“მომავალ მძახლებს დანათესავება ძალიან უნდოდათ”
ალბათ ძნელია, როცა დედამთილთან ურთიერთობის დალაგებას ვერ ახერხებ, მაგრამ უფრო ძნელია, როცა ოჯახის წევრების უმრავლესობა ვერ გიგებს. ჩემი რესპონდენტი – 27 წლის ნანა ამბობს, რომ ოჯახში, სადაც 2 წლის წინ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ამოყო თავი, არაფრის უფლებას არ აძლევენ. გამუდმებით უწევს იმის დამტკიცება, რომ რაღაცის გაკეთება კარგადაც შეუძლია, მაგრამ მისთვის ყველაზე მეტად აუტანელი ის არის, რომ ექიმებთან, ექიმბაშებთან და მკითხავებთანაც კი ხშირად დაატარებენ, – შვილი არ უჩნდებაო…
– არადა, ექიმი ამბობს, რომ ბავშვი მეყოლება. უბრალოდ, ამისთვის დროა საჭირო. მეც და ჩემი ქმარიც ყველანაირად გამოგვიკვლიეს. არ გვაქვს ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა და ალბათ, უფლის ნებაა, ბავშვიც რომ არ გვიჩნდება. სულაც არ მინდა, პატარის გამო მივეჯაჭვო ამ ადამიანებს, მაგრამ არც დაშორება გამოდის და ორ ცეცხლშუა ვარ.
– თუ ქმრის ოჯახში თავს კარგად ვერ გრძნობ და არც მეუღლე გიყვარს, თავის დროზე რატომ გაჰყევი ცოლად?
– თქვენ გგონიათ, მე მინდოდა? უბრალოდ, სიტუაციამ მოიტანა ასე. მურადს წლებია, ვიცნობ. მას ყოველთვის მოვწონდი, მე კი მის მიმართ გრძნობა არასდროს მქონია. სულ სხვა ადამიანზე ვიყავი შეყვარებული, იმ ბიჭსაც მოვწონდი და გეგმებს ვაწყობდით. ჩემი რჩეული მშობლებს არ მოსწონდათ, გამუდმებით იმას მიკიჟინებდნენ, – ეს ბიჭი შენი შესაფერისი არ არის. მას თუ გაჰყვები, ცხოვრებას დაინგრევო. ჰოდა, ახლა ხომ ავიწყვე ცხოვრება მათი მოწონებული სასიძოს გვერდით? რატომღაც, მურადი ყოველთვის ესიმპათიურებოდა დედას. ამბობდა, მის ოჯახში ვინც შევა, ბედნიერი იქნებაო. ერთხელაც, ისე მოაწყვეს ყველაფერი, რომ მის სახლში მივსულიყავი, მერე კი იქიდან არ გამომიშვეს. მომავალ მძახლებს აწყობდათ დანათესავება. დაახლოებით ერთი კვირა არ მომკარებია ქმარი, ამის უფლებას არ ვაძლევდი და იმასაც, ჩემი მშობლების მხარში დგომის იმედი რომ ჰქონდა, ძალადობა არც უცდია. ერთი კვირის შემდეგ, როგორღაც მოვახერხე შეყვარებულთან დაკავშირება, მისმა სიტყვებმა კი ცხოვრებაზეც ამიცრუა გული: რას მირეკავ? სხვა კაცის ცოლი ხარ და ჩემგან რა გინდაო? შევეცადე, ამეხსნა მისთვის, რომ ძველებურად მიყვარდა და ქალიშვილი ვიყავი, მაგრამ არაფრის გაგონება არ ისურვა, ტელეფონი გამითიშა. ძალიან გავმწარდი. ვერ წარმოიდგენთ, რას ვგრძნობდი მაშინ. თითქოს, გული გამეხლიჩა. მერე თვითმკვლელობაც ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ჩემთვის აღარაფერს ჰქონდა აზრი და ამიტომაც მივეცი მურადს უფლება, როგორც სურდა, ისე მომქცეოდა. აი, ასე გავხდით ცოლ-ქმარი და ერთი სარეცლის გამზიარებლები.
– დედა ვერ ამჩნევდა შენს ასეთ დიდ ტკივილს?
– როგორ არა, მაგრამ მეუბნებოდა: მეც არ მიყვარდა მამაშენი, მაგრამ კი ხედავ, შევაბერდით ერთმანეთს. შენც ყველაფერს შეეჩვევი, ასეთია ქალის ცხოვრებაო.
