უსიამოვნო სუნით შეწუხებული მეზობლები და მარტოხელა მოხუცის ტრაგედია – რა მოხდა „თბილისურ ეზოში”

თბილისის ერთ-ერთ უბანში, „თბილისურ ეზოში“ საკუთარ სახლში, 72 წლის მოხუცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, ერთი თვის წინ გარდაიცვალა.

როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი თამარ ნიშნიანიძე აღნიშნავს, მოხუცი მეზობლებმა ერთი თვის განმავლობაში მანამდე არ მოიკითხეს, ვიდრე უსიამოვნო სუნმა არ შეაწუხათ.

ამ ყველაფრის ფონზე, თამარ ნიშნიანიძე საკუთარ პოსტში ადამიანების გულგრილობაზე საუბრობს.

„გუშინ, ერთ პატარა თბილისურ ეზოში 72 წლის მარტოხელა, ქართველი(!), თბილისელი(!) მოხუცი გარდაიცვალა… უსიამოვნო სუნი იგრძნეს მეზობლებმა, პატრული გამოიძახეს და გვამი დახვდათ… არ გეგონოთ, რომ “ბომჟი” იყო… სუფთად ჩაცმული იყო საწყალი და ბინაც სუფთად ჰქონდა… მთავარ ინჟინრად მუშაობდა მრავალი წელი და ასაკის მიუხედავად, დღემდე ასრულებდა სხვადასხვა სამუშაოს კერძო შეკვეთებით… მოკრძალებული ადამიანი ყოფილა, არც არავის აწუხებდა… ალბათ ერთი თვის გარდაცვლილი იქნებოდა და რატომ ვწერ იცით?! ერთი თვე რომ პატარა “თბილისურ” ეზოში ადამიანს არ მოიკითხავ და სანამ სუნი არ აუვა ყველაფერს, მანამ ვერ მიხვდები, რომ გარდაიცვალა, როგორ უნდა გქონდეს ძლიერი სახელმწიფო?! თითქოს სახელმწიფოს ადამიანები, ისევ ჩვენ არ ვქმნიდეთ… უგულოები ვართ, მხოლოდ ენა გვაქვს გრძელი და ღვარძლით სავსე პირის ღრუში კარგად ვატრიალებთ… მრცხვენია“ – წერს თამარ ნიშნიანიძე.
როგორც „კვირა+-მა“ გაარკვია, ზემოთაღნიშნული შემთხვევა დიდუბეში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები