უნდა ეძინოთ თუ არა შვილებს დედისა და მამის საწოლში – კითხვა ძალიან ბევრ მშობელს აწუხებს. ცოტა ხნის წინ მშობლების ერთგვარი გამოკითხვაც კი ჩავატარეთ და სტატიაც შემოგთავაზეთ ამ თემაზე:
“დღემდე შუაში ვუწევარ 8 და 4 წლის შვილებს, ცოლ-ქმრული ურთიერთობა ვიღას ახსოვს” – რას ფიქრობენ მშობლები შვილებთან ერთ საწოლში ძილზე თუ ახალშობილი მათ საწოლში დაიძინებს, ბევრი ამაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა გასათვალისწინებელია ის რისკებიც, რაც მსგავს ქმედებას თან ახლავს.
სამშობიარო სახლ “იმედის კლინიკის” მეან-გინეკოლოგი, თიკო გოთუა გვიყვება, რა მნიშვნელობა აქვს დაბადების პირველივე
დღეებიდან ბავშვის საკუთარ საწოლში ჩაწვენას და რომელი ინფექციების გადადების რისკი არსებობს, თუ ის მშობლებთან ერთად დაიძინებს:
– მშობლები 9 თვის განმავლობაში მოუთმენლად ელიან პატარას დაბადებას, ერთი სული აქვთ, თავიანთი შვილი გულში ჩაიკრან, სითბო და სიყვარული გაუზიარონ. ზოგადად, ახალშობილსა და მშობელს შორის კანით კანთან კონტაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, დაბადების პირველივე წუთებში მას დედის სხეულზე ვათავსებთ, თუ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს. ამ გზით, პირველი შეხების რეფლექსი ვითარდება, შეძლებს, სამყაროსთან კონტაქტს, გამოუმუშავდება წოვითი რეფლექსები. საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი ახალშობილს მამის გულზე ვათავსებთ. მაგრამ, როდესაც ბავშვი ბინაზე ეწერება, იმ დღიდანვე მას საკუთარი პირადი სივრცე უნდა ჰქონდეს და კატეგორიულად მიუღებელია მშობელთა საწოლში დაძინება. ქალს ამის
შესახებ გინეკოლოგმა და პედიატრმა უნდა მიაწოდოს სწორი ინფორმაცია და გააცნოს, რა რისკები არსებობს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვი ისე იზრდება, საწოლში, რომელიც მშობლებმა წინასწარ უყიდეს და ლამაზად მოურთეს, ერთხელაც არ წოლილა. რაც უფრო გვიან გადაიყვანთ საკუთარ საწოლში, მით უფრო გაუძნელდება მიჩვევა. ძირითადად, მსგავსი პრობლემა იმ დედებს აქვთ, რომლებიც ბავშვებს ძუძუთი კვებავენ ან კიდევ მარტო ზრდიან. მათთვის საკუთარ საწოლში ბავშვის ჩაწვენა უფრო კომფორტული და მოსახერხებელია. მესმის, რომ რთულია ქალისთვის, ძალიან გადაღლილია, ეძინება, მაგრამ არ უნდა დაეზაროს, ბავშვი თავისი საწოლიდან ამოიყვანოს, მჯდომარე მდგომარეობაში აჭამოს და შემდეგ უკან დააბრუნოს. ხშირად სიტუაციაში უფროსი თაობის წარმომადგენლები, ბებიები, ბაბუები ერევიან, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ახალშობილს პირველივე დღეებიდან საკუთარი სივრცე უნდა ჰქონდეს.
– რა რისკები ახლავს თან ბავშვის მშობლების საწოლში დაძინებას?
– ბავშვის მშობლების საწოლში ჩაწვენამ შეიძლება საშარდე გზების ინფექციები, ვაგინალური ინფექციები, სოკო, ტრიხამონა, კანის დაავადებები გამოიწვიოს. გარდა ამისა, საბნის ქვეშ როდესაც სითბური პირობები მაღალია, ბაქტერიების გამრავლებისა და გადაცემისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნება. მიუღებელია იმ საწოლში ბავშვის ჩაწვენა, სადაც მშობლებს სქესობრივი ცხოვრება აქვთ. ასევე, შესაძლოა მშობელი მოიხმარდეს თამბაქოს, ალკოჰოლს, რაც ახალშობილზე უარყოფითად იმოქმედებს. არსებობს ფიზიკურად დაზიანების რისკიც, რადგან ყველა ადამიანს ძილის ინდივიდუალური ჩვევა აქვს. მშობიარობის პირველ დღეებში ქალი განსაკუთრებით გადაღლილია. როდესაც ბავშვი საწოლში ჰყავს და ისე აჭმევს, შესაძლოა, ჩაეძინოს, ახალშობილს კი ცხვირი და ტუჩები ძუძუზე მჭიდროდ მიეჭიროს და ამან ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს. აღსანიშნავია ისიც, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, ემოციური მიჯაჭვულობა უჩნდება როგორც ბავშვს, ასევე მშობელს. ფსიქოლოგიურად, ბავშვისთვის ძალიან რთული გადასატანი იქნება, ერთ დღეს მშობლებმა უთხრან, რომ მათ საწოლში აღარ დაიძინებს. ამიტომ, რისკები რომ თავიდან აირიდოთ, პირველივე დღიდან მოათავსეთ საკუთარ საწოლში. უფრო კომფორტულად იქნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებში, რომლებსაც სასუნთქი გზების პრობლემები აქვთ. ნუ გაგიჩნდებათ დანაშაულის შეგრძნება. მას ხომ სჭირდება პირადი მოხმარების ნივთები, სათამაშო კუთხე, ასეთივე მნიშვნელოვანია ცალკე საწოლის არსებობა. მშობლებს შეუძლიათ, საკუთარ საწოლთან ახლოს დადგან ბავშვის საწოლი და სითბო და სიყვარული გაუზიარონ. მაგრამ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როდესაც ჭიპლარი იჭრება, იმ წუთიდან ბავშვი უკვე დამოუკიდებელია. ზრუნვა და სიყვარული სხვა ძალიან ბევრი ფორმით შეგიძლიათ გამოხატოთ, თუმცა, როგორც ვთქვი, პირადი საწოლი აუცილებელია.
– ამბობენ, ინფექციის გადაცემის რისკი უფრო მაღალი გოგონებშიაო, ეს რამდენად მართალია?
– გოგონებში ინფექციების გადაცემის რისკი უფრო მაღალია, მათი შარდ-სასქესო სისტემის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე.
– პრობლემა არა მარტო ჩვილების, არამედ მოზრდილი ბავშვების მშობლებსაც აწუხებთ…
– რა თქმა უნდა, თუ ბავშვი თავიდანვე არ მიეჩვევა საკუთარ საწოლს, დროთა განმავლობაში, ძალიან გაუჭირდება. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ შესაძლოა, აგრესია გაუჩნდეს მშობლების მიმართ, თავი მიტოვებულად იგრძნოს, როცა 4-5 წლის ასაკში ეტყვიან, რომ საკუთარ საწოლში უნდა გადავიდეს. მსგავსმა ქმედებამ შეიძლება სტრესიც გამოიწვიოს. დაბადების პირველივე წუთიდან დამოუკიდებლობას უნდა მიაჩვიონ. აგრძნობინონ, რომ ინდივიდია და პირადი სივრცე შეუქმნან. ოთხი წლის ასაკიდან კი საკუთარი ოთახიც უნდა ჰქონდეთ. რაც მთავარია, ბავშვებს, რომლებიც დაბადების პირველივე დღეებიდან საკუთარ საწოლში წვანან, უფრო მაღალი თვითშეფასება და გონებრივი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც მშობლების საწოლში იძინებს.
თემაზე საკუთარ პოზიციას გვიზიარებს ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი – გვანცა არველაძე:
– დაბადებისთანავე სასურველია, ბავშვს თავის საწოლში ეძინოს, თუმცა ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილებს ხშირად უწევთ დედასთან ერთად ყოფნა. მიუხედავად ამისა, ჩაძინების შემდგომ უმჯობესია, თუ ბავშვს საკუთარ საწოლში გადავაწვენთ. თუ გადაწყვიტავთ, რომ გარკვეული პერიოდი დატოვოთ პატარა თქვენს საწოლში, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარეთ. ძილის განრიგი ძირითადად 2-4 თვის შუალედში ყალიბდება, 3 თვის ასაკისთვის ჩვილი უკვე უნდა მივაჩვიოთ თავის საწოლში დაძინებას, რადგანაც საწოლის და საძინებლის გამოცვლა ხშირად შესაძლოა ძილის დარღვევის მიზეზი გახდეს. სრულფასოვანი ძილის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი უჭირავს ძილის ჰიგიენისა და რეჟიმის ორგანიზებას, ეს გახლავთ უნარი, რომელსაც ბავშვი სწავლობს და ადაპტირდება დაბადების შემდგომ გარკვეულ პირობებში. იმ დედებს, რომლებიც ბუნებრივად კვებავენ შვილებს, ურჩევნიათ ბავშვი ახლოს ჰყავდეთ, რადგან კომფორტული და მოსახერხებელია, შესაბამისად პატარებიც მშვიდად გრძნობენ თავს, რადგან დედის ახლო ემოციურ და დადებით ტაქტილურ კონტაქტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი ფსიქოემოციური სტატუსის ჩამოსაყალიბლებლად. ბავშვის ძილი მშობლის საწოლში ასევე დაკავშირებულია საშიშ რისკებთან. მოგეხსენებთ, გადაღლილ მშობელსაც სჭირდება დასვენება და შესაძლოა, მისმა ღრმა ძილმა უნებურად პატარას დაზიანება გამოიწვიოს. ღამის მანძილზე ბავშვის შეღვიძება 2-6 ჯერ ნორმად ითვლება. ნაწილი დამოუკიდებლად ახერხებს ძილის შებრუნებას. ის ბავშვები, რომლებიც მიჩვეულნი არიან ხელში ტარებას ან დედის საწოლში ძილს, მუდმივად მოითხოვენ მშობელთან ახლოს ყოფნას და ეს შესაძლოა ძილის დარღვევის მიზეზიც გახდეს. ასევე, აკრძალულია ახალშობილს ეძინოს იმ მშობელთან ერთად, რომელიც ანტიდეპრესანტს, ალკოჰოლოს იღებს, ან კიდევ თამბაქოს მოიხმარს.
წყარო: https://www.mshoblebi.ge