– მგონია, საუკუნეების წინ მომხდარ ამბავს მიყვები…
– (იცინის) არადა, ჩემს სიტუაციაში დღესაც არაერთი ქალია. მათ უწევთ ყველაფრის ატანა მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი ჰყავდეთ, ვიღაცის ცოლი ერქვათ და მშობლებს გული არ ატკინონ… ჩემთვის ყველაფერი დასრულდა! ახლა უბრალოდ, სხვის გასახარებლად ვცხოვრობ. თუმცა, ზოგჯერ მაინც მიჩნდება პროტესტის გრძნობა და მინდა, გავილაშქრო არა მარტო ჩემი ქმრისა და მისი ოჯახის, არამედ ჩემი მშობლების წინააღმდეგაც, რომლებსაც ისე გამოუვიდათ, თითქოს თავიდან მომიშორეს.
– დედმამიშვილები გყავს?
– და და ძმა მყავს. და გათხოვილია და ბედნიერი გახლავთ, რადგან თავის რჩეულს გაჰყვა. ძმა დასაქორწინებელია და სხვათა შორის, დედა მისთვისაც აქტიურად ეძებს შესაფერის საცოლეს.
– დედმამიშვილებმა არ სცადეს რაიმე ფორმით შენი დაცვა?
– არა, დიდად არ მოუკლიათ თავი. მათთვის ჩემი ტკივილი, ღობეს ჩხირია. მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად და სხვა ყველაფერს უნდა შეეგუოს.
– ახლა როგორ ცხოვრობ ქმრის ოჯახში?
– ყოველი დილა თენდება ნაცრისფრად. ვიწყებ სახლის დასუფთავებას, მერე მეუღლის ნივთების მოწესრიგებას, სადილის მომზადებას, რომელსაც ყოველ ჯერზე, რაღაც მიზეზით მიწუნებენ და იწყება ჩემი ლანძღვა. არასდროს არაფერი მოსწონთ. რასაც დამავალებენ, ყველაფერი წერტილ-წერტილ რომ შევასრულო, ნაკლს მაინც იპოვიან. ქმრის გვერდით ყოფნა ჩემთვის ტანჯვის ტოლფასია, მაგრამ რა ვქნა, იძულებული ვარ, ჯერჯერობით მასთან ვიყო. არავის ვჭირდები, ყველასთვის ზედმეტი ვარ და ასე იქნება მთელი ცხოვრება.
– თუ ქმარს უყვარხარ, შენს გაგებას, დაცვას რატომ არ ცდილობს?
– თავიდან ცდილობდა, მაგრამ მერე გამიბრაზდა: იმდენად არ გინდა ჩემი გაგება, ისეთ ზიზღს ვხედავ შენს თვალებში, რომ შენ გვერდით ყოფნის სურვილს მეც მიკარგავ. არ გაგიკვირდეს, თუ გიღალატეო. მართალიც არის! სულაც არ ვცდილობ, ადამიანებს თავი შევაყვარო. მგონია, რომ არავის ვჭირდები და მთელი ცხოვრება ასე იქნება. ყურით სათრევად ვიქეცი და სადაც მეტყვიან, იქ მივდივარ! რასაც მიბრძანებენ, იმას ვაკეთებ. საკუთარ სურვილებზე ხმამაღლა ლაპარაკს ვერიდები.
– მეუღლე მუშაობს?
– კი, მუშაობს, ხელოსანია. დილიდან საღამომდე ქუჩაშია, მე კი გამუდმებით სახლში ვარ, გამოყრუებული. კიდევ კარგი, მისი მშობლებიც მუშაობენ, თორემ მათ რა გაუძლებდა სახლში? სამაგიეროდ, ბებია ჰყავს, რომელიც სიცოცხლეს მიმწარებს. ლოგინადაა ჩავარდნილი და ცდილობს, წლების განმავლობაში დაგროვილი ბოღმა ჩემზე გადმოანთხიოს. ხომ შეუძლია, როცა რაღაც უნდა, დამიძახოს? ასე არასდროს იქცევა. მოთხოვნილებებს რომ დაიკმაყოფილებს, მერე კივილს იწყებს, – სად ხარ? რატომ მკლავ? მომხედეო! მის კაპრიზებს როგორღაც ვიტან. ამ ქალის ყვირილს ისე შევეჩვიე, ზოგჯერ ყურადღებასაც აღარ ვაქცევ. ზომბივით ვარ (იცინის). მეზობლები მეუბნებიან, – გვიკვირს, ნერვები საერთოდ არ გაქვს? როგორ ახერხებ ბებიის ატანასო? ვახერხებ, მაგრამ არ ვიცი, როგორ. ბაბუაც გვყავს, რომელიც შედარებით ნაკლებად მაწუხებს და ყველაზე მეტად, ის მიყვარს. მას სიამოვნებით ვემსახურები. დედამთილი სახლში რომ შემოვა, ისე იქცევა, თითქოს დაქირავებული ვყავდე, ფეხსაცმლის გაწმენდასაც კი მე მავალებს. ყველაფერს ვაკეთებ, ყველაფერს… მაგრამ საღამოობით, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, ძალიან ვბრაზობ ამ ყველაფერზე. თან, მაყვედრიან, – მთელი დღე ვმუშაობთ, რომ ოჯახს სიმდიდრე შევმატოთ და ეს უნდა დააფასო. ჩვენი ქონება შენ არ დაგრჩებაო? გეგონება, სულ ჩემთვის შრომობენ. ახლა გამუდმებით ბავშვზე ლაპარაკითაც მიმწარებენ სიცოცხლეს. დედამთილი დამემუქრა კიდეც: თუ მალე არ დაორსულდები, ჩვენი ოჯახიდან წასვლა მოგიწევს. მურადს ახალი ცოლის შერთვა არ გაუჭირდებაო. ნეტავ კი გამაგდებდნენ, მეც ამაზე არ ვოცნებობ?!
