სამხრეთ კორეული ფილმი „სულების დაბრუნება“ ახალგაზრდა კორეელ ქალებს ეძღვნება, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სექსმონებად აქციეს. ფილმის რეჟისორი ჩო ჯუნ რე სურათზე 14 წლის განმავლობაში მუშაობდა. მან დიდი დრო მოხუცთა თავშესაფარში გაატარა, სადაც ყოფილ სექსმონებს ესაუბრა. ეს ქალები ახლა უკვე დაახლოებით 90 წლის არიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი ფილმის პრემიერაზეც მივიდა.
„ეს ბებიები მეუბნებოდნენ, რომ თუ ფილმის გადაღება გადავწყვიტე, ეს კარგად უნდა გავაკეთო, რომ მათი ისტორია მოვყვე. ეს ჩემთვის ფილმის შექმნის ყველაზე ძლიერი მოტივაცია იყო, ყველა დანარჩენ მოტივაციაზე უფრო ძლიერი“, – განაცხადა რეჟისორმა.
ცნობილია, რომ სახსრები ფილმის გადასაღებად კრაუდფანდინგის გზით შეგროვდა. თანხა 75 000-ზე მეტმა ადამიანმა გადარიცხა და მათი უმრავლესობა ფილმის ნახვის შემდეგ შოკირებული იყო.
„არც კი ვიცით, რა ვთქვათ. სიტყვები გულს ავსებენ. იმედი გვაქვს, იაპონია გულწრფელ ბოდიშს მოიხდის“, – ამბობდნენ მაყურებლები.
სამხრეთ კორეელი აქტივისტები მიიჩნევენ, რომ იაპონურ ბორდელებში 200 000-ზე მეტ კორეელ ქალს უწევდა მუშაობა, თუმცა მათ შორის მხოლოდ მცირე ნაწილმა ისაუბრა ამის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ფილმი გამოვიდა იმის შემდეგ, რაც იაპონიამ და სამხრეთ კორეამ „ქალების გართობისთვის“ პრობლემის მოსაგვარებლად შეთანხმება გააფორმეს. იაპონიამ დაზარალებული ქალების სასარგებლოდ 8 მილიონ დოლარზე მეტის გადახდის პირობა დადო.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
სხვა სიახლეები