არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ და ალბათ არც უნდათ ბავშვობის ასაკიდან გამოსვლა. ამიტომ ისინი სამუდამოდ ბავშვად რჩებიან – არა მხოლოდ მოგონებებში, არამედ სულშიც.
ასეთები სამყაროში ერთეულები არიან. მსოფლიო კინემატოგრაფიას საოცრად გაუმართლა, რომ სტივენ სპილბერგი ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა.
სტივენ ალან სპილბერგი სამგზის „ოსკარით“ დაჯილდოებული ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერია. ყველა დროის ყველაზე ფინანსურად წარმატებული კინოპროდიუსერი დიდი გავლენით სარგებლობს ჰოლივუდში. შექმნა კინოგაქირავების მრავალი ჰიტი. 2006 წლისთვის პრესაში მას მოიხსენიებდნენ, როგორც ყველაზე გავლენიან ფიგურად კინოინდუსტრიაში, ხოლო მე-20 საუკუნის ბოლოს ჟურნალმა „ლაიფმა“ იგი თაობის ყველაზე გავლენიან პიროვნებად დაასახელა.
სანამ დიდი დრამატურგი გახდებოდა, სპილბერგი „უნივერსალ სტუდიოში“ კვირაში შვიდი დღე ანაზღაურების გარეშე სტაჟიორად მუშაობდა. სწორედ იქ გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის ხილვის შემდეგაც „უნივერსალის“ სატელევიზიო ფრთის ვიცე-პრეზიდენტმა 22 წლის სტივენსს გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა. ასე შეიქმნა მისი პირველი სრულმეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმი ”დუელი” – პარანოიდული ფსიქოლოგიური ტრილერი, რომლის ხილვის შემდეგაც ალბათ ყველა ამერიკელ მძღოლს უკანა სარკეში დანახული სატვირთო მანქანა ენურეზის სიმპტომებს უჩენდა.
მის შემოქმედებაში ყველაზე ჰეროიკულ პერსონაჟებს შეხვდებით, საუკეთესო მეგობრებს შეიძენთ, ისწავლით დადებით ქმედებებს, გაიღვივებთ ფანტაზიას და შეინარჩუნებთ ჯადოსნური ისტორიებისადმი რწმენას.
ჰო, მართლა, სპილბერგს პანიკურად ეშინია ლოს-ანჯელესში მიწისძვრის. ამიტომ თავის ოფისთან, ყოველი შემთხვევისთვის, უყენია მოტოციკლი, რომელიც ქალაქიდან მას მშვიდობიანად გაიყვანს.