– რომ გაგაგდონ, სად წახვალ?
– რა ვიცი, ვინმეს შევაფარებ თავს ან სულაც, სახელმწიფოს ვთხოვ დახმარებას. ბოლოს და ბოლოს, ქმრის ოჯახი სახლიდან თუ გამაგდებს, მშობლები ისე როგორ გამწირავენ, რომ ჭერქვეშ არ შემიფარონ? არც მათთან ერთად ყოფნა იქნება სახარბიელო, მაგრამ მაინც. თუ თავად მომიწევს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, რაღაცის გაკეთება მეც შემიძლია და შიმშილით არ მოვკვდები.
– პროფესია თუ გაქვს?
– არა, მაგრამ კარგად ვკერავ, ვქსოვ, ვხატავ, სამკაულების აწყობაც მეხერხება. კიდევ, სადილების მომზადება მიყვარს. მზარეულის კურსებიც მაქვს გავლილი, ოღონდ – საწყისი ეტაპი. ბოლომდე ამ საქმის შესწავლაც ვერ მოვახერხე, მაგრამ მზარეულის დამხმარედ გამოვდგები. ასე რომ, არ დავიკარგები, მთავარია, გამაგდონ, ჩემზე გული საბოლოოდ აიცრუონ და მერე მეშველება, გავლაღდები (ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია). მიუხედავად ყველაფრისა, მომავლის იმედს მაინც არ ვკარგავ. ვფიქრობ, ერთ დროს მეც გავთავისუფლდები ამ ოჯახური პატიმრობიდან.
– ახლა თუ ასე უბედურად გრძნობ თავს, ხომ შეგიძლია, ქმარს დაშორდე?
– ვერ ვბედავ ამ საქმეში ინიციატივის გამოჩენას. არის რაღაც, რაც მაბრკოლებს, მაგრამ ამ რაღაცას მიზეზს ვერ ვუძებნი. ალბათ, მოვალეობაა მშობლების წინაშე. თან, ყოველთვის მაშინებდა საზოგადოებრივი აზრი და სიმართლე გითხრათ, სიახლეებიც მაშინებს. რაღაცნაირად, საკუთარ თავში დარწმუნებული რომ არ ვარ, ეს ბევრ რამეში მაბრკოლებს. სტუმრების თანდასწრებით, მაქსიმალურად ვთამაშობ ბედნიერ ადამიანს და ეს ხან გამომდის, ხან – არა. აუტანელია ის დღეები, როცა გინეკოლოგებთან დამაპროწიალებენ. თანაც, ექიმების კვლევებმა შედეგი რომ არ გამოიღო, ახლა ათასგვარ სისაძაგლეს მასხამენ პირში. სად აღარ მიდიან: ექიმბაშები, მკითხავები… მათთვის აუცილებელია, შთამომავალი ჰყავდეთ, მაგრამ კაცმა არ იცის, ასე ძალიან რატომ ჩქარობენ?
– ისეთი ამბავი, რასაც გვიყვები, არა მგონია, ბევრს გადახდენოდა. ოჯახის წევრები თუ მიხვდებიან, რომ შენ გვიამბე საკუთარი თავგადასავალი, მათ როგორ აუხსნი ჩვენთან დაკავშირების მიზეზს?
– შეიძლება, მართლაც მიცნონ. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ამ ინტერვიუს არ წაიკითხავენ. მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილა, რჩევა ვთხოვო: როგორ გაუმკლავდნენ პრობლემას? როგორ უძლებდნენ იმ ადამიანის გვერდით ცხოვრებას, რომელიც არ უყვარდათ? იქნებ, თქვენი ჟურნალის მკითხველების რჩევა დამეხმაროს ოჯახის შენარჩუნებაში? მე ხომ, ბოლოს და ბოლოს, წლებია, მათ გვერდით ვცხოვრობ და უნებურად, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ოჯახი მქონდეს, სახელი არ გამიტყდეს… ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ გადაწყვეტილების მიღებაში…
წყარო: http://gza.ambebi.ge/life/