საბი 21 წლის ირანელი გოგონაა, რომელიც ირანის თავისუფლების უნივერსიტეტში ბიოტექნოლოგიებს ეუფლება. სწავლის გაგრძელება უცხოეთში აქვს გადაწყვეტილი. მასთან პირველი შეხვედრისთანავე მიხვდებით, რომ ტრადიციულ სტერეოტიპთან არ გაქვთ საქმე.
ირანში ჩავსლისას “ხარეჯიჰას”, რომელიც ქართულად უცხოელს ნიშნავს, ხშირად გაიგონებთ. მითუმეთეს ირანელი ქალების მხრიდან წარმოთქმულს. ეს არაფერს ნიშნავს, გარდა მათი ინტერესის გამოვლენისა თქვენი მისამართით.
საბი ამ სიტყვას, ალბათ, ყველაზე იშვიათად ხმარობს, რადგან მისთვის უცხოეთი, არც ისე უცხოა. ვიწრო შარვალი, თითქმის მუხლებამდე დაშვებული ზედაკაბა და სათანადოდ შერჩეული ირანული თავსაბურავი მის ელეგანტურობას უსვამს ხაზს.
ქართველი მეგობრები მისთვის ძალიან ძვირფასია. საკუთარი ყოფის სხვასთან გულახდილად გაზიარება შვების მომგვრელად მიაჩნია. ირანიდან სამუდამოდ წამოსვლაზე არც კი უფიქრია. ირანი ხომ ტრადიცული, მაგრამ მაინც თანამედროვე ქვეყანაა.
საკუთარი თავი ჩაგრული ქალის როლში ნაკლებად წარმოუდგენია. ამ კითხვის მოსმენისას მოტოციკლზე თამამად ამხედრებულ ქალბატონზე მიმანიშნებს და სძენს: “ჩვენ იმდენად თავისუფლები ვართ, რამდენადაც ამას თავად მოვინდომებთ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონებს პატივი არ უნდა ვცეთ”.
საბი ერთ-ერთი ირანელი გოგონაა, რომელიც დასავლური სტანდარტებით ჩაგრულ, გაუნათლებელ და უუფლებო არსებად უნდა წარმოვიდგინოთ. ფაქტები კი სხვაგვარად მეტყველებენ. თეირანში მცხოვრები გოგონას ცხოვრების წესი მცირეოდენით თუ განსხვავდება ლონდონში მცხოვრები თანატოლის ცხოვრების წესისაგან. განსხვავება ისევ და ისევ სამოსში და ტრადიციებშია, რაც დამეთანხმებით და, ყველა ქვეყანას სხვადასხვაგვარი აქვს.
ისლამი ქალებს არ ატყვევებს, ყოველშემთხვევაში შიიტურ ირანში ეს ასეა. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, 40 გრადუს სიცხეში, თავსაბურავში გახველ ქალბატონს, დატყვევებულად თუ არ ჩავთვლით.
“ქალები ბევრს, ძალიან ბევრს მუშაობენ, მაგრამ ხშირად მათ ვერ ამჩნევენ. არადა, ტიპური ირანელი ქალი ძალიან აქტიურია. უნივერსიტეტებში ბიჭებზე გაცილებით მეტი გოგონები არიან. ისინი კარგად სწავლობენ, მაგრამ მაინც უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება” – ამბობს ირანელი ქალი რეჟისორი მანიჯე ჰეკმატი.
ქართველი ჟურნალსიტისა ეკა ნონიაშვილისა არ იყოს, ირანში მოგზაურობისას მეც იგივე შთაბეჭდილება შემექმნა ქალების მიმართ, რაც მას საკუთარი სქესის წარმომადგენლების მიმართ.
“ირანელი სტუდენტობის 65 პროცენტს გოგონები შეადგენენ, ქალთა სიმცირე არც დასაქმებულთა შორის იგრძნობა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს მიერ გამოძახებული 5 ტაქსის მძღოლიდან სამი ქალი იყო, თანაც მომხიბვლელი, მაკიაჟით და შეძლებისდაგვარად გაპრანჭულიც.” – წერს ეკა ნონიაშვილი საკუთარ ჩანაწერებში.
თუმცა, ბუნებრივია ირანი ქალთა უფლებების დაცვის დონით კვლავ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე რჩება. მაგალითისთვის ზნეობრივი პოლიციაც კმარა, რომელიც შედარებით უფრო მუსლიმურ და პატარა ქალაქებში მკაცრად აკონტროლებს ქალთა ჩაცმულობისა და ქუჩაში ქცევის წესებს, დიდ ქალაქებში კი, ხშირად, უფრო მეტ თავისუფლებას იგრძნობთ. მაგალითად, თეირანში სეირნობისას შეიძლება თვალი მოკრად, წამიერად, აკრძალული ხილის სიტკბოების შესაგრძნობლად ჩაკონებულ ქალისა და მამაკაცის ტუჩებს.
ოჯახში ლიდერის პოზიცია თითქმის ყოველთვის ქალს უკავია და ბიუჯეტსაც თავად წარმართავს. საბის მოსაზრებით, ოჯახის საქმეების მართვა ქალის საქმე უფროა, ვიდრე მამაკაცის. თუმცა, იგი ყველა შემთხვევაში გენდერული ბალანსის დაცვის მომხრეა.
ირანელი ქალი, როგორც წესი, კარგად ჩაცმული და თავმოვლილი ქალია. ერთადერთი ნაწილი რომელიც ქუჩაში სეირნობისას სრულად უჩანთ სახეა, ამიტომ სხეულის ამ მონაკვეთს ყველაზე მეტად უვლიან. ირანელი ქალის სახეზე პლასტიკური ოპერაციის კვალი ადვილი ამოსაცნობია. თავად ჩვენს გმირსაც ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული, რაც ბოლო პერიოდის ირანში, ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის მოდურად იქცა. ხშირად, მაღაზიის ვიტრინებში, მანეკენებზეც კი შეამჩნევთ დოლბანდით შეხვეულ ცხვირს, რაც მოდას აყოლილი ირანელებისთვის წახალისების საშუალება გახდა.
ცნობილია რომ, ირანელი ქალები ევროპელების და ხშირად ქართველის გასაგონად ამბობენ – დასავლელი ქალი ქუჩაში იპრანჭება და შინ, საყვარელ მამაკაცთან აჯაჯული დადისო, რაც მათ შემთხვევაში პირიქითაა. ირანელ ქალბატონებს სახლში და კერძო წვეულებებზე ხელოვნებად აქვთ ქცეული, სხეულის ლამაზი ნაწილის გამოჩენა, რაც ალბათ, დასავლური სტერეოტიპების სრული ანტიპოდია.
“მე რაც ვნახე, საკმაოდ თავისუფლები, ემანსიპირებულნი არიან და ჩადრის ტარების სანაცვლოდ ბევრ რამეს იღებენ. თბილისში არ მინახავს იმდენი მძღოლი ქალი, რამდენიც თეირანში, მუშაობენ საკამოდ პრესტიჟულ ფირმებში და სავარუდოდ კარგი შემოსავალიც აქვთ. რა თქმა უნდა, იქაც არის განსხვავება, ასეთი ქალების გვერდით თავიდან-ფეხებამდე ბურკაში გახვეულ ქალებსაც ნახავ, მაგალითად ჩვენი საერთო საცხობრებლის ზედამხედველები ასე ჩაცმულები დადიდონენ, მაგრამ საკმაოდ თავისუფლად აზროვნებდა ზოგიერთი მათგანი, ზოგიერთი კი სამწუხაროდ ბნელი შეზღუდვების ბრმა მორჩილი იყო”, – ამბობს ირანისტი სტუდენტი ანიკა ლაზვიაშვილი.
ასე რომ, საბი თანამედროვე ირანელი ქალია, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად ვითარდება ისე, როგორც ვითარდებიან მისი თანატოლი ქალბატონები განვითარებულ ქვეყნებში.
გიორგი ურუშაძე
წყარო