სოციალური ქსელი, რომელიც მოგზაურობისას უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაგეხმარებათ

მოგზაურობა ყველა ჩვენგანს უყვარს. ეს ხომ განტვირთვისა და ახალი თავგადასავლების მაძიებლებისათვის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, ცოტა თქვენგანმა თუ იცის, რომ საცხოვრებელი ფართის პოვნა სრულიად უფასოდაც შეგიძლიათ.

ერთი შეხედვით, ეს უჩვეულოდ ჟღერს, თუმცა არსებობს სოციალური ქსელი, რომელიც აღნიშნულ საკითხს მოგიგვარებთ.

Couchsurfing.com – ეს არის სოციალური ქსელი, რომელიც შემდეგი ფუნქციებითაა დატვირთული:

საძიებო სისტემაში ეძებთ სასურველ ქვეყანას/ქალაქს და იწყებთ ე.წ. ჰოსტის ძიებას. ჰოსტი ეს არის მასპინძელი, რომელსაც თქვენი სახლში დატოვება შეუძლია.

​ყველა მასპინძელს საკუთარი მოთხოვნები აქვს. მაგალითად, ზოგი მათგანი ითხოვს არამწეველ სტუმარს ან ცხოველების მოყვარულს ტურისტს, რადგან სახლში ძაღლი ან კატა ჰყავს.

​თუმცა, თავის დაზღვევა არც თქვენ გაწყენდათ – სერიულ მანიაკთან მოხვედრა არცერთ თქვენგანს არ ენდომება. ამიტომ აღნიშნულ სოციალურ ქსელში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასპინძლის აქტივობებს.

​რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ჰოსტის შერჩევისას?

​აუცილებელია ნახოთ შეფასებები და დააკვირდეთ როგორ აფასებს ის ტურისტი მასპინძელს, რომელიც მასთან უკვე დარჩენილა. მნიშვნელოვანია, რომ ჰოსტს არ შეუძლია შეფასების წაშლა და ის ყველა მომხმარებელთან ჩანს.

​ამას გარდა საიტზე მოქმედებს რეიტინგის სისტემა, რომელიც 100 პროცენტიანია. რაც უფრო მეტი პროცენტი აქვს მომხმარებელს, მით უფრო კარგი მასპინძელია ის.

​გარდა ამისა, არსებობენ ვერიფიცირებული მომხმარებლები, რაც მათ სანდოობას ზრდის.

​შეფასებების სისტემასთან ერთად, მასპინძელის პროფილზე ნახულობთ მის პირად ბიოგრაფიას, აღწერილობას საცხოვრებელ ფართზე, მისამართს, ფოტოებს და სხვა საინტერესო დეტალებს.

ყველაფერთან ერთად, თქვენც ისეთივე მომხმარებელი ხართ, როგორც თქვენი მასპინძელი სოციალურ ქსელში. ამიტომ მეტი ნდობისათვის საჭიროა თქვენი პროფილიც სათანადოდ კარგი იყოს. თქვენი შანსები უფრო იზრდება, თუ თქვენს ქვეყანაში ასრულებთ მასპინძლის ფუნქციას, გაქვთ კარგი შეფასებები მომხმარებლებისგან და სათანადო რეიტინგი.

​საიტზე დარეგისტრირების შემდეგ რეკომენდირებულია თქვენი პროფილი ბოლომდე შეავსოთ. დაწეროთ თქვენს თავზე, ატვირთოთ ფოტოები. ეს ყველაფერი თქვენს პროფილზე პოზიტიურად აისახება.

სოციალურ ქსელში, გარდა მასპინძლებისა, შეგიძლიათ იპოვოთ ივენთები, უბრალოდ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ და გაიგოთ მეტი მოგზაურობაზე.

წყარო:http://1tv.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები