ტრაგიკულმა შემთხვევამ ახალგაზრდა ადამიანი საწოლს მიაჯაჭვა

მურთაზ შავიძე ჩვენი ფონდის ბენეფიციარია. მას ბედმა მძიმე ხვედრი არგუნა,  დიდი ტკივილი და უბედურება გადაიტანა, მაგრამ ღმერთის ყოველთვის სწამდა. ახლაც კი, როდესაც ფეხზე ვერ დგება, საწოლში ლოცულობს და შესთხოვს უფალს გამოჯანმრთელებას.

… როცა მურთაზის დედა მძიმე სენით დაავადდა, შავიძეების ოჯახს მოუხდა საკუთარი სახლის გაყიდვა და ნაქირავებ ბინაში გადასვლა. მაშინ მურთაზი სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო. ოჯახის დახმარების და დედის მკურნალობისთვის დამატებითი სახსრების შოვნის მიზნით მან დამხმარე მუშად დაიწყო მუშაობა მშენებლობაზე, იქ, სადაც მისი მამა მუშაობდა. სამწუხაროდ, მიუხედავად მცდელობისა, დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა…

მაგრამ განგებამ შავიძეების ოჯახს მორიგი უბედურება დაატეხა თავს. 2016 წლის დეკემბერი  ახალგაზრდა კაცისთვის  საბედისწერო აღმოჩნდა. მამა და შვილი მშენებარე კორპუსიდან ლიფტით ეშვებოდნენ, როდესაც ეს უკანასკნელი მოსწყდა ბაგირს და ჩავარდა შახტაში. მას შემდეგ მურთაზი საწოლს არის მიჯაჭვული, გარდა სხვადასხვა სახის მოტეხილობისა, მას ფეხები წაერთვა.  უკვე 9 თვეა, რაც მას არ შეუძლია წამოდგომა, ხოლო ექიმების პროგნოზი არ არის დამაიმედებელი.

მამა ოპერაციის შემდეგ გამოვიდა რთული მდგომარეობიდან, დაიწყო სიარული, თუმცა შრომისუუნარო გახდა. ამჟამად 2 სნეულ ადამიანს უვლის მურთაზის ბებია, რომელიც მიუხედავად დიდი ტკივილისა, იკავებს ცრემლებს, რომ შვილიშვილმა არ შეამჩნიოს და გული არ აუცრუვდეს.

მურთაზ შავიძე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ქირის გადასახადის ნაწილს იხდის მერია, მეორე ნაწილს კი –  თავად ოჯახი თავისი მწირი შემოსავლიდან, რომელიც შედგება ბებიის პენსიისა და სოციალური შემწეობისგან. ეს მათ ელემენტარული საკვების შესაძენად თუ ჰყოფნით, არადა მამა-შვილს  უამრავი ძვირადღირებული მედიკამენტი სჭირდება მკურნალობის გაგრძელებისთვის.

ჩვენ გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ მურთაზ შავიძის ტრაგედია და გაიღოთ მისთვის დახმარება მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებებისა და საკვები პროდუქტების სახით.

თუ გაქვთ ფინანსური საშუალება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მურთაზ შავიძე) ან პირდაპირ ჩარიცხოთ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/

დაუდექით გვერდში ადამიანს, რომლის გადარჩენა თქვენ ხელგეწიფებათ, მიეცით მას მომავლის იმედი!
R

კომენტარები

სხვა სიახლეები