სტრესი და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე – რა უნდა ვიცოდეთ

სტრესი დღეს ბევრისთვის ყოველდღიური გამოცდილებაა, საქართველოში კი ეს განსაკუთრებით იგრძნობა.
ამის მიზეზია ცხოვრების სწრაფი ტემპი, ეკონომიკური წნეხი, პოლიტიკური ფონი, ოჯახური და სამუშაო პასუხისმგებლობები ერთიანდება და ქმნის გარემოს, სადაც მუდმივი დაძაბულობა თითქოს ჩვეულებრივ ფაქტად არის ქცეული. ხშირად გვგონია, რომ სტრესი ნორმალურია და მას გავლენა არა აქვს ყოველდღიურობაზე, მაგრამ რეალურად, სტრესი იმაზე ღრმად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე წარმოგვიდგენია.
სტრესი ბიოლოგიურად მარტივად მუშაობს: როდესაც ორგანიზმი საფრთხეს ან გადატვირთვას გრძნობს, გამოიყოფა კორტიზოლი და ადრენალინი. ეს ჰორმონები მოკლე დროში გვაძლევს ყურადღების გაძლიერებას, სწრაფი რეაგირებისა და ენერგიის მომატების შეგრძნებას. პრობლემა იწყება მაშინ, როცა ეს მდგომარეობა არ წყდება — როცა სამუშაო, ოჯახური სტრესი ან ყოველდღიური დაძაბულობა ორგანიზმს მუდმივ მზადყოფნაში ამყოფებს. შედეგად, ადამიანი გრძნობს დაღლილობას, გაღიზიანებას და მუდმივ გონებრივ გადატვირთვას.
სტრესის გავლენა ემოციურ და მენტალურ კეთილდღეობაზე
ფსიქიკური ჯანმრთელობა, ბუნებრივია, სტრესის პირველი სამიზნეა. ხშირია გაღიზიანება, შფოთვა, მოტივაციის დაქვეითება, ინტერესების დაკარგვა და ემოციური გადაღლის განცდა. ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია ტენდენცია, რომ ადამიანმა ასეთი მდგომარეობა უნდა „გაიტანოს“ ან უბრალოდ „მოითმინოს“, თითქოს სტრესზე საუბარი სისუსტის გამოხატულებაა.
სინამდვილეში, დამალული და დაუმუშავებელი სტრესი გაცილებით მძიმე შედეგებს იწვევს. გადატვირთული ნერვული სისტემა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ემოციურ მდგომარეობაზე, არამედ გადაწყვეტილებების მიღებაზე, ურთიერთობებზე, პროდუქტიულობასა და ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე.
ხშირად ადამიანი თვითონაც ვერ ამჩნევს, როგორ გადადის მოკლე სტრესიდან ქრონიკულ სტრესში. ეს ხდება ნელა, ყოველდღიური მცირე დაძაბულობების შედეგად, რომლებიც საბოლოოდ ემოციურად ფიტავს გონებას. შედეგი კი შეიძლება იყოს სრული ემოციური გამოფიტვა — მდგომარეობა, როცა ადამიანი თითქოს ფუნქციონირებს, მაგრამ შინაგანად აღარ აქვს მოტივაცია, ენერგია და ძალა.
სტრესის ფიზიკური გამოვლინებები
ქრონიკული სტრესი ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება. მაღალი წნევა, გულისცემის აჩქარება, მუცლის არეში დაძაბულობა და კუნთების ტკივილიც კი ხშირია სტრესული მდგომარეობისას. ბევრი ამ სიმპტომები სხვა მიზეზებს უკავშირებს, როგორიცაა ამინდი, კვება, გადაღლა, თუმცა რეალური მიზეზი ხშირად სწორედ სტრესია. კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც საკმაოდ გავრცელებულია, ხშირ შემთხვევაში მატულობს მჟავიანობა, ჩნდება სიმძიმე, უსიამოვნო შეგრძნება და მადის ცვლილებები.
კანი ასევე ძალიან მგრძნობიარეა სტრესის მიმართ. ბევრმა შეიძლება შენიშნოს, რომ სტრესულ პერიოდში უფრო მარტივად უჩნდება გამონაყარი, გაღიზიანება ან ალერგიული რეაქციები. ამის მიზეზი იმუნური სისტემის დაქვეითებაა, როდესაც ორგანიზმი მუდმივ დაძაბულობაშია, ადამიანი მარტივად ხდება გარე ფაქტორების მგრძნობიარე. სწორედ ამიტომ, სტრესი არა მხოლოდ ემოციას, არამედ სხეულს მთლიანად ცვლის.
ძილის ხარისხის გაუარესება სტრესის ერთ-ერთი პირველი გამოვლინებაა. ბევრს აქვს გამოცდილება, როდესაც დღის დაღლილობა თითქოს უნდა დაეხმაროს დაძინებაში, მაგრამ პირიქით, ტვინი ვერ ჩერდება, ფიქრები სწრაფად მოდის და ჩაძინების პროცესი იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე საჭიროა. მეორე დღეს ადამიანი თავს უფრო დაღლილად, სუსტად და ნაკლებად კონცენტრირებულად გრძნობს. ასე იქმნება ციკლი, სადაც სტრესი ძილს აზიანებს, ცუდი ძილი კი სტრესს აძლიერებს.
სტრესის მართვა
სტრესის მართვა მხოლოდ ძალისხმევასა და ნებისყოფაზე დაყრდნობას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ჩვევებში მცირე, მაგრამ რეალური ცვლილებები: რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე გასვლა, დღის დატვირთვის უკეთ დაგეგმვა, დაბალანსებული კვება, ეკრანებთან გატარებული დროის შემცირება და მცირე შესვენებების გაკეთება დღის განმავლობაში. დიდ როლს ასრულებს სოციალური მხარდაჭერაც, ოჯახთან, ნათესავებთან და მეგობრებთან გულწრფელი საუბრები ხშირად ბევრად მეტს წყვეტს, ვიდრე გვგონია.
სტრესისადმი დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. ხალხი ხვდება, რომ ეს არ არის სისუსტე ან სირცხვილი, არამედ, ეს არის სხეულის ბუნებრივი რეაქცია, რომელიც გვაჩვენებს, რომ დახმარება ან ცვლილება გვჭირდება. ამ სიგნალის იგნორირება კი ყველაზე საშიში გზაა. დროული რეაგირება მნიშვნელოვნად ამცირებს გრძელვადიან რისკებს, იქნება ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფსიქიკური პრობლემები თუ ქრონიკული დაღლილობა.
სტრესი ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას უნდა მივცეთ უფლება, ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებები, ემოციები და ჯანმრთელობა განსაზღვროს. რაც უფრო გულწრფელად დავაკვირდებით საკუთარ მდგომარეობას და რაც უფრო რეალურად ვუპასუხებთ მის გამოწვევებს, მით უფრო ჯანმრთელი და დაბალანსებული ცხოვრება შეგვიძლია შევინარჩუნოთ.

წყარო: https://mkurnali.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები