„ტოლობის ნიშანივით მაქვს სხეულიდან ხელები გაშვერილი, მაგრამ ჯამი ცარიელია, მისი ამოვსება კი, მხოლოდ ჩახუტებას, შეუძლია და არა შერყეულ ფსიქიკას…“

 

ფონიჭალაში, ერთ-ერთი კორპუსის აფეთქების შედეგად დაღუპული სოფო ყავლეაშვილის ბიძაშვილი სოციალურ ქსელში ამაღელვებელ სტატუსს აქვეყნებს:
„საერთოდ… მაშინ ვწერ როცა არ ვარ კარგად… მაგრამ ახლა ისე ცუდად ვარ, ვერაფერს ვერ ვწერ…. უბრალოდ ვგრძნობ… მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ტკივილს გავდე… ტკივილგამაყუჩებლის მოქმედების დროს… ან გამოცვლილი კარის გასაღებს… ვინმე უპატრონო ბავშვის ხელში… პირამოკერილი ჭრილობასავით ჩუმად ხარ… მაგრამ ბევრს ამბობ… არიან სიტყვები, რომლებიც მხოლოდ გულიდან კი არ ამოდიან… თვითონ გული ამოჰყავთ მკერდიდან… გულის გადაშლა გასაშრობად გადმოფენილი ტანსაცმელი კი არ არის, გულის გადაშლა დედისთვის ბინძური ტანსაცმლის გასარეცხად მიტანას გავს და როგორც ქარში საშიშია ღია ფანჯარა, ისე სახიფათოა ადამიანებთან ღია გული… მაგრამ ხომ არის ისეთი ფანჯრებიც… მინები რომ ჩამტვრეული აქვს… პირობითია ყველა ფიქრი და განცდა… როცა გადაუჭრელი პრობლემა გჭრის ყელს… როცა ბედისწერა მხოლოდ საბედისწერო ნაბიჯებით გატარებს და ნაფეხურებზე მძიმე ნათითურებს ტოვებ…
თუნდაც სულ მცირე… პირჯვრის წერისას… როცა გულაღმა წევხარ სამართებლის პირზე და ხელების მაგივრად იმედები გაქვს ამოლაგებული თავქვეშ… როცა ბედნიერება ყველაზე სწრაფად განკურნებადი ავადმყოფობა გგონია… რადგან ისე მოდის შენთან როგორც დაღლილი ადამიანი ბრუნდება სახლში… სადაც არავინ ელოდება. შენ საკუთარ ცხოვრებაზე მეტი ღირხარ, მაგრამ ეს რომ იგრძნო თვითონ უნდა გადაიხადო… ცხოვრება ხომ მაშინ გიტარებს გაკვეთილს, როცა აცდენ და შენც გაცდენილი გაკვეთილებიდან სწავლობ მას… როგორც ჩაჭედებული ლურსმანი ვერ ამოიძრობს საკუთარ თავს ისე ვარ გამოკეტილი სახლში… ძველებურად ვუყურებ როგორ მიედინება დღეების ამღვრეული დინება… იმ დღეების ჩემი სიცოცხლის კალაპოტი რომ უნდა ყოფილიყო… მაგრამ არ ვგავარ მდინარეს… რადგან მდინარე თუ კალაპოტიდან გადმოდის ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს… ადამიანი კი პირიქითაა… საკუთარ თავს…. საფერფლესავით სწრაფად ივსება გული ტკივილებით… მაგრამ ერთი ამოყირავებით ვერ დაცლი… ამოპირქვავებული გულიდან მხოლოდ სიყვარული იღვრება… დამღალა იმან, რომ ორჯერ ორი ოთხია და ვერაფერს ვხედავ ამაში განსაკუთრებულს, გარდა იმისა, რომ სახიფათოა ასეთი მარტივი ჭეშმარიტება, თუ ის რთული ცხოვრებისკენ არის მიმართული… შეიძლება, საათობით იდგე მოწმენდილი ცის ქვეშ… უყურებდე და იქ საკუთარ ანარეკლს მიაგნო… მაგრამ ქუჩის პირველივე გუბურამ აგირეკლოს… შვებას კი მხოლოდ მაშინ იგრძნობ როცა ფეხს ჩადგამ და აამღვრევ… ნუ გეშინია… გაანგრიე საკუთარი ნაჭუჭი… თუნდაც ისე, როგორც ყვავილი ხეთქავს ასფალტს…. ტოლობის ნიშანივით მაქვს სხეულიდან ხელები გაშვერილი… მაგრამ ჯამი ცარიელია, მისი ამოვსება კი, მხოლოდ ჩახუტებას, ან ხელის ჩაკიდებას შეუძლია და არა შერყეულ ფსიქიკას…. ცივი წყლით სავსე ჭიქასავით დაორთქლილი ვარ გარედან… შიგნით კი გული გვალვისგან დამსკდარი მიწასავით მაქვს…“,- წერს გარდაცვილი სოფო ყაველაშვილის ნათესავი.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში, 23-ე კორპუსის აფეთქების შედეგად, რომელიც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, 30 წლის სოფო ყაველაშვილი და მისი 1 წლის შვილი დაიღუპა.

კომენტარები

სხვა სიახლეები