უკრაინისხელა ღირსების მქონე ბინა ხომ არ გესიამოვნებოდათ?! – კრეატიული ტექსტი, რომელიც სახლს გაყიდინებს
მარკეტინგი და გაყიდვები რომ კრეატიულობას მოითხოვს ახალი ხილი არ არის. ყველაფერი რაც იუმორით შეფუთულია მარტივად და სწრაფად იყიდება. მოთხოვნაც მაღალია. სოციალური ქსელი კი ჩვენი კრეატიულობის გამოსავლენად ყველაზე ადვილი გზაა, აუდიტორიაც ფართო.
აბა, შესაშური ფანტაზიის მქონე ადამიანმა სად უნდა გაყიდო ბინა, თუ არა სოციალურ ქსელში შექმნილ შესაბამის ჯგუფში?!
ერთ-ერთი მომხმარებელიც მეტაფორებითა და ალეგორიებით სავსე ტექსტით საკუთარი ბინის გაყიდვას ცდილობს. რამდენად გამოუვიდა ჯერ არ ვიცით, თუმცა მთელი “ფეისბუქი” რომ უკვე აალაპარაკა ვაჟაზე მდებარე ბინის შესაძლებლობებზე და ყველა ვგულშემატკივრობთ, ფაქტია.
“იყიდება, მაგრამ რა იყიდება!
განსხვავებული, კრეატიული ბინა უკრაინისხელა ღირსებებით.
მდებარეობა როგორი აქვს, იცით? აი, მეგობარს რომ ეტყვი, 2 წუთში ვაჟას მეტროსთან ვიქნებიო, ეს ის იშვიათი გამონაკლისი იქნება, როცა არ მოატყუებ.
ვაჟას ძეგლს თუ დააკვირდებით, ხელით ზუსტად ჩვენი სახლისკენ მიგითითებთ. ჰოდა როდის იყო, ვაჟას ცუდი რამე ურჩევია?
ყოველ ჯერზე, როცა კი სახლში დაბრუნება მოგიწევთ ტრანსპორტით, შეგეძლებათ გააცოცხლოთ ძველი ხუმრობა და ამაყად იკითხოთ: ეს ტრანსპორტი ვაჟას უდგება?
კარგი, ლოკაცია მგონი, გასაგებია. ახლა გადავიდეთ ბინის დახასიათებაზე:
ჯერ მარტო ისეთი მზიანი ბინაა, ილონ მასკი გვეხვეწება, გამომაყენებინეთ ეგ ფართიო.
ბინა არის უცხოვრებელი, უმწიკვლო და შეურყვნელი. ეზოთერიკითაც თუ ხართ გატაცებული, თქვენც დაგამშვიდებთ-არც აურა აქვს ამღვრეული, არც კონსტრუქცია დარღვეული.
სინათლისა და სისუფთავისათვის მადონა კოიძის სერთიფიკატიც გვაქვს არტყმული.
სახლი არასტანდარტული, მყუდრო და დამყოლია, უპრობლემოდ მოგცემთ უფლებას, თქვენი ორიგინალური იდეებით კიდევ უფრო განსხვავებული გახადოთ.
შეყვანილია ყველა კომუნიკაცია. წყალი არის, ამიტომ თამამად შეგიძლიათ გაატანოთ ცუდი სიზმრები. ელექტროობა იმდენად ბევრგანაა გაყვანილი, რომ სადაც არ უნდა აანთო, ყველგან შეგიძლია აანთო. გაზიც გვაქვს, უბრალოდ, ამაზე ვეღარაფერი მოვიფიქრეთ.
ნატოს კარი არ ვიცით, მაგრამ ჩვენი ვერანდა ნამდვილად ღია და თამარ დედოფლის დარბაზივითაა (გნებავთ, კარდაშიანივით-უბრალოდ, ვცდილობთ, ყველა ტიპის მომხმარებელს მოვერგოთ). იძლევა უამრავ შესაძლებლობას: გინდათ, აუზი ჩადგით, გინდათ, შეზლონგები გააქირავეთ ზაფხულობით (ესეც ბიზნეს იდეა. სხვათა შორის, უფასოდ მოჰყვება ბინას).
,,მოჰყვებაზე“ გაგვახსენდა;
ბინას მოჰყვება:
· ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაკლებული კალორიები (რადგან ბინა, ბოლო, მეექვსე სართულზეა. მაინც შეამჩნევთ და ამიტომ გულწრფელად გეტყვით, რომ ლიფტი არ არის)
· გამოყენებული მასალის ჩეკები;
· 4 ცალი ზუსტად ერთნაირი გასაღები;
· მეზობლის Wi-Fi-ს პაროლი;
· და რაც მთავარია, ნერვები, რომელიც ხელოსნებს შეეწირა, რათა თქვენ გარემონტებულ ბინაში გეცხოვრათ
ვიღაც უჟმური კითხულობს ახლა და ფიქრობს: ,,ფასი, გვითხარი, ფააასი!“. ინებეთ, ბატონო:
მაააააინც უნდა დაგვაკლებინოთ, ხომ ვიცით და მოდით, ასე ვთქვათ- 65 კვ.მ. ფართის ფასი 42 000 $- ია, მაგრამ 40 000 $-ად გაგატანთ (შეგვეძლო 41-იც დაგვეწერა, მაგრამ პოლიტიკა ყელამდეა)
თუ ფოტოებში თქვენს მომავალ ბინას ამოიცნობთ, დაგვირეკეთ:
551 888 089
ოღონდ გახსოვდეთ, მარტო თქვენ კი არ ირჩევთ ბინას, ბინაც გირჩევთ თქვენ.
P.S. სხვათა შორის, მარტი ნუდისტური კალენდრის მიხედვით, მთვარის სექსტილში შედის, რეტროგრადულ კავშირს ქმნის პლუტონთან, ეტლით ჭენაობს მერკურის გარდიგარდმო და ამიტომ საუკეთესო პერიოდია ახალ ბინაში გადასასვლელად. ეს ისე, რავი”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.