ქართველმა დიზაინერებმა ტორონტოში გამართულ ჩვენებაში მიიღეს მონაწილეობა. ტორონტოს მოდის კვირეულზე კოლექცია დიზაინერებმა მარიტა მამუჩაშვილმა და კახა ბერმა წარადგინეს. როგორც მათ „კვირა +“-ს განუცხადეს, 12 მარტის ჩვენებაში შემოდგომა-ზამთრის კოლექციით წარსდგნენ, რომლის ინსპირაცია კანადის თანამედროვე არქიტექტურა გახლდათ.
„ჩრდილოეთ ამერიკაში, ტორონტოს კვირეული ერთ-ერთი სერიოზული კვირეულია. ჩვენ მეორედ მივიღეთ მონაწილეობა. შარშან, შემოდგომაზე ნიუ-იორკის, ვანკუვერის და ტორონტოს კვირეულებზე გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარვადგინეთ, რომელიც ტაო-კლარჯეთის პრობლემებს ეხმიანებოდა“,- აღნიშნავენ დიზაინერები.
როგორც მარიტა და კახა ბერი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ჩვენებას როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე კანადაში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები ესწრებოდნენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენებას კანადაში მცხოვრები ქართველებიც ესწრებოდნენ. ჩვენება ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების მხრიდან. აღსანიშნავია, ისიც, რომ ჯინ ბეკერმა, რომელიც მოდის სამყაროს ძალიან გავლენიანი პირია, ჩვენი სამოსი შეიძინა და მომდევნო ჩვენებაზე ამ სამოსით წარსდგა“,– განაცხადეს „კვირა +“-თან საუბარში დიზაინერებმა.
შეგახსენებთ, რომ ბრენდი “ფესვედი” მხოლოდ ორი დიზაინერისგან შედგება. მარიტამ და კახა ბერმა ბრენდი 2014 წელს ქალაქ ვანკუვერში დააარსეს. მარიტა თბილისელი დიზაინერია, კახა ბერი კი კანადაში მცხოვრები. “ფესვედი“ ძველი ქართული ლიტერატურული ტერმინია და არისტოკრატ ქალთა სამოსს ნიშნავს.
ცნობისთვის, ტორონტოს მოდის კვირეული ჯეფ რუსტიამ დააარსა.