლო სცენის ხელახლა გადაღება თოვლის დნობამ შეუძლებელი გახადა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები