ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პოლიციელებმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, 17-ჯერ შეამოწმეს 36 წლის ჯოან კანინგემისა და 60 წლის ენდრიუ ფროიდის ოჯახი. ყოველ ჯერზე ისინი აღნიშნავდნენ, რომ სახლი და პირობები არ შეესაბამება ბავშვებისთვის ცხოვრების უსაფრთხოებას. ტრაგიკული ისტორია აშშ-ში, ილინოისის შტატში მოხდა.
ერთი კვირის წინ კი 911-ზე დარეკა ჯოან კანინგმა და განაცხადა, რომ მისი შვილი – ეიჯეი გაუჩინარდა. მისი თქმით, საღამოს საწოლში დააწვინა, დილით კი, როცა ექიმისგან დაბრუნდა, ბავშვი საწოლში აღარ დახვდა. ქალი მესამე შვილზე არის ორსულად. მან და მისმა პარტნიორმა მთელი სახლი დაათვალიერეს, მეზობლებიც გამოჰითხეს, მაგრამ 5 წლის ეიჯეის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ბავშვს სამართალდამცველები ექვსი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მას მოხალისეები, FBI-ს თანამშრომლებიც ეძებდნენ. ჯოანმა ტელევიზიითაც კი მიმართა საზოგადოებას. სამძებრო სამუშაოები შეჩერდა, როდესაც ეიჯეის სხეული სახლიდან 11 კილომეტრში იპოვეს. მას წებოვანი ლენტი ჰქონდა მოხვეული და ღრმა ორმოში არ იყო ჩაფლული. ოჯახის ისტორიის გათვალისწინებით, პოლიციამ მაშინვე ბავშვის სახლში ჩაატარა ჩხრეკა. შედეგად, სამართალდამცველებმა ისეთი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რაც მშობლების დაკავების საფუძველი გახდა. ისინი მკვლელობისთვის, ბავშვებზე ჩადენილი ძალადობისთვის, დანაშაულის დაფარვისა და კიდევ ბევრი სხვა ბრალდებით დააპატიმრეს. ეიჯეის 4 წლის ძმა – პარკერი კი სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა.
„ჩვენ არ შეგვიძლია, ჯერ ვთქვათ, თუ რა მოუვიდა ეიჯეის-სასამართლო ექსპერტების დასკვნა ჯერ არ არის მზად; თუმცა, ოპერატიული მოქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ბრალდებების რაოდენობა გავზარდეთ“, – განაცხადა ოლქის შერიფის მოადგილემ.