“ურუშაძეზე უკეთ საქართველოში ბუნკერებს ვერავინ აშენებსო”-რა დაავალა ბერიამ გვირაბმშენებელს და რა არის ცირკის ქვეშ

“ბერიას კაბინეტიდან გამოსულს ფრთები მქონდა შესხმული, მაგრამ კიდეც მეშინოდა, რადაც უნდა დამჯდომოდა, ბუნკერი ისე უნდა ამეშენებინა, ბერიას მოსწონებოდა, არ უნდა შემშლოდა, თორემ საკუთარი თავით ვაგებდი პასუხს. საბოლოოდ, 80 მეტრ სიღრმეზე მდებარე ორსართულიანი ბუნკერი, რომელსაც ორი შენიღბული შესასვლელი ჰქონდა, თავად ბერიამ ჩაიბარა და ხელი მტკიცედ ჩამომართვა!”

თბილისის ცირკი იყიდება. საკითხავია, შეინარჩუნებს თუ არა ფუნქციას ეს უმნიშვნელოვანესი შენობა,­ რომელთანაც ბევრი რამ არის დაკავშირებული. ცნობილია, რომ ცირკის შენობის ქვეშ ლავრენტი ბერიამ საცავი გააკეთა.
ცირკი მართლაც ბერიას ბრძანებით აშენდა 1939 წელს და გამორიცხული არ არის, იქ საიდუ­მლო ბუნკერი ყოფილიყო, თუმცა ამის შესახებ მაშინ ყველა დუმდა. ხმები ამ საცავში მარცვლეულის პირველი გენეტიკური ბანკის განთავსების შესახებ ძალიან საინტერესოა. როგორ და რატომ გააკეთა 36 წლის ბერიამ ის, რაც მსოფლიომ თითქმის 60 წლის შემდეგ მოიფიქრა? კაცობრიობამ მარცვლეულის გენეტიკური ბანკი, რომელსაც აპოკალიფსურსაც უწოდებენ, მხოლოდ 2008 წელს შექმნა ნორვეგიაში და იქ მცენარეების 860 000-ზე მეტი ნიმუშია დაცული.

არსებობს გვირაბმშენებელ ვლადიმერ ურუშაძის მოგონებები, რომლის მიხედვით, ლავრენტი ბერია ცირკის ქვეშ მსოფლიო ჯიშების თესლის საცავს აშენებდა.

“როდესაც ბერიამ დამიბარა, ცივმა ოფლმა დამასხა და მუხლები ამიკანკალდა:­ ვაითუ, რაღაც არ მოეწონა და მიბარებს, რომ გამკიცხოს-მეთქი. კაბინეტში გაფით­რებული შევედი, მაგრამ მის სახეს რომ შევ­ხედე, ცოტა მომეშვა. შემეგება და ხელი ჩამომართვა. შემდეგ დაბალი მაგიდისკენ წამიძღვა, სადაც რბილი­ სავარძლები იდგა. ორივე რომ მოვკალათდით, მითხრა:
– როგორ გიკითხოთ, ამხანაგო ვალ­ერიან, როგორ მიდის თქვენი საქმიანობა.­ ხომ არაფერი გჭირდებათ, რომ დაგეხმაროთ?
– გმადლობთ, ამხანაგო ბერია. ყველაფერი ნორმალურადაა და დახმარება არ მჭირდება, – ვუპასუხე ბერიას.
– როგორ, კაცო (ბერიამ შენობით მომმართა), პირადადაც არაფერი გინდა? აი, მაგალითად, ოჯახში. როგორ დავიჯერო, რომ პატარა თხოვნაც არ გაქვს ჩემთან.
– ნამდვილად არა, ამხანაგო ბერია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ვუთხარი და თან ვცდილობდი, გამომეცნო, რა სურდა ამ კაცს ჩემგან.
– კარგი. მაშინ მე მაქვს ერთი თხოვნა შენთან და კარგად მომისმინე. გავიკითხე და მითხრეს, ურუშაძეზე უკეთ საქართველოში ბუნკერებს ვერავინ აშენებსო. სულ მალე ახალი ცირკის მშენებლობას ვიწყებთ­. პროექტის ავტორები ნეპრინცევი და საგუნეცი არიან. იცნობ, ალბათ.
– დიახ. კარგად ვიცნობ მათ და კარგი სპეციალისტები არიან, – ვთქვი მე.
– ჰოდა, ძალიან კარგი. არჩევანში­ არ შევმცდარვარ. მინდა, შენც ჩაერთო ამ პროექტში და ფუნდამენტთან ერთად, სანამ­ მთავარ შენობას ამოიყვანენ, უზარმაზარი ბუნკერი ამიშენო იქ. ეს შესაძლებელია?
– დიახ, შესაძლებელია. ბუნკერი თავ­დ­აცვითი ნაგებობა უნდა იყოს? – ვკითხე მე.
– არა. ის უნდა იყოს სხვადასხვა მცენარის, მარცვლეულისა და მსგავსი ჯიშების საცავი, რა თქმა უნდა, მათი უსაფრთ­ხოდ შენახვის ყველა წესის გათვალისწინებით, – განმიმარტა ბერიამ.
– ესე იგი, თერმული, – ვთქვი მე და დავაყოლე, – ისეთ თერმულ ბუნკერს ავაშენებ, მასში შენახული მცენარეები ათას წელიწადს გაძლებს!
ბერიას კაბინეტიდან გამოსულს თითქოს­ ფრთები მქონდა შესხმული, მაგრამ კიდეც მეშინოდა, რადაც უნდა დამჯდომოდა, ბუნკერი ისე უნდა ამეშენებინა, ბერიას მოსწონებოდა, არ უნდა შემშლოდა, თორემ საკუთარი თავით ვაგებდი პასუხს. საბოლოოდ, 80 მეტრ სიღრმეზე მდებარე ორსართულიანი ბუნკერი, რომელსაც ორი შენიღბული შესასვლელი ჰქონდა (სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან), თავად ბერიამ ჩაიბარა და ხელი მტკიცედ ჩამომართვა!”.

ამის შემდეგ ცირკისქვეშა საცავის შესა­ხებ არავის არაფერი გაუგია. ბოლო წლებში კი კიდევ ერთი საბჭოთა ოფიცრის, დომენტი სურგულაძის მოგონებაც გამოჩნდა, რომელიც ირწმუნებოდა, ამ საცავს 20 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი და იქ ღამით ყუთებით შეჰქონდათ საზღვარგარეთიდან შემოტანილი მცენარეების თესლებიო.

“კვირის პალიტრა” ქალაქის მხცოვან ინჟინერს, ოლეგ შუბითიძეს ესაუბრა.
– ცირკის გორა დედაქალაქისთვის ძალზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია, სპეციფიკურიც არის იმ თვალსაზრისით, რომ ამ მიდამოებში­ მტკვარს თბილისის ხევის მდინარეები უერ­თდება, ანუ ზომიერად ნესტიანი ადგილია, რაც ამ არეალში თესლის შესანახად ხელსაყრელ მიკროკლიმატს შექმნიდა. ცირკისქვეშა ფართობიც ხელსაყრელი ზომის გახლავთ საცავის ასაშენებლად. ბერია მოაზროვნე კაცი იყო და, ალბათ, ეს გარემოება გამოიყენა.

– არსებობს ვარაუდი, რომ მან ეს საცავი­ გააკეთა საბჭოთა კავშირზე ბირთვული თავდ­ა­სხმის შემთხვევისთვის, რისი შიშიც, მოგეხსენებათ, ამ სახელმწიფოს ჰქონდა.
– შესაძლებელია. საბჭოური სისტემა­ მსოფლიო ბატონობაზე იყო აგებული და შესაბამისად, ელოდა თავდასხმებსაც. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ბერიას მცენარეთა თესლი საქართველოში გასამრავლებლად სჭირდებოდა.
ომის შემდეგ მართლაც გაჩაღდა სამეცნიერო მუშაობა ახალი ჯიშების გამოსაყვანად. თუმცა ბერიას არ დასცალდა – ხრუშჩოვის ბრძანებით­ დახვრიტეს.
როგორც მსმენია, ბერიას ბრძანებით ცირკის კიბეში იმ სასაფლაოების ქვებია ჩაყოლებული, რომლებიც დაანგრ­იეს. მაგალითად, ვერის ძველი, ხოჯევანქის­ სომხური, სოლოლაკის კათოლიკური და ლუთერანული სასაფლაოები. სასაფლაოების ნგრევას მისთვის სიკეთე არ მოუტანია.

განაგრძეთ კითხვა:https://www.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები