სწორად ვიწერთ პირჯვარს? – “ბევრი თანამედროვე ქრისტიანი გარეგნულად ძველი საუკუნის ფარისევლებს ემსგავსება”
ეკლესიის, ხატის, ჯვრის დანახვაზე მორწმუნეები პირჯვარს იწერენ, ამას გარდა, ბევრი ადამიანი ტრანსპორტში ყოფნისას, გზაზე გადასვლისას, საკვების მიღებისას ან საქმის დაწყებისას იწერს პირჯვარს. რატომ ვიწერთ და რას ნიშნავს პირჯვრის გადაწერა, ამ საკითხებზე AMBEBI.GE-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება.
– პირჯვრის გამოსახვა ქრისტიანულ ცხოვრებაში გარეგნულ წეს-ჩვეულებას მიეწერება. პირჯვრისწერა სათავეს პირველი საუკუნიდან იღებს, მაგრამ იმ დროს პირჯვარს სხვანაირად იწერდნენ – შუბლზე ხელის დადება, პირზე, ყელზე და ა.შ. იყო დრო, როცა ადამიანი თუ პირჯვარს გამოისახავდა და თავის აღმსარებლობას გარეგნულად გამოხატავდა, ამის გამო ისჯებოდა.
– დღეს როგორც ვისახავთ პირჯვარს, ამ ფორმით ქრისტიანებში როდის დამკვიდრდა?
– დღევანდელი ფორმით პირჯვრის გადასახვა მე-12, მე-13 საუკუნეებში შემოვიდა. სამი თითი ერთად, ორი მოხრილი, შუბლი, მუცელი, მარჯვენა და მარცხენა მხარი, რაც ნიშნავს იმას, რომ სამი ერთად შეერთებული თითი არის ერთარსება სამპიროვანი ღმერთი, ორი მოხრილი თითი ეს არის ქრისტეს ორი ბუნება, ზეციდან ჩვენი ცხონებისთვის გარდამოსული დედამიწაზე. ეკლესიური სწავლებით, მარჯვენა მხარე არის ცხონების მხარე, ამაღლების, სასუფევლის ანუ აღმოსავლეთის მხარე, ხოლო მარცხენა უარყოფით ძალთა სამყოფელია. მაგალითად ადრე ქრისტიანებს პირდაპირ ავალებდნენ, რომ ჯვარი ყველაფერზე უნდა გამოესახათ. რა თქმა უნდა, დღესაც ასეა, მაგრამ არ შეიძლება თანამედროვე ქრისტიანმა ყოველ წამს გამოისახოს პირჯვარი, ხანდახან ეს წარმართების და ურწმუნო ხალხის დამაბრკოლებელიც ხდება.
როცა ტაძარს დავინახავთ ან ვლოცულობთ, რა თქმა უნდა, პირჯვრის გამოსახვა საჭიროა, მაგრამ კარგად უნდა დავუკვირდეთ, რომ ჩვენ იმ ფარისევლებივით არ მოვიქცეთ, რომლებიც მაცხოვრის მოსვლის ჟამს გარეგნულად ღმერთს ადიდებდნენ, მაგრამ შინაგანად მტაცებელნი და ცხოველები იყვნენ. ძალიან ბევრი თანამედროვე ქრისტიანი გარეგნულად იმ ძველი საუკუნის ფარისევლებს ემსგავსება. გარეგნული ქრისტიანული წესების აღსრულება შინაგანი მდგომარეობის გამოხატულებაა. თუ შინაგანად არ აღიარებ ჯვარცმულ იესო ქრისტეს და შენი ცხოვრების წესი არ არის ქრისტიანულ-მართმადიდებლური, მაშინ ჯვრის გარეგნულ გამოსახვას, შეიძლება დამაბრკოლებლური და ფარისევლური გამოვლინება ჰქონდეს.
ამიტომაც არის ხოლმე, რომ ნაკლებად მორწმუნე ხალხი როცა ხედავს ქრისტიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდას, რომელიც არ ცხოვრობს, არ აცვია ისე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს და იცვამდეს, ეს ადამიანები უკვე დამაბრკოლებლები ხდებიან. პავლე მოციქული კორინთოს ეკლესიას მიმართავს, რომ თქვენი ქმედებებით წარმართებში იდიდება ღმერთი და თქვენი ქმედებით იგმობა ღმერთი. თუ ადამიანი სწორად გამოისახავს პირჯვარს, არის თავმდაბალი, აცვია შესაბამისად და წარმართი დაინახავს, რომ ქრისტიანი ხარ, ამით ის ღმერთს ადიდებს, მაგრამ თუ თამბაქოს ეწევი, ჩხუბობ, ცუდად იქცევი, ბუნებრივია ამით წარმართებში ღმერთი იგმობა.
– რას ნიშნავს ჯვრის გამოსახვა?
– ჯვრის გამოსახვა ბოროტთან შერკინებას ნიშნავდა. როცა გზაზე დგახარ, ავტომობილით დადიხარ ან სახლიდან გამოდიხარ, პირჯვარი უნდა გამოისახო. განსაკუთრებით მშობლებს მივმართავ, შვილებს ჯვარი უნდა გადასახონ, თავზე დაადონ ხელი. ჩვენი წინაპარები ასე აკეთებდნენ და შვილებიც მშობლებს ხელზე ეამბორებოდნენ. სამწუხაროდ, დღეს როცა ვინმე მოძღვარს ხელზე ეამბორება, უკვირთ და ხანდახან ღიზიანდებიან, თუმცა არა მარტო მოძღვარს, მშობლები შვილებს ჯვარს გამოსახავდნენ, დალოცავდნენ.
როცა ბავშვებს ვნათლავთ და ემბაზიდან
ამოგვყავს, ნაკურთხ ჯვარს ვკიდებთ, რადგანაც ის გახდა მხედარი ქრისტესი და მას გადაეცა საჭურველი ანუ იარაღი ბოროტებასთან საბრძოლველი. ეშმაკი ჯვრის გამოსახვას ვერ იტანს და თუ ადამიანი ჯვარს რწმენით გამოისახავს, მისგან არაწმინდა სული გავა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მექანიკური ქმედება. პირჯვრის გამოსახვისას უნდა ვთქვათ “სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა” – მოძღვარი ამ სიტყვებს ამბობს ყოველთვის, როცა იწყებს წირვას, ქადაგებას, რამე საგნის კურთხევას და ა.შ.
– რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პირჯვარი სწორად გადავისახოთ?
– პირჯვრის გადაწერის დროს, როცა ხელს შუბლზე მივიდებთ, აუცილებლად მუცელზე, კუჭამდე უნდა ჩამოვიტანოთ და არა შუაში გავაჩეროთ იმიტომ, რომ ამ დროს ჯვარი შეიძლება ამობრუნებულად გამოისახოს. არ ვიძახი, რომ სახაზავი მივიდოთ და პირჯვარი ისე გამოვისახოთ, მაგრამ ხელი შუბლიდან კუჭთან უნდა ჩამოვიტანოთ, რომ ჯვარი სრულად გამოისახოს. ხდება როცა ადამიანს პირჯვრის გამოსახვა ერიდება ან ვერ ახერხებს, ამიტომ ჯვრის გამოსახვა თვალებითაც შეიძლება.
მთავარი რწმენაა, რომ ადამიანს ჯვარცმული ღმერთის ცოცხალი რწმენა ჰქონდეს. პირჯვრისწერა ჯვარცმული ღმერთის აღიარებას ნიშნავს. ჯვრის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა, ცხონება და ეშმაკთან ბრძოლა. ჯვრის გამოსახვა ნიშნავს მზაობას, რომ მე ვარ ქრისტიანი, ვარ ბედნიერი, მიხარია და ვირიცხები ქრისტეს სამწყოში.
– ხშირად ტრანსპორტში ყოფნისას ვიწერთ პირჯვარს, შეიძლება თუ არა ამ დროს ჯვრის გადასახვა?
– არა მარტო ტრანსპორტში, პირჯვრის გადაწერა ყველგან შეიძლება. ადამიანს საფრთხე ყველგან ემუქრება, განსაკუთრებით დღეს, როცა ყოველ წამს საფრთხე გვემუქრება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ საჭირო არ არის ტრანსპორტში ასვლისას და ჩასვლისას პირჯვრის წერა, თუმცა რომც გადავიწეროთ, შეიძლება მგზავრებს შორის სიცილი გამოვიწვიოთ, მაგრამ ეკლესია ამის წინააღმდეგი არ არის. ადამიანი გონიერი არსებაა და თვითონ გადაწყვეტს, როდის არის საჭირო პირჯვრის გადასახვა. ეკლესია ადამიანს არ მიუთითებს, რომ პირჯვარი ამა და ამ დროს უნდა გადავისახოთ, ლოცვებში არის მითითება, მაგრამ როცა საზოგადოებაში ვართ, ანგარიში უნდა გავუწიოთ მათ, რომ ჩვენი ზედმეტად რელიგიურობით და გარეგნული გამოხატულებით ვინმეს დასაცინები არ გავხდეთ. ჯობია ყურადღება თავმდაბლობითა და უბრალოებით მივიქციოთ, ვიდრე ვულგარულად გვეცვას და ყოველ წუთას საღეჭი რეზინის ღლაჭუნით პირჯვარი გამოვისახოთ და ამით ადამიანები დავაბრკოლოთ.
– რას ნიშნავს მეტანია?
– მეტანოია ბერძნული სიტყვაა და გონების ცვლილებას, გონების განახლებას ნიშნავს. არსებობს მცირე და დიდი მეტანია. მცირე მეტანია მცირე სინანულს ნიშნავს, როცა ადამიანი წელში იხრება და ხატის წინაშე თაყვანისცემას გამოხატავს. ხოლო დიდი მეტანის დროს, ადამიანი მუხლზე იჩოქება და მიწას ემთხვევა. დაჩოქება და ადგომა გარეგნული ქმედებაა, ამ დროს შინაგანი მდგომარეობა კი ნიშნავს, რომ მე ვიჩოქები და წელში ვიხრები იმიტომ, რომ ჩემი ცოდვების გამო სინანულს გამოვხატავ.
ნუ ვიფიქრებთ, რომ მეტანია სასჯელია. როცა ექიმი ადამიანს წამალს გამოუწერს, წამალი სასჯელი არ არის, ის განკურნების საშუალებაა, ასეა მეტანოიაც. გონების განახლება სასჯელი არ არის, პირიქით, ჩვენი დაბინძურებული გონება უნდა განიწმინდოს და აზროვნება ნათლად დაიწყოს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქრისტიანი მეტანიების რაოდენობას უფრო აქცევს ყურადღებას. ჯობია ცოტა მეტანია გავაკეთო და მოვინანიო, ვიდრე ათასი მეტანიის გაკეთებით დავიღალო, ვიფიქრო, რომ ღმერთმა მაპატია და უკვე კარგი ადამიანი ვარ. აქაც სიფრთხილეა საჭირო, ღმერთი ყველა შემთხვევაში შინაგანს აქცევს ყურადღებას, რომელიც გარეგნულად პირჯვრის წერაში და მეტანიაში გამოიხატება. თუ მეტანოია და პირჯვრისწერა შიგნით არ აღწევს, ეს უკვე ფარისევლობააა. გონების განახლება იმას ნიშნავს, რომ თუ განიკიხავდი ან ჩხუბობდი, მეტანიების მერე ეს აღარ უნდა გააკეთო.
წყარო: http://www.ambebi.ge