უნიკალური დღე, როცა ქალს შეუძლია კაცს ხელი სთხოვოს – როგორ და რატომ გაჩნდა კალენდარში 29 თებერვალი

ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ჩვენს კალენდარს ერთი ზედმეტი დღე ემატება. ასეთ წელს ნაკიან წელს ვეძახით.
კალიფორნიის რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის ინფორმაციით, ნაკიანი წელი უმეტესწილად არსებობს იმისთვის, რომ თვეები სინქრონიზებული იყოს წლიურ მოვლენებთან. ამ მოვლენებში ძირითადად შედის ბუნიობა, რომლის დროსაც დღე და ღამე თანაბრდება და ზამთრის და ზაფხულის მზედგომებთან, როდესაც წელიწადის განმავლობაში დღე ყველაზე მოკლე და ყველაზე გრძელია.
ნაკიანი წელიწადის დროს ხდება იმ სხვაობის ერთგვარი შესწორება, რომელიც დედამიწის მზის გარშემო მოძრაობის შედეგად წარმოიქმნება. ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური კვლევების სააგენტოს – იგივე ნასას – ცნობით, მზის ორბიტაზე დედამიწის მიერ ერთი სრული წრის დარტყმას 365 დღე და დაახლოებით, 6 საათი სჭირდება – ოთხ წელში კი ეს 24 საათია, რაც ერთი დღე-ღამე გამოდის.
ნაკიანად ითვლება ყოველი ის წელი, რომელიც იყოფა 4-ზე, გარდა იმ წლებისა, რომლებიც დაბოლოებულია ორი ნულით. ამ კატეგორიაში კი არ შედის წლები, რომლებიც დაბოლოებულია ორი ნულით და იყოფა 400-ზე. მაგალითისთვის, კალენდარს ნაკიანი წელიწადი არ დამატებია 1700, 1800 და 1900 წლებში, მაგრამ დაემატა 2000 წელს. თუ პრაქტიკას მივყვებით 29 თებერვალი არ გვექნება არც 2100, 2200, 2300 და 2500 წლებში, მაგრამ გვექნება 2400 წელს. უახლოეს პერიოდში ნაკიანი წლები იქნება 2028, 2032 და 2036.
ნაკიან წელთან დაკავშირებით ბევრი ცრურწმენა და რიტუალია დაკავშირებული, მათ შორის ის, რომ წყვილები საბერძნეთში ნაკიან წელს ქორწინებისგან თავს იკავებდა. ასევე, გავრცელებულია მოსაზრება, რომ მხოლოდ ნაკიან წელს შეუძლია ქალს, რომ სასურველ კაცს დაქორწინება შესთავაზოს. ეს ტრადიცია მე-19 საუკუნეში გახდა პოპულარული. მაშინ ძირითადად ქალები თავიანთ ხელსა და გულს საფოსტო გზავნილების მეშვეობით სთავაზობდნენ.
ზოგიერთები ამ ტრადიციას აკუთვნებენ მე-5 საუკუნეს, როდესაც ირლანდიელმა მონაზონმა წმინდა პატრიკს შესჩივლა, რომ ქალებს დიდხანს უწევდათ ლოდინი, სანამ მათი რჩეული ცოლობას სთხოვდა. ლეგენდის თანახმად, წმინდა პატრიკმა გასცა განკარგულება, რომ 4 წელიწადში ერთხელ, ქალს შეეძლო კაცისთვის ქორწინება თავად შეეთავაზებინა, კაცს უარის თქმის უფლება არ ჰქონდა.
ასევე, არსებობს სხვა ვერსიაც, რომ შოტლანდიის დედოფალმა 1288 წელს გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც, გასათხოვარ ქალებს კაცებისთვის ქორწინების შეთავაზება ნაკიან წელს შეეძლოთ. ამავე კანონის მიხედვით, თუ კაცი ქალს უარს ეტყოდა, მას ჯარიმა ეკისრებოდა.
რაც შეეხება 29 თებერვალს დაბადებულებს, ქვეყნებს განსხვავებული მიდგომები აქვთ. თუმცა, ეს ერთგვარი თავის ტკივილია საბუთების თვალსაზრისით, თუ რა თარიღი უნდა ჩაიწეროს დაბადების მოწმობასა თუ მართვის მოწმობაში, იქნება ეს 28 თებერვალი თუ 1 მარტი.
ტექნოლოგიების განვითარებამ ეს პროცესი შედარებით გაამარტივა, თუმცა პრობლემები კვლავ არსებობს. დედამიწაზე მცხოვრები 8 მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ 5 მილიონი ადამიანია დაბადებული 29 თებერვალს. ოფიციალური დოკუმენტაციის გამარტივების მიზნით, 29 თებერვალს დაბადებული ადამიანები ხშირად 28 თებერვალს ან 1 მარტს უთითებენ დაბადების დღედ. ზოგიერთი კი ნაკიან წელიწადში განსაკუთრებულ დღეობას იწყობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები