ამქვეყნად მრავალი უცნაური ტრადიცია არსებობს – სხვადასხვა ქვეყანასა თუ ტომში. თვით ჩვენი ბევრი ტრადიციაც შეიძლება სხვა ქვეყნის მცხოვრებლებისთვის უცნაურად ჩანდეს, თუმცა არსებობს ისეთი წეს-ჩვეულებები, რომლებიც დანარჩენ საზოგადოებას აღაშფოთებს, აოგნებს და ანცვიფრებს, მით უმეტეს, თუ ამ ტრადიციებს ფიზიკური თუ სულიერი ტკივილი მოაქვს და მათ მიდევნას ბავშვებს სთხოვენ. ასეთ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე შიგადაშიგ გიამბობთ ხოლმე. ამჯერად ტაილანდში მცხოვრები ტომის, პადაუნდის წარმომადგენელთა ტრადიციას შევეხებით, რომელშიც პატარები მეტისმეტად აქტიურად არიან ჩართულები და მათი ცხოვრება მთლიანად იცვლება, ტომის წესების თანახმად.
ამ ტომს უძველესი ტრადიცია აქვს – ქალებს ლითონის რგოლებით უგრძელებენ კისერს. რაც ყველაზე მთავარია, პირველ რგოლს ჯერ კიდევ 5 წლის ბავშვს უკეთებენ, მერე კი, მთელი ცხოვრების განმავლობაში უმატებენ. ამ ტომის ქალებს ჟირაფსებსაც უწოდებენ ამ უცნაური წესის გამო. ხოლო თუ რატომ აკეთებენ ამას, ამაზე ტომის წევრებს ასეთი პასუხი აქვთ: გრძელი კისერი სილამაზისა და კეთილდღეობის ნიშანია.
თითოეული რგოლის სისქე დაახლოებით ერთი სანტიმეტრია. უკვე მოზრდილ ქალს ორ ათეულამდე რგოლი აქვს, რომელთა საერთო წონა დაახლოებით 5 კილოგრამია. ადვილი წარმოსადგენია, როგორი
იქნება ქალისთვის ამ წონის ზიდვა, რომ აღარაფერი ვთქვათ დამახინჯებულ კისერსა და ხერხემალზე.
ადრე მიიჩნეოდა, რომ რგოლები კისრის მალებს აგრძელებდა, თუმცა სინამდვილეში მხრების ზონის დეფორმაცია ხდება, რადგან რგოლების სიმძიმით მხრები თანდათან ძირს ეშვება და როგორც სპეციალისტები ამბობენ, თავად კისერი არ განიცდის ცვლილებებს.
ქალებს შეუძლიათ რგოლების მოხსნა და ისევ გაკეთება და ამტკიცებენ, რომ თუ რგოლების ტარებაზე უარს იტყვიან, კისერი ერთი წლიდან სამ წლამდე პერიოდში აღდგება ჩვეული ფორმით.
ეს ქალები რგოლებს ატარებენ ხელებსა და ფეხებზეც. ბავშვებისთვის ეს განსაკუთრებით მძიმე ტვირთია. თუმცა ამ ტრადიციაზე უარს არ ამბობენ. სავარაუდოდ, ეს ერთგვარი ბიზნესიც არის – სწორედ ამ უჩვეულო ტრადიციის გამო იზიდავს ეს ტომი ტურისტებს, რომლებიც საკმაო თანხებს უხდიან ამ ქალებს სურათების გადაღებაში თუ უბრალოდ, დათვალიერებაში.
წყარო: www.mshoblebi.ge