აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადვოკატმა, მაიკლ კოენმა პორნომსახიობ სტეფანი კლიფორდს (სტორმი დენიელსი) სასამართლოში უჩივლა. სარჩელში ნათქვამია, რომ ქალმა ტრამპთან ურთიერთობა, გაუხმაურებლობაზე შეთანხმების მიუხედავად, გაასაჯაროვა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
კოენი ამტკიცებს, რომ პორნომსახიობმა შეთანხმება ოცჯერ დაარღვია. თუ მოსამართლე კლიფორდს დამნაშავედ ცნობს, მას თითოეულ დარღვევაზე მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
13 მარტს სტეფანი კლიფორდმა განაცხადა, რომ ის მზად არის დონალდ ტრამპს 130 ათასი დოლარი დაუბრუნოს, რაც დუმილის სანაცვლოდ მიიღო.
8 მარტს ტრამპმა პორნოვარსკვლავთან სასამართლო საქმე მოიგო.
მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატმა პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდა აღიარა. მაიკლ კოენის თქმით, ფაქტი 2016 წელს მოხდა და მილიარდერ დონალდ ტრამპის ადვოკატმა პორნოვარსკვლავ სტეფანი კლიფორდს, რომლის სასცენო ფსევდონიმია სტორმი დენიელსი, შეთანხმების ფარგლებში 130 ათასი დოლარი გადაუხადა.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ინფორმაციამ ამერიკულ მედიაში გაჟონა. კოენმა ეს ცნობა თავდაპირველად უარყო. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ, ფაქტი აღიარა.
სტატიაში წერია, რომ ტრამპს და კლიფორდს სექსი 2006 წელს ჰქონდათ, გოლფის ტურნირის დროს, რომელზეც ქალი სტუმრის სტატუსით დაპატიჟეს. ეს მოხდა ოთხ თვეში მას შემდეგ, რაც მელანია ტრამპმა მილიარდერის უმცროსი შვილი – ბერონი გააჩინა.
10 წლის შემდეგ, კლიფორდმა გადაწყვიტა ამ ამბის შესახებ პრესისთვის მოეყოლა და ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ტრამპის ადვოკატმა მას დუმილისთვის ფული გადაუხადა: შეთანხმება თითქოს უკრძალავს მას აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტთან კავშირზე რაიმეს მოყოლას.
მედიაში დაიწერა ისიც, რომ დონალდ ტრამპისა და პორნომსახიობის ურთიერთობაზე სკანდალის გამო, მელანია დავოსში არ წავიდა. თუმცა, მოგვიანებით, თეთრმა სახლმა ტრამპის ოჯახში განხეთქილების შესახებ ინფორმაცია უარყო.
წყარო:https://imedinews.